"კალათბურთელთა კავშირი": ჩვენი ამოცანა ქართული კალათბურთის ღრმა კრიზისიდან გამოყვანაა!

AutoSharing Option
სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართა ახალი ორგანიზაციის პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანი კალათბურთელები, ჩემპიონთა თასის მფლობელი გურამ მინაშვილი, ზურაბ გრძელიძე, მიხეილ ახვლედიანი, ლევან გეგეშიძე და დავით თორთლაძე.

სწორედ ეს ხუთი ადამიანია "კალათბურთელთა კავშირის" დამფუძნებელი.

მის მიზნებზე მიხეილ ახვლედიანმა ილაპარაკა:

- ჩვენი მთავარი ამოცანა ქართული კალათბურთის ღრმა კრიზისიდან გამოყვანაა, რისთვისაც აუცილებელია ბავშვთა კალათბურთში შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღდგენა-რეაბილიტაცია; ეროვნული ჩემპიონატის მდგრადობის უზრუნველყოფა; ქალთა კალათბურთის რეანიმაცია; საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წესდების და საარჩევნო გარემოს ფიბა-ს რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა...

მან იქვე შეგვახსენა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის,
ბესიკ ლიპარტელიანის
ნათქვამი, რომლის მიხედვით, ფედერაციაში შექმნილია ჯგუფი, რომელიც წესდებაზე მუშაობს.

- თუ ეს ჯგუფი მართლაც არსებობს, ხვალვე (ე.ი. 9 აპრილს) გავგზავნით ჩვენს წარმომადგენლებს, მათ შორის, იურისტს, რათა წესდების ოპტიმიზაციის საკითხზე მუშაობაში ჩაერთოს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ "კალათბურთელთა კავშირი" ოქტომბერში დაგეგმილ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს, თუმცა სადღეისოდ კანდიდატი შერჩეული არ ჰყავთ.

ისიც აღინიშნა, რომ მთავარი აქცენტი ბალავარზე, ბავშვთა კალათბურთზე გაკეთდება. ამ საკითხს დავით თორთლაძე შეეხო:

- სადღეისოდ ბავშვთა კალათბურთი მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული, რომლებიც სწავლის გადასახადსაც იხდიან, შეჯიბრებებში მონაწილეობისასაც და ა.შ.

ეს, ცხადია, ხელს უშლის მასობრიობას. თუ შედეგების მიღწევა გვინდა, კალათბურთი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. გვაქვს რეალური პროექტი, არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ვეტერანი გურამ მინაშვილი, სხვა საკითხებთან ერთად, ნაკრების მწვრთნელსაც შეეხო. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსაზრება, რომ თუ უმაღლესი კლასის უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანის შესაძლებლობა არ გვაქვს, უმჯობესია, აქცენტი ქართველ მწვრთნელზე გაკეთდეს...

- ჩემთვის ასევე მიუღებელია ის ფაქტი, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ერთ ადამიანს რამდენჯერაც სურს, იმდენჯერ შეეძლოს კანდიდატურის წამოყენება. სწორედ ამის გამო დავტოვე გასული წლის ბოლოს გამართული კალათბურთის ფედერაციის ყრილობა.

მიხეილ ახვლედიანმა დასძინა:

- ფედერაციის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, პირველი ცვლილება, რაც წესდებაში შევა, პრეზიდენტის საპრეზიდენტო ვადას შეეხება: ერთ ადამიანს ორ ვადაზე მეტით არჩევის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

"კალათბურთელთა კავშირთან" აქტიურად თანამშრომლობს მოქმედი კალათბურთელი დავით საყვარელიძე, რომელსაც ნიუ იორკის კოლეჯი აქვს დამთავრებული და საქართველოში ჩამოსვლამდე კალათბურთსაც აშშ-ში თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული