TimeLine: ოდისევსს რომ დაენახა...

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სექტემბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის წინ 10 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, დაუპირისპირდება ბოსნიას, იტალიას, რუსეთს, საფრანგეთს...

დიახ, საფრანგეთსაც, ევროპის მოქმედ ჩემპიონს.

15 წლის წინათ ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. ამხანაგურებს ვინ ჩივის, საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ მატჩებზე წასასვლელი ფული არ ჰქონდა.

დღევანდელ "ტაიმლაინში" გაგახსენებთ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეპიზოდს საქართველოს ნაკრების ისტორიიდან. 2001 წელს ჩვენმა გუნდმა ზურაბ ტომარაძის ხელმძღვანელობით ბულგარეთსა და ბელარუსს შინ დამაჯერებლად სძლია, სტუმრად გასამართ შეხვედრებზე იყო დამოკიდებული, მოვიპოვებდით თუ არა შესარჩევი ეტაპის საგზურს. პრობლემები საქართველოდან გამგზავრებამდე უხვად იყო. ჩვენი
ამბავი ოდისევსს რომ გაეგო, ნამდვილად "შეშურდებოდა".

- ბულგარეთ-ბელარუსთან მატჩების წინ კალათბურთის ფედერაციამ უსახსრობის გამო შეკრება ვერ მოგვიწყო. კვირაში სამჯერ კუს ტბაზე დავრბოდით, ეს იყო ჩვენი შეკრება... თბილისიდან ბულგარეთის ქალაქ ვარნაში კიევის გავლით გავეშურეთ. უკრაინის დედაქალაქში "კიევთან" ერთი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, რომლის მსვლელობისას არც ტაბლო მუშაობდა ნორმალურად და არც ოქმი შევსებულა. ბულგარეთში მოუმზადებლები ჩავედით და... - იხსენებს გუნდის მაშინდელი კაპიტანი ვახტანგ ნაცვლიშვილი.

ზაზა ფაჩულია განაგრძობს:

- ბულგარეთში წასვლამდე ბათუმში ვიყავი, ვისვენებდი. ნაკრებს გამგზავრების წინ პირდაპირ ბათუმიდან შევუერთდი. შეკრების მოწყობა ვერ მოხერხდა, ფორმაში არ ვიყავი...
ამას დაემატა საკადრო გასაჭირი...

- ვლადიმერ სტეფანიამ გვითხრა, ბულგარეთში აუცილებლად ჩამოვალო. ამიტომ გამგზავრების წინ თბილისში დავტოვე ცენტრი დავით ბერძენიშვილი. აეროპორტში გავიგე, რომ დავით უგრეხელიძე დაშავდა და ვერ დაგვეხმარებოდა. ბულგარეთიდან ვლადიმერ სტეფანიას დავურეკეთ და გაირკვა, რომ ვერც ის ჩამოვიდოდა. სასწრაფოდ გამოვიძახეთ დავით მუშკუდიანი, რომელიც ჩვენდა ბედად იმხანად ბულგარეთში თამაშობდა, თუმცა მოსკოვის "სპარტაკში" სინჯებისთვის იყო წასული. რადგან მუშკუდიანს ბულგარეთის ვიზა ჰქონდა, იგი რუსეთიდან სასწრაფოდ გამოვიხმეთ და ვათამაშეთ კიდეც, - ეს ნაკრების თავკაც ზურაბ ტომარაძის სიტყვებია.

ბულგარეთთან მატჩის წინ პრობლემები ამით არ დასრულებულა. მთავარი მწვრთნელი განაგრძობს:

- საშინელ სასტუმროში დაგვაბინავეს. თამაშის დილას ექიმისგან შევიტყვე, რომ ნიკა ცქიტიშვილი და ზაზა ფაჩულია შეუძლოდ იყვნენ, მოიწამლნენ და მაღალი სიცხე ჰქონდათ. სხვა გზა არ იყო, ორივე სიცხიანი ვათამაშეთ. შეხვედრის დაწყებიდან 52 წამში უკვე 5 პერსონალური შენიშვნა გვქონდა: 3 ვახტანგ ნაცვლიშვილს და 2 ზაზა ფაჩულიას. მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, არბიტრები მასპინძლებს აშკარად ეხმარებოდნენ. პირველი წუთების შემდეგ გუნდი დემორალიზებული იყო...

ბულგარეთიდან ჩვენი გუნდი ქალაქ გოლემში უნდა გადასულიყო, სადაც ბელარუსის ნაკრები ელოდა. ტექნიკურ პროგრესთან ერთად გაფართოვდა სატრანსპორტო საშუალებების არჩევანი.

საქართველოს ნაკრებმა 2001 წლის 25-დან 28 აგვისტომდე ყველა თანამედროვე ტრანსპორტით იმგზავრა და ოდისეა გომელში დაასრულა: ავტობუსიდან გადმოსული კალათბურთელები წელში მოედანზეღა გაიმართნენ...

- ზურაბ ტომარაძე:

მატჩამდე მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სოფიიდან ჯერ მოსკოვში უნდა ჩავსულიყავით, შემდეგ გომელში. ბულგარეთის სააგენტოში გვითხრეს, რომ ბელარუსში, რუმინეთის გავლით ვიზის გარეშე შევძლებდით გადასვლას. ბულგარეთის ზღვისპირა საზღვარს მივადექით, მაგრამ მტკიცე უარი გვითხრეს - თურმე ქართველებს რუმინეთთან სავიზო რეჟიმი სწორედ წინა დღისით შემოუღიათ. არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჩვენმა ექიმმა, ვალერი მელაძემ უკრაინაში დარეკა - ქართველი გენერალი გაწუხებთ, სასწრაფოდ გემი გვჭირდებაო. უკრაინელებმა ყურადღება გამოიჩინეს და სპეციალურად ჩვენთვის ხომალდი გამოგზავნეს. "კომეტით" უკრაინის პატარა პორტში ღამის 4 საათზე ჩავედით, საიდანაც ტაქსებით ოდესამდე მივაღწიეთ. კიევამდე მიკროავტობუსები გამოვიყენეთ, უკრაინის დედაქალაქიდან გომელამდე - ავტობუსი.

მოკლედ, ცხენის გარდა ტრანსპორტის ყველა სახეობა მოვსინჯეთ. იოლი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში იქნებოდნენ კალათბურთელები... დიდი მონდომების მიუხედავად, ბელარუსთან ძალა აღარ გვეყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუმარჯოს ქართველ კალათბურთელებს,მაგარი პატრიოტი ბიჭები ხართ
ყველა სახეობაში კარგები ვართ,ოღონდ ამ უთავმოყვარეო ფეხბურთელებს რა ეშველებათ
simartle7
19:22 03-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული