ამ ინტერვიუში წაიკითხავთ ყველა თემაა, რასაც სტეფანია "ლელოს" დარბაზში შეეხო.
- აქტიურ კარიერას რომ ამთავრებს, სპორტსმენს ინტეგრაციისთვის 3-5 წელიწადი სჭირდება. შედარებით იოლადაა საქმე, როცა მოთამაშე სპორტში, თუნდაც მწვრთნელის სტატუსით რჩება.
თამაში მუხლის ტრავმის გამო 2004 წელს შევწყვიტე. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები მქონდა, თუმცა სადღეისოდ თავს კარგად ვგრძნობ. კარიერის დასრულების შემდეგ ნიუ იორკის ბიზნეს-სასწავლებელში ჩავირიცხე და დავამთავრე მაგისტრატურა სპორტის განხრით.
ახლა სამედიცინო მენეჯმენტს ვეუფლები.
- პარალელურად საკუთარი ბიზნესიც გაქვთ...
- ვაშინგტონში მაქვს სამედიცინო ცენტრი, ასევე პარტნიორებთან ერთად ამერიკაში შემაქვს ხილი და წვენები... ჩემი არეალია ამიერკავკასია, თურქეთი და საბერძნეთი. კარგი ბიზნესია, თუმცა რისკიანი.
- სპორტისა და ბიზნესის სპეციალობით ხომ არ მუშაობთ?
- სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციალისტი ვარ. ვმონაწილეობდი NHL-ის ლიგაში ფლორიდის გუნდის ყიდვა-გაყიდვის საქმეში. მაშინ ჰოკეის ლიგაში ლოკაუტი იყო გამოცხადებული და არაერთ გუნდს ჰქონდა პრობლემა. ამ საქმეზე მუშაობისას დიდი გამოცდილება მივიღე.
- შეხვდით სპორტის მინისტრს, რომელთანაც სპორტის განვითარების საკითხებზე იმსჯელეთ.
- საქართველო ის ქვეყანაა, სადაც სპორტის სწრაფად განვითარებაა შესაძლებელი. არ არის კრიმინალური სიტუაცია, საერთაშორისო კვლევების საფუძველზე, ბიზნესის წარმოების მხრივაც საინტერესოა.
არის კიდევ უამრავი ნიუანსი, თუმცა მთავარია მდგრადობა, რაც უმთავრესად ხალხზეა დამოკიდებული.
აი, რას ვგულისხმობ: მაგალითად, ისრაელშიც შეიძლება შეიტანო შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქცია, მაგრამ იქ მყიდველი ოდნავ მეტს გადაიხდის და უკეთესი ხარისხისას შეიძენს.
ამერიკაში ასეთი გამოთქმაა: "იაფია? - რა სჭირს?!" საქართველოშიც უნდა შეიქმნას მაღალი ხარისხის სპორტული პროდუქცია, რომელიც ეკონომიკურად პოზიტიურ შედეგს მოიტანს. მხოლოდ მოედანზე კი არა, მის მიღმაც დიდი მოცულობის სამუშაოა შესასრულებელი.
- ძლიერი საკალათბურთო კლუბის შექმნას გულისხმობთ?
- ჯერ შეიძლება კალათბურთით დაიწყოს, შემდეგ ეს მოდელი სპორტის სხვა სახეობებშიც გადავიდეს. რატომაა ტელესივრცეში "პოსტსკრიპტუმი" წარმატებული პროექტი? იმიტომ, რომ იგი საუკეთესო დროს გადის ეთერში და უფრო მნიშვნელოვანი: ყოველკვირეულია.
თვეში ერთხელ რომ გადიოდეს, ბევრი მაყურებელი აღარ ეყოლება. ასევე უნდა იყოს სპორტში.
კარგი პროდუქტი, ანუ გუნდი უნდა ყოველ კვირას თამაშობდეს მაღალი დონის შეჯიბრებაში და თითოეული მატჩის დაწყებას მაყურებელი მოუთმენლად უნდა ელოდოს.
- რამდენად რეალურია, თუნდაც მაღალი დონის გუნდების სტუმრობის შემთხვევაში სპორტის სასახლის ბოლომდე გავსება?
- მსგავსი მაგალითი არაერთია. თუნდაც სლოვენია ავიღოთ. მის დედაქალაქ ლიუბლიანასა და მის შემოგარენში 600 ათასი მცხოვრებია. ისინი, როცა "ოლიმპია" ევროლიგაზე გამოდიოდა, დარბაზს ავსებდნენ. თან, ბილეთი არცთუ იაფი ღირდა. თბილისში 2 მილიონზე მეტი მცხოვრებია, რომელთაგან 12-15 ათასი ადამიანი მაინც მოიძებნება, რომლებიც ძვირადღირებულ ბილეთს შეიძენს.
თუმცა, როგორც აღვნიშნე, მათ ფასი უნდა მივცეთ, გუნდი მიმზიდველი უნდა იყოს.
- საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. სლოვენიაში ბინა გაქვთ, ევრობასკეტზე საქომაგოდ ჩასვლას ხომ არ აპირებთ?
- ჯერ არ დამიგეგმავს. ნამდვილად საინტერესო იქნება სლოვენიაში ჩვენი გუნდის თამაშის ხილვა.
ზაზა ფაჩულია, ალბათ არ ითამაშებს, მაგრამ მაინც ძლიერი გუნდი იქნება. გვყავს ნიჭიერი მოთამაშეები... შენგელიამ ბოლო დროს საგრძნობლად მოუმატა. იგი დიდ კალათბურთს ითამაშებს, თუმცა ერთი-ორი წელი მაინც სჭირდება გამოცდილების მისაღებად და NBA-ში საკუთარი პლუსების მოედანზე გადასატანად.
ნაკრებს დავუბრუნდეთ. 90-იანი წლების შემდეგ ერთგვარი გარდატეხა მოხდა და გუნდი დიდი ხანია ერთი შემადგენლობით თამაშობს.
სწორი გზით მიდის და ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლა შეუძლია. ერთს დავამატებ - ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელი უნდა მოდიოდეს. თუმცა საამისოდ საფუძველია შესაქმნელი, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე.
- კერძოდ?
- ნიჭიერი ახალგაზრდა საქართველოშივე უნდა გაიზარდოს. საამისოდ ძლიერი კლუბია საჭირო, რომლის შემადგენლობაში იგი მაღალი დონის მეტოქეებთან თამაშში მიიღებს გამოცდილებას.
პოსტიუგოსლავიურ ქვეყნებში, სადაც მინიმუმ ერთი უმაღლესი დონის გუნდია, სწორედ ევროსარბიელზე იწრთობიან ახალგაზრდები და ამიტომაც ჰყავთ სანაკრებოდ გამოსადეგი 20-30 კალათბურთელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"