Red Bull King of the Rock-საქართველო ზედიზედ მესამედ ვახტანგ ქადარიამ მოიგო

AutoSharing Option
ზედიზედ მესამედ, Red Bull King of the Rock-ის 4-წლიან ქართულ ისტორიაში ჩემპიონი ვახტანგ ქადარია გახდა.

გასულ სეზონში სუპერლიგის კლუბ "ქუთაისში" მოთამაშე ცენტრმა ერთი-ერთზე კალათბურთში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საქართველოს ფინალი მოიგო.

მსოფლიოში ცნობილი ავსტრიული კომპანია "რედბულის" ამიერკავკასიის ოფისი 2012 წლიდან ყოველ ზაფხულს ატარებს აღნიშნულ შეჯიბრებას. პირველი ტურნირის გამარჯვებული ვატო თევზაძე გახდა, რის შემდეგაც "კლდის მეფის" ტიტული ზედიზედ მესამედ ქადარიამ მოიგო.

პირველი ტურნირის მსგავსად, წლევანდელი გათამაშების ფინალიც თბილისში, მეტეხის ხიდზე გაიმართა. აღვნიშნავთ, რომ 2013 და 2014 წლებში ფინალურ შეჯიბრებას ახალციხეში მდებარე
რაბათის ციხემ უმასპინძლა.

ფინალურ ტურნირს წინ უძღოდა შესარჩევი ტურები ქუთაისსა და თბილისში, საიდანაც 54-მა მონაწილემ მოიპოვა ფინალში ასპარეზობის უფლება. ამ რაოდენობას 10 ფავორიტი დაემატა, რომლებიც ორგანიზატორებმა ტურნირზე "უაილდ ქარდით" დაუშვეს.

64 საუკეთესო 2 აგვისტოს, მეტეხის ხიდზე შეიკრიბა და თბილისელებთან ერთად დედაქალაქის სტუმრებს ლამაზი შოუ შესთავაზა. ნარიყალასა და მეტეხის ტაძარს შორის მოქცეულ მოედანს მაყურებელი არ აკლდა. დედაქალაქის სტუმარი უცხოელები, განსაკუთრებით კი, ისინი, რომლებსაც კალათბურთი უყვართ, ხანგრძლივად ჩერდებოდნენ მეტეხის ხიდთან და ინტერესით ადევნებდნენ თვალს დაძაბულ ორთაბრძოლებს, რომლებიც Red Bull King of the Rock-ის რიგით მესამე გათამაშების ფინალს არ აკლდა.

საქართველოს ჩემპიონის გამოვლენასთან ერთად ტურნირის მიზანი იმ ფინალისტის გარკვევა იყო, რომელიც გამარჯვებულთან ერთად Red Bull King of the Rock-ის მსოფლიო ფინალზე გაემგზავრებოდა. ტრადიციულად, საქართველოდან მსოფლიო ფინალზე მხოლოდ გამარჯვებული მიდიოდა, თუმცა ვახტანგ ქადარიას ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ქართველების კვოტა ორამდე გაზარდა.

წლეულს Red Bull King of the Rock-ის მსოფლიო ფინალი 29 აგვისტოს სტამბოლში გაიმართება, სადაც ქადარიასთან ერთად ირაკლი ჯანხოთელი გაემგზავრება. ამ ახალგაზრდა (20 წლის) კალათბურთელმა ბრძოლის სამაგალითო უნარი გამოავლინა და ბევრად გამოცდილ მეტოქეებთან ბრძოლაში მოახერხა ფინალის საგზურის მოპოვება. ჯანხოთელმა სტამბოლის საგზური ნახევარფინალში, გიორგი ვახანიას ძლევით მოიპოვა, ხოლო ფინალში მას ქადარიასთან შანსი არ ჰქონია. ერთი-ერთზე კალათბურთში ისეა, რომ უპირატესობა ტანმაღალ და ძალღონით სავსე მოთამაშეს ენიჭება. შედარებით ტანმორჩილმა მოთამაშემ რომ იმარჯვოს, ძალიან სხარტი და ზუსტი სროლის მქონე უნდა იყოს, როგორიც ჯერჯერობით საქართველოს Red Bull King of the Rock-ის ტურნირებში არ გამოჩენილა.

ფინალში გასულ მოთამაშეებს სპორტული მედიცინის კლინიკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრ "ასპრიასგან" საკუთარი სერვისით მომსახურების ვაუჩერები გადაეცათ. "ასპრიამ" 2-თვიანი აბონემენტით დააჯილდოვა ასევე ნახევარფინალში დამარცხებული 2 მოთამაშეც - გიორგი ვახანია და ბიქტორ კოღუაშვილი.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული