თავდამსხმელად დაბადებული

AutoSharing Option
ნიკოლოზ დერიუგინი თბილისის "დინამოს" უკანასკნელი მოჰიკანი იყო სსრ კავშირის ნაკრებში. იგი საბჭოელთა ეროვნული გუნდის ღირსებას 1980-დან 1984 წლამდე იცავდა. დერიუგინის ყულაბაშია 1980 წლის ოლიმპიადის ბრინჯაო, 1981 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქრო და ასევე უმაღლესი სინჯის მედალი 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ისევე როგორც ოთარ ქორქიასა და ამირან სხიერელის შემთხვევაში, გაცილებით საინტერესოა საბჭოთა ნაკრების იმდროინდელი მწვრთნელის, ალექსანდრე გომელსკის წიგნის, "ცენტრების" გადაფურცვლა. მასში ცალკე თავი დერიუგინს ეძღვნება.

"არის ზოგიერთი კალათბურთელი, რომელთა მაღალი კლასი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ნაკრებში აყვანაზე მწვრთნელი ყოყმანობს, ერთგვარ რისკად ეჩვენება
და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, როცა ნიკოლოზ დერიუგინის სსრკ-ს ნაკრებში აყვანას ვაპირებდი. საბოლოოდ მაინც მივიწვიე, თუმცა დაგვიანებით.

კოლია ნაკრებში რომ მოხვდა, საბჭოთა კავშირის ჩეპიონატში არაერთი სეზონი ჰქონდა ეფექტურად ჩატარებული. სხვათა შორის, ცსკა-საც ცუდ დღეში აგდებდა, ერთხელ არმიელთა კალათში სულაც 57 ქულა მოათავსა, რაც სარეკორდო მაჩვენებელი იყო.

დერიუგინი თავდამსხმელად იყო დაბადებული, გამოკვეთილი ბომბარდირი "თავისი" 30 ქულის გარეშე მოედნიდან არ გადიოდა.

და მაინც, გავიმეორებ, საბჭოთა ნაკრებში მისთვის ადგილს ვერ ვპოულობდი. კოლიას "დინამოს" თითოეულ მატჩში შეუცვლელად 40 წუთი უნდა ეთამაშა, რადგან თბილისელთა საყრდენი, ბომბარდირი, მთავარი იმედი გახლდათ. დერიუგინისთვის აუცილებელი იყო ენერგია მატჩის ბოლომდე შემოენახა. ამიტომ, "დინამოს" მწვრთნელები მას დაცვაში მჭიდრო, კონტაქტური თამაშისგან ათავისუფლებდნენ, რათა, რაც შეიძლება ნაკლები ჯარიმა მიეღო. მწვრთნელები ამიტომაც უყვიროდნენ - კოლია, არ დაჯარიმდე, ნუ ჩქარობ, ყურადღებით იყავიო. იგი ყოველთვის ასეთი მანერით თამაშობდა.

სსრ კავშირის ნაკრებში კი არანაკლები კლასის ცენტრები გვყავდა - ჟიგილი, ტკაჩენკო, ბელოსტენი. ისინი კოლიაზე მაღლებიც იყვნენ და ფიზიკურად ძლიერებიც. ამიტომ, მეოთხე ცენტრის მიწვევა ფუფუნება იყო. ნამდვილად ვერ ამოვაგდებდი შემადგენლობიდან ზემოთ ჩამოთვლილი სამეულიდან ერთ-ერთს, ვერც სათადარიგოთა სკამს მივაჯაჭვებდი. არც დერიუგინის საქმე იყო სკამზე ჯდომა.

დინამოელ ცენტრს შეკრებებზე ხშირად ვიძახებდი, ამხანაგურ მატჩებშიც ვათამაშებდი, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა.

მხოლოდ სპორტული თვისებები როდი მაფერხებდა, ნაკრებში ანონიმურ გამოკითხვებს ვატარებდი. ასეთი ანკეტები საშუალებას მაძლევდა გამერკვია კალათბურთელებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ, ვისთან სურდათ თამაში და ვის შეიძლება დაყრდნობოდნენ რთულ სიტუაციაში. ყველა კანდიდატი თავის "სასტავს" ასახელებდა. უმეტეს შემთხვევაში კოლიას ძირითად შემადგენლობაში არავინ წერდა. ეს მაფიქრებდა, თუმცა ასეთ ანკეტებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი.

შეიძლება, კოლიას ამის წაკითხვა არ ესიამოვნოს, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევი. ძალიან მაინტერესებდა, რით იყო გამოწვეული ზოგიერთის ნეგატიური რეაქცია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დერიუგინის სათამაშო სტილი უნდა ყოფილიყო - გამოკვეთილი ლიდერი გახლდათ, ჩაგდებაც უყვარდა, "სოლოს შესრულებას" მიჩვეული იყო და კარგადაც გამოსდიოდა. ასეთი სტილის ახალგაზრდა ზოგიერთი გამოცდილი კალათბურთელისთვის მიუღებელია. კოლია ნაკრების წევრებს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატშიც აბრაზებდა. მის წინააღმდეგ თამაში არავის სიამოვნებდა, რადგან დერიუგინი განზრახ თუ უნებლიედ (ალბათ, განზრახ) მეტოქეების პროვოცირებას ახდენდა, შეტაკებისკენ უბიძგებდა, თვითონ კი უდანაშაულოდ გამოიყურებოდა, თითქოს ბოროტი ხალხი გზას არ აძლევდა. თბილისში ცხელი, მრავალრიცხოვანი პუბლიკა იყო და კოლიას "ფოკუსებზე" მხურვალედ რეაგირებდა. შედეგად არბიტრები დერიუგინის არტისტული ხრიკების მაგიის ქვეშ ექცეოდნენ, ტრიბუნების ზეწოლას ვერ უძლებდნენ და ფოლებს ურიგებდნენ დამნაშავესა თუ უდანაშაულოს. ცხადია, ეს სსრ კავშირის ნაკრებში დერიუგინის კონკურენტებს ძალიან აღიზიანებდა. ამიტომ, ბევრი მუშაობა მიწევდა, რათა ურთიერთობები დამელაგებინა. კოლიასა და მის პარტნიორებს ყოველთვის ვუმეორებდი, მოთმინება გამოეჩინათ და პირველ რიგში საერთო საქმე დაეყენებინათ. საბოლოოდ ასეც გამოდიოდა და დერიუგინმაც დიდი სამსახური გაუწია ნაკრებს.

იგი საბჭოთა გუნდში შედარებით ადრე რომ მიმეწვია, მეტს მიაღწევდა და უფრო გაიბრწყინებდა. რადგან 1979 წლის ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფალურად მოვიგეთ, გადავწყვიტე, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზეც ვეტერანებს დავყრდნობოდი - სერგეი ბელოვს, ედეშკოს, მილოსერდოვს, სალნიკოვს, ჟიგილს. გვეგონა, რომ ოლიმპიადაც იოლი გასეირნება გამოდგებოდა, რადგან აშშ არ ჩამოვიდა. თუმცა, ეს იყო თავდაჯერება, რაც არ უნდა დაგვეშვა. მხოლოდ ფინალზე ვფიქრობდით. ასეთმა სიმშვიდემ და ვეტერანებზე დაყრდნობამ ნახევარფინალში მარცხი განაპირობა. არადა, ვგრძნობდი, რომ არაერთი ახალგაზრდა კალათბურთელი სჯობდა ვეტერანებს, მაგრამ პოტენციური კანდიდატებიდან მხოლოდ დერიუგინი ავიყვანე, ისიც ბოლო მომენტში (ფესენკოს ნაცვლად). გუნდის ფორმირებისადმი ასეთი მიდგომა შეცდომა აღმოჩნდა. კოლიასთვის კი აკლიმატიზაცია იოლი არ იყო. მან ვერ მოასწრო ვეტერანებთან საერთო ენის გამონახვა (ბევრი ხვდებოდა, რომ მისთვის ბოლო ტურნირი იქნებოდა და ახალბედებს ეჭვიანად უყურებდა). ამის მიუხედავად, დერიუგინმა ოლიმპიადა დამაჯერებლად ჩაატარა, განსაკუთრებით ეფექტური ბრაზილიასთან მატჩში იყო. თამაშისას დებიუტანტს გამოცდილი კალათბურთელებიც მხარში ამოუდგნენ, პასებით "კვებავდნენ" და ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ქართველის ბომბარდირული თვისებები."

ალექსანდრე გომელსკი თავის წიგნში არაფერს ამბობს 1981 წლის ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა გადახედეთ სსრკ-ს მატჩების ანგარიშებს და თავადაც დარწმუნდებით, როგორი აღმაფრენით მოიგო ევრობასკეტი. დერიუგინის სანაკრებო რეკორდიც 1981 წელს დაფიქსირდა - თურქეთთან 25 ქულა ჩააგდო.

- თურქების წინააღმდეგ კარგად რომ ვითამაშე მახსოვს, თუმცა ქულათა ზუსტი რაოდენობა აღარ მახსოვდა. წინა წელს ოლიმპიადაზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ნაკრების წევრებმა ჩეხეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი მაქსიმალური მობილიზებით ჩავატარეთ და იმ დროისთვის ევროპის საუკეთესო გუნდები ერთმანეთის მიყოლებით დავამარცხეთ, - გვითხრა ნიკოლოზ დერიუგინმა.

"ლელოს" ამ წლის ბოლო ნომერი 31 დეკემბერს გამოვა. მომდევნო შაბათი 1 იანვარია. ამიტომ შაბათის რუბრიკას "ქართველები და ევრობასკეტი" ორი კვირის შემდეგ შემოგთავაზებთ. განვაგრძობთ ალექსანდრე გომელსკის მონათხრობს ნიკოლოზ დერიუგინზე.


ევრობასკეტი-1981
ჩეხეთი

I ეტაპი

A ჯგუფი
სსრკ-პოლონეთი 101:89
დერიუგინი: 6 ქულა, 1 ფოლი.

სსრკ-გფრ 86:54
დერიუგინი: 4ქ, 5ფ

სსრკ-იტალია 97:67
დერიუგინი: 4ქ, 1ფ

სსრკ-თურქეთი 97:79
დერიუგინი: 25ქ, 4ფ

სსრკ-იუგოსლავია 108:88
დერიუგინი: 9ქ, 3ფ


თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 5 5 0 489/377 10
2. იუგოსლავია 5 4 1 489/439 9
3. იტალია 5 3 2 418/407 8
4. პოლონეთი 5 2 3 429/429 7
5. გფრ 5 1 4 334/395 6
6. თურქეთი 5 0 5 346/458 5

II ეტაპი
სსრკ-ჩეხოსლოვაკია 110:84
დერიუგინი: 7ქ, 1ფ

სსრკ-ესპანეთი 110:101
დერიუგინი: 8ქ, 4ფ

სსრკ-ისრაელი 112:84
დერიუგინი: 8ქ, 5ფ

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 5 5 0 537/424 10
2. იუგოსლავია 5 4 1 479/441 9
3. ესპანეთი 5 3 2 421/441 8
4. ჩეხოსლოვაკია 5 2 3 425/445 7
5. იტალია 5 1 4 440/481 6
6. ისრაელი 5 0 5 435/505 5

ფინალი
სსრკ-იუგოსლავია 84:67
დერიუგინი: 0ქ, 0ფ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული