ქართული პრობლემა პორტუგალიაში...

AutoSharing Option
ჩვენი ჯგუფის ბინადართაგან ყველაზე გვიან პორტუგალია შეიკრიბა. მწვრთნელმა მონჩო ლოპესმა პირველი ვარჯიში 4 ივლისს ჩაატარა. გუნდი ქალაქ რიო მარშია შეკრებილი და შესარჩევი ციკლის დაწყებამდე იქ დარჩება.

 

4 ივლისს პორტუგალიის ნაკრების თავკაცი ქართველთათვის კარგად ნაცნობი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა - შეკრებაზე არ გამოცხადდა ორი კალათბურთელი: ფრანსისკო ჟორდაო და ნუნუ კორტესი.

ამ ამბავმა მწვრთნელი იმდენად გააბრაზა, რომ პორტუგალიის კალათბურთის ფედერაციას ამ სპორტსმენების მოკვეთა მოითხოვა. თავის მხრივ, საკალათბურთო შეფობამ გამოიკვლია ნუნუსა და ჯორდაოს ჩაუსვლელობის ამბავი, დაადგინა, რომ მათ არასაპატიო მიზეზები ჰქონდათ და ნაკრებიდან ორივეს მოკვეთის გადაწყვეტილება

მიიღო. ასე და ამგვარად, ფრანსისკო ჟორდაო წლეულს პორტუგალიის ეროვნულ გუნდში არ ითამაშებს. ნუნუ კორტესი კი ფედერაციის წინაშე თავის გამართლებას ცდილობს: ფედერაციის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც დაგვიანების მიზეზებია განმარტებული. მისი ნაკრებში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი ჯერ არ გარკვეულა.

- დაველაპარაკები ფედერაციის წარმომადგენლებს და მათთან ერთად გადავწყვეტ კორტესის საკითხს, - განაცხადა მონჩო ლოპესმა.
მოთამაშეთა დასჯა მწვრთნელმა, თამამად შეიძლება იმიტომაც ითხოვა, რომ ნუნუ და ფრანსისკო ნაკრების ლიდერები არ არიან. პირველმა 2009 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, ხოლო მეორეს საერთოდ არ უთამაშია.

მათ გარდა ნაკრებში ვერ ვარჯიშობენ კარლოს ანდრადე და ჟორჟე კოელიო. ანდრადემ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, ხოლო კოელიოს ფეხის თითი ჰქონდა მოტეხილი და რეაბილიტაციას გადის. ანდრადე განვლილ შესარჩევზე პორტუგალიელთა ლიდერი იყო - საშუალოდ 10.5 ქულას და 6.2 მოხსნას აგროვებდა. კოელიოს შედარებით მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა, თუმცა 10-დან 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. როდის შეუერთდებიან ისინი ნაკრებს, ჯერ უცნობია.

ახლა მონჩო ლოპესს მოვუსმინოთ:

- შეკრება კარგად დავიწყეთ. კალათბურთელებს დიდი ენთუზიაზმი ეტყობათ და ხვდებიან, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აწევთ. ვმუშაობთ როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი და იმედი მაქვს, რომ გუნდური ერთიანობა ოფიციალურ თამაშებზეც აისახება. წინ ოპტიმიზმით ვიხედები და მჯერა, რომ მეტოქეთა გაოცებას შევძლებთ.

ვიდრე პორტუგალიელებს ჩვენი ჯგუფის ბინადრები გაუოცებიათ, მოგახსენებთ, რომ ისინი შეკრებას თავიდან ბოლომდე რიო მარში გაივლიან. თუმცა სპარინგ-მატჩების ნაკლებობა არ შეაწუხებთ. 11 და 12 ივლისს ფინეთის ნაკრებთან ითამაშებენ, 18-19-ში - ისრაელთან, ხოლო 23-25 ივლისს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებენ, რომელშიც უნგრეთი, იორდანია და ანგოლა მიიღებენ მონაწილეობას.
მწვრთნელს შეკრებაზე 15 კალათბურთელი ჰყავდა გამოძახებული, მაგრამ 4 ივლისს მხოლოდ თორმეტმა ივარჯიშა (ორ უდისციპლინოსა და ორ ტრავმირებულზე უკვე მოგახსენეთ). 15-4=11... ამ მარტივი არითმეტიკის მიხედვით, შეკრება 11 მოთამაშეს უნდა დაეწყო, თუმცა სათვალავი არ აგვრევია: მეთორმეტე კალათბურთელ მარკო გონსალვეშს მწვრთნელმა შეკრების წინა დღეს დაურეკა.

ბოლოს პორტუგალიის ნაკრების თორმეტკაციან შემადგენლობას გაგაცნობთ.

უკანა ხაზი: მარიო ფერნანდესი (მადეირა), პედრო პონტუ (ბარეირენსე), მიგელ მინავა (ბენფიკა), მარკო გონსალვეში (ხიმნასია).

ფორვარდები: მიგელ გრაჩა (ბარეირენსე), ხაიმე სილვა (გიმარაეში), ჯოაო გომეში (ბრეოგანი, ესპანეთი), ჯოაო სანტოსი (ბენფიკა), ჰეშიმუ ევანსი (ბენფიკა).

ცენტრები: მიგელ მირანდა (ოვარენსე), დავიდ გომესი (პორტუ), ანდრე პინტუ (ოვარენსე).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული