"ოლიმპის" ძირითადი გუნდი ვალმეირადან ერთი მოგებითა და 2 წაგებით დაბრუნდა

AutoSharing Option
სუპერლიგის კლუბი "ოლიმპი" ლატვიიდან დაბრუნდა, სადაც შუასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდა და ვარჯიშების პარალელურად, სამი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

ბალტიისპირეთში ასევე ემზადებოდნენ "ოლიმპის" 20-წლამდელები, რომელთაგან რამდენიმე, პარალელურად, პირველი გუნდის ღირსებას იცავს.

კლუბის ოფიციალურ პრესრელიზში ვკითხულობთ:

"ოლიმპის" ძირითადი გუნდი ვალმეირადან ერთი მოგებითა და 2 წაგებით დაბრუნდა:
ვალმეირა-ოლიმპი 80:74
ჟელგავა-ოლიმპი 103:88
ვია ვალმეირა-ოლიმპი 57:92

20-წლამდელებმა კი, პირიქით, 2 მატჩი მოიგეს და ერთხელ დამარცხდნენ.

"ოლიმპის" ძირითადი გუნდის რიგებში ცვლილებებია: გამოაკლდა სამი მოთამაშე - ირაკლი ალხანაიძე, ზვიად ანთაძე და ბექა ქარცივაძე, რომლებსაც იანვარში კონტრაქტის ვადა ამოეწურათ, კლუბმა
კი აღარ განაგრძო მათთან თანამშრომლობა. გუნდის რიგებს შეემატა ორი ახალი კალათბურთელი: გიორგი ცირეკიძე და სერბი ლეგიონერი, 226 სმ სიმაღლის - მარკო დუშკოვიჩი."

ღია ვარჯიშზე გავესაუბრეთ "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს:

- ვალმეირაში 3 იანვარს გავემგზავრეთ და 12-ში დავბრუნდით. ვცხოვრობდით სასტუმროში, რომელშიც უმაღლესლიგური კლუბის, "ვალმეირას" ლეგიონერები იმყოფებოდნენ. სასტუმროდან დაახლოებით 50 მეტრში შესანიშნავი კომპლექსი იყო, ორი დარბაზითა და ფიზმომზადების ოთახით.

მოკლედ, მოსამზადებლად ორივე გუნდს სათანადო პირობები ჰქონდა. აქტიურად ვმუშაობდით როგორც ბურთთან, ასევე ფიზმომზადებაზე.

"ოლიმპის" თავკაცი გუნდის მიერ ჩატარებული შეხვედრებით კმაყოფილია:

- დავმარცხდით ლატვიის უმაღლესი ლიგის ორ გუნდთან, თუმცა "ვალმეირასთან" პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა, მაგრამ გამარჯვებაც რეალური იყო. საბოლოოდ, 7 ქულის სხვაობით დავთმეთ. მთავარი კი ის არის, რომ ჩვენმა ახალგაზრდა კალათბურთელებმა დაინახეს - საკმაოდ ძლიერ გუნდთან მოგებაც შესაძლებელია, "ვალმეირა" ხომ ბალტიის ლიგაზე თავის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ჩვენმა ბიჭებმა ლატვიაში დიდი გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში ძალიან წაადგებათ.

ახალგაზრდა სერბი ცენტრის, მარკო დუშკოვიჩის ოლიმპიური დებიუტი ლატვიაში შედგა. საინტერესოა, რას ფიქრობს მასზე გია კაზანჯიანი:

- მარკო 1990 წელსაა დაბადებული და 226 სმ სიმაღლის ცენტრია. ამ პოზიციაზე ჩვენს გუნდს გაძლიერება სჭირდებოდა და ვიმედოვნებ, სერბი ლეგიონერი სათანადოდ წაგვადგება. ლატვიაში გამართულ პირველ მატჩში იგი ახალი ჩამოსული იყო, მეორეში კი კარგად გაისარჯა - 23 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული