მან საზოგადოებას ერთი დოკუმენტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ორი კალათბურთის ფედერაციაა დარეგისტრირებული.
ამის მოსმენის შემდეგ დავუკავშირდით მერაბ რატიშვილს და ინტერვიუ ჩავწერეთ. საუბარი, ცხადია, ზემოთ ნახსენები დოკუმენტით დავიწყეთ.
- ბოლო 10 თვის განმავლობაში კალათბურთელთა კავშირის მხრიდან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. ეს კი ზეწოლის ნაირსახეობაა, მაგრამ უეცრად გაჩნდა დოკუმენტი (რომელიც საჯარო რეესტრშია დარეგისტრირებული), რომელიც გვეუბნება: 2013 წლის 7 ივნისს დაფუძნდა ორგანიზაცია, სახელწოდებით "საქართველოს კალათბურთის ფედერაცია". მისი დამფუძნებლები არიან "კალათბურთელთა
ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია, ფუნქციონირებს "საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია", რომლის გენერალური მდივანი მე გახლავართ და რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ფიბასა და ფიბა-ევროპის წევრია.
ამის პარალელურად კი, იქმნება ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებიდანაც ამოღებულია მხოლოდ სიტყვა "ეროვნული".
- როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა ალტერნატიული ფედერაცია?
- ამ კითხვას მის დამფუძნებლებს დავუსვამ. ნუთუ, ეს არ არის კალათბურთის სამყაროს ორად გახლეჩის მცდელობა? სეპარატიზმს შეუძლია, წამში დაღუპოს ქართული კალათბურთი.
იქნებ იმზადებენ საფუძველს ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში პარალელური ორგანიზაციის ამოქმედებისთვის? ამ საკითხზე დღეს მეტს ვერაფერს ვიტყვი.
- ფედერაციის გამგეობის წევრებთან შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ სუპერლიგის კლუბების წარმომადგენლები. ისინი ითხოვენ, გამგეობამ პატივი სცეს 10 აგვისტოს ჩატარებული ყრილობის დელეგატებს და ლეგიტიმურად სცნოს ყრილობა, რადგან დელეგატებზე ზეწოლის ფაქტები არ დადასტურდა.
- არ დადასტურდა? ჯერ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს მოკვლევა არ დაუსრულებია. დაველოდოთ მის დასკვნას. ან როგორ გავიგოთ, "პატივი ვცეთ" ყრილობის გადაწყვეტილებას? ის ხომ არ დაწყებულა და შესაბამისად, არც ჩატარებულა?!
- სამწუხაროა, მაშინ, როცა პრეზიდენტობის კანდიდატები პროგრამებზე უნდა ლაპარაკობდნენ, მიმდინარეობს დიდი დავა ხმების გადანაწილებაზე. "კალათბურთელთა კავშირი" ეწინააღმდეგება წესდებას, რომლის მიხედვითაც, 2013 წელს შექმნილ ორგანიზაციებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ერთი შეხედვით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ორგანიზაციები საარჩევნოდ ხმის უფლების გამო შეიქმნა.
- წესდების მიხედვით, უნდა განისაზღვროს კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მიენიჭება ხმის უფლება ამა თუ იმ ორგანიზაციას.
წინა არჩევნების შემთხვევაში სხვაგვარად ხდებოდა, რადგან პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო. ხმის უფლება მიენიჭა მათ, რომლებმაც გამოთქვეს ფედერაციის წევრობის სურვილი. ეს ნაბიჯი იმიტომაც გადაიდგა, რომ მეტი ადამიანი ყოფილიყო საკალათბურთო საქმიანობაში ჩართული. მაშინ ხმის უფლება არ ჰქონდათ მსაჯებს.
მას მერე დააარსეს ორგანიზაცია მსაჯთა კავშირი და, როგორ ფიქრობთ, არ იმსახურებენ ხმას? ავიღოთ თუნდაც კახეთის ფედერაცია, რომელიც დაფუძნდა თუ არა, საინტერესო ტურნირი ჩაატარა; ასევე აქტიურად მოღვაწეობენ ახლად დაფუძნებული ორგანიზაციები - "თბილისის კალათბურთის ფედერაცია", "თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი"...
- 4 ნოემბრის შეხვედრაზე განაცხადეთ, რომ 31 ოქტომბერს შეხვდით ფიბა-ს ხელმძღვანელობას. მათ მიერ შედგენილ "ეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოში" წერია, რომ უნდა ისარგებლოთ ამ სახელმძღვანელოთი უშუალოდ ქვეყანაში არსებულ გარემოზე მისადაგებით. იგულისხმება ქართულ კანონმდებლობაზე მისადაგება?
- იგულისხმება შესაბამისობაში მოყვანა კანონმდებლობასთან, ფინანსურ, პოლიტიკურ გარემოსთან, ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. კარგად მოგვეხსენება, აშშ-სა და ბანგლადეშში ერთნაირი წესდება ვერ იქნება. საქართველოში მეტად ცვალებადი საკალათბურთო გარემოა. ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ - წინა ყრილობის შემდეგ სამი საკალათბურთო კლუბი დაიშალა, ბავშვთა სკოლებშიც არ არის მკაფიო ვითარება.
ამის ფონზე გამოჩნდა ხალხი, რომლებმაც კალათბურთში ჩართვა მოისურვეს, დააარსეს რეგიონული ორგანიზაციები. ისინი კალათბურთის ფედერაციის წევრები არიან.
- ფიბა-ს სახელმძღვანელოში მხოლოდ რეკომენდაციებზეა ლაპარაკი თუ აუცილებლად შესასრულებელ მითითებებზეც?
- როგორც "კალათბურთელთა კავშირის" ხელმძღვანელი მიხეილ ახვლედიანი აცხადებს, ფიფასგან განსხვავებით, ფიბა, რადგან ფედერაციებს ფულს არ უხდის, თვალს ხუჭავს უკანონობაზე. თუ კანონს ვარღვევთ 12 წლის განმავლობაში, მაშ, როგორ ვარსებობთ? ჩვენი წესდება ფიბაში ხომ დევს?!
ფიბას გენერალურ მდივანს, პატრიკ ბაუმანსა და ზორან რადოვიჩს დეტალურად ვესაუბრეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, წესდებასა და კიდევ სხვა საკითხებზე. გენერალურმა მდივანმა გადაგვიშალა სახელმძღვანელო, რომელშიც წერია: "ეს დოკუმენტი გთავაზობთ მეგობრულ რჩევებს, რომლებიც თქვენ დამხმარე ინსტრუქციების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურ მუშაობაში."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"