ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ცნობის უცხოური სპორტის გვერდში ჩადება უფრო გამართლებული იქნებოდაო, იტყვის მავანი. არა, ბატონო, ასეთ სერიოზულ მატჩს ქართველი არბიტრი ჰყავდა - მაკა კუპატაძე, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომისრისგან დადებითი შეფასება მიიღო.
პირდაპირ უნდა ვთქვათ
ქართველ არბიტრს სწორედ პრაღაში გამგზავრების წინ გავესაუბრეთ. ჯერ ევროპის სუპერთასზე ვკითხეთ.
- ამა თუ იმ მატჩზე მსაჯების დანიშვნის შესახებ ჩვენი საიტიდან ვიგებთ. ერთ დღესაც ამ ვებგვერდზე შევედი და ევროპის სუპერთასზე დანარჩენ ორ არბიტრთან ერთად ჩემი გვარიც ამოვიკითხე. ეს ჩემთვის სასისმოვნო სიურპრიზი იყო. ნამდვილად არ მოველოდი.
- შეხვედრა როგორ ჩაატარე?
- საინტერესო თამაში იყო. კმაყოფილი დავრჩი. ნამატჩევს კომისარმაც დადებითი შეფასება მომცა.
- როგორ ფიქრობ, რით დაიმსახურე ფიბა-ევროპისგან ასეთი ნდობა?
- ძნელი სათქმელია. აქამდე არაერთი მატჩი განმისჯია და ალბათ, ჩემი ხელმძღვანელები მაკვირდებოდნენ. ვფიქრობ, მეტი ყურადღება მას მერე მომაქციეს, რაც ქალთა 16-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ფინალი ვიმსაჯე.
- გასულ სეზონშიც არაერთ საერთაშორისო მატჩ მოემსახურე...
- ასეა, მაგრამ წლეულს უფრო დავიტვირთები. ჩეხეთიდან დაბრუნების შემდეგ თურქეთში გასამგზავრებლად უნდა მოვემზადო, 3 ნოემბერს "ფენერბაჰჩე" ხორვატიის "გოსპიჩს" უმასპინძლებს. შემდეგ სად გამგზავნიან, ჯერ არ ვიცი, მალე შემატყობინებენ.
- საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატში კარგ გამოცდილებას იღებ. საინტერესოა, ქალი არბიტრები კაცების შეხვედრებს უცხოეთშიც თუ მსაჯობენ?
- ვაჟთა ევროლიგის მატჩებს ორი ქალი სჯის. ერთი ესპანელია, მეორე - სერბი. შესაბამისად, ისინი ესპანეთისა და სერბეთის ვაჟთა პირველობების შეხვედრებსაც ემსახურებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"