ბასკურ-ქართული პარალელი - "სასკი ბასკონიის" გრანდიოზული კემპი საქართველოში

AutoSharing Option
"დინამოს" ბაზაზე დაიწყო საკალათბურთო კემპი, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ესპანური კლუბის, "ბასკონიის" ორგანიზებით იმართება. კემპში 160 ბავშვი მონაწილეობს. კომპანია "სასკი ბასკონია" ესპანეთის პრიმერადივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ "ლაბორალ კუჩასა" და ბავშვთა სკოლების მეპატრონეა.

საქართველოში მოვლინებული კლუბის წამყვანი მწვრთნელები 14-17 წლების ასაკის მოზარდებს სპეციალურ საწვრთნელ კემპს ჩაუტარებენ.

ესპანელი მწვრთნელებისა და მათივე ფსიქოლოგის მიერ შეირჩევა მინიმუმ 16 ბავშვი. ისინი მივლინებით ბასკეთში გაემგზავრებიან და წვრთნებს ესპანური კლუბის ბაზაზე გაივლიან. ბავშვებთან ერთად შეირჩევიან საქართველოში მომუშავე მწვრთნელებიც.

მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):
- "ბასკონიასთან" ერთად ჩვენი საერთო იდეა იყო საქართველოში კალათბურთის განვითარება, ცნობილი და გამოცდილი სპეციალისტების მოწვევა.

ბატონი ხესუსი არის "სასკო ბასკონიის" სპორტული მიმართულების გენერალური დირექტორი და ის გვეხმარება ბევრ რამეში, რეკომენდაციების შემუშავებაში, როგორი უნდა იყოს საკლუბო ჩემპიონატი, კლუბების სტრუქტურა, რომ მათ თავიანთი მუშაობით მიაღწიონ იმას, რომ კალათბურთი იყოს საინტერესო მაყურებლისთვის.

კარგია, რომ ნაკრების თამაშებზე ივსება დარბაზი, თუმცა ჩვენ გვჭირდება მაყურებელი ეროვნულ ჩემპიონატში.

ხესუს მანულე ვასკესი (კლუბ "სასკი ბასკონიის" და "ალავესის" გენერალური დირექტორი):
- მესამედ ვარ საქართველოში. კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად სამი მიზანი დავისახეთ: პირველი - ამ კემპის და ხშირი ურთიერთობის საშუალებით შევისწავლოთ კალათბურთის დღევანდელი დონე საქართველოში.

მეორე მიზანია სწორი მენეჯმენტის და სტრუქტურული ცვლილებების დაგეგმვა სპორტის ორგანიზაციაში.

მესამე - ჩვენი ხელშეწყობით ქართველი ტალანტების ევროლიგის წამყვან კლუბებში მოხვედრა. ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმისთვის, რომ ვასწავლოთ ქართველებს, როგორ იმუშაონ, არამედ იმისთვის, რომ გავუზიაროთ მათ გამოცდილება.

ბორხა კომანჯი ("სასკი ბასკონიის" ტექნიკური დირექტორი):
- 12 მწვრთნელი იმუშავებს 160 ბავშვთან, რაც მოგვცემს საქართველოში ბავშვთა კალათბურთის დონის დანახვის საშუალებას. ერთი კვირის შემდეგ 80 მოზარდი დარჩება, რომლებთანაც გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, შემდეგ კი შეირჩევიან ბავშვები, რომლებიც ესპანეთში უნდა წავიდნენ.

გიორგი ქართველიშვილი (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი):
- ჩვენი მიზანი იყო, შეგვეფასებინა საქართველოს კალათბურთში არსებული მდგომარეობა არა ჩვენი გადმოსახედიდან, არამედ წამყვანი ევროპული კლუბის სპეციალისტების მიერ ვითარების შესწავლის საფუძველზე.

16 ქართველ კალათბურთელს ექნება საშუალება, ესპანეთში, ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში აიმაღლოს პროფესიონალიზმი, მიიღოს დიდი გამოცდილება. მთავარი გათვლა ის არის, რომ 5 წლის შემდეგ ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმა ითამაშონ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე...

ეს ფუნდამენტური ცვლილებების საფუძველზე მოხდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული