"ვითამ" ვითიბი ლიგის წინ გენერალური რეპეტიცია "ბეშიქთაშთან" გამართა

AutoSharing Option
4 ოქტომბერს თბილისის "ვითა" სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. მანამდე, ერთი კვირით ადრე, ვითელებმა ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს თურქეთის "ბეშიქთაშთან".

ეს კლუბი თურქეთში მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას, შემადგენლობაც შესაბამისი ჰყავს და ამიტომაც იყო სასარგებლო მეტოქე "ვითასთვის". ჩვენს გუნდს ხომ ვითიბი ლიგაზე წელმაგარი, ტაქტიკურად გამართული მეტოქეების წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს...

* * *
"ვითა"-"ბეშიქთაშის" პირველი დაპირისპირება ქართული გუნდისთვის ძალიან მძიმე გამოდგა და ბევრი საინტერესო ნიუანსი დაგვანახვა: ის, რომ "ბეშიქთაში" უფრო მაღალი კლასის კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული და უფრო მეტხანს აქვს სეზონის დასაწყისში ნაშრომი. "ვითასთვის" ეს
იყო მესამე ამხანაგური მატჩი, გუნდი კი ერთ თვესა და სამ მატჩში არ ყალიბდება, შესათამაშებლად და შესაკვრელად დრო სჭირდება.

გარდა იმისა, რომ "ბეშიქთაშმა" დაცვაში მაღალ დონეზე ითამაშა, შეტევაშიც შესაშურად გაისარჯა. თავად განსაჯეთ: თურქებმა 29 სამქულიანი სტყორცნეს და 16 ჩააგდეს, რაც რეალიზების მეტად მაღალი, 55.2 პროცენტია.

პერიმეტრიდან ტყორცნებში გამთამაშებელი ნეით ვოლტერსი გამოირჩა, რომელმაც 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა. ვინც კალათბურთში აქტიურადაა ჩაბმული, ვოლტერსის გვარი უთუოდ ეცნობა - იგი ზაზა ფაჩულიასთან ერთად "მილუოკიში" თამაშობდა. 2013-14 წლების სეზონში მწვრთნელი ლარი დრიუ ბოლომდე ენდობოდა და ნაციონალურ ასოციაციაში ბევრი კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა გასულ სეზონში "მილუოკის" სათავეში ჯეისონ კიდის მისვლის შემდეგ ვოლტერსი შემადგენლობიდან ამოვარდა და ამიტომაც გადაწყვიტა ევროპაში ბედის ძიება.

პირველი მატჩის მიხედვით, ვითელებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით...

26 სექტემბერი
თბილისი, სპორტის სასახლე
ვითა-ბეშიქთაში 53:104
14:24, 7:21, 16:33, 16:26
ვითა: მაისურაძე (3ქ), ბითაძე, ბერიშვილი (10ქ), ბოქოლიშვილი (8ქ), მ. რევაზაშვილი, ზაქრაძე, ლ. შენგელია, კარტერი (5ქ, 5მ), ჰენრი (9ქ, 4პ) ანიკიენკო, ტერნერი (18ქ, 5მ).
ბეშიქთაში: კარტალი (4ქ), სილეი (15ქ, 4პ), ვოლტერსი (16ქ, 6პ), გულერი, ტაშკირანი (17ქ), აკიოლი (6ქ), რადოშევიჩი (2ქ), დარდენი (12ქ, 5მ, 3პ), მერფი (11ქ, 8მ), ლამპე (11ქ, 8მ, 5პ), სენლი (10ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.

* * *
მეორე შეხვედრაში კი ჩვენმა გუნდმა რეაბილიტაცია მოახერხა, კარგადაც დაიწყო და რომ არა მეოთხე პერიოდში დაშვებული შეცდომები, "ბეშიქთაშთან" რევანშსაც აიღებდა.

პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რა ძალის კალათბურთელები არიან "ვითას" ლეგიონერები. მათ შეხვედრა მართლაც კარგად დაიწყეს და გუნდს ლიდერობაც დაუბევეს. ისინი მალე ქართველებმა ჩაანაცვლეს და ესტაფეტა ღირსეულადაც გადაიბარეს. კარგად ვუტევდით, როგორც პერიმეტრიდან, ასევე ახლო დისტანციიდან.

დიდი პასუხისმგებლობა დააწვა მერაბ ბოქოლიშვილს, რომელიც გამთამაშებლის პოზიციაზე პიერია ჰენრის შემცვლელია. მერაბი საქართველოს ახალგაზრდულ თუ ჭაბუკთა ჩემპიონატებში პლეიმეიქერად თამაშობდა და სროლის სიზუსტითაც გამოირჩეოდა. დიდ გუნდებში იგი, ძირითადად, მსროლელის პოზიციაზე ირჯებოდა, არადა, როგორც "ვითას" თამაშები გვიჩვენებს, უკეთესი იქნებოდა, მერაბს სუპერლიგაში მეტი დრო დაეთმო გამთამაშებლობისთვის.

მეორე შეხვედრა გაცილებით უკეთესად ჩაატარა უკრაინელმა ლეგიონერმა კონსტანტინ ანიკიენკომ - 8 ქულა, 6 მოხსნა, თუმცა აშკარაა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია.

27 სექტემბერი
თბილისი, სპორტის სასახლე
ვითა-ბეშიქთაში 73:80
25:19, 19:23, 16:16, 13:22
ვითა: მაისურაძე (7ქ), ბერიშვილი (3ქ, 3პ), ბოქოლიშვილი (5ქ, 4პ), მ. რევაზაშვილი (3ქ, 5მ), ზაქრაძე (3ქ), ლ. შენგელია (8ქ), კარტერი (13ქ, 7მ), ჰენრი (10ქ, 5მ, 5პ) ანიკიენკო (8ქ, 6მ), ტერნერი (13ქ).
ბეშიქთაში: კარტალი, სილეი (9ქ), ვოლტერსი (11ქ, 5პ), გულერი (7ქ), ტაშკირანი (4ქ), აკიოლი (14ქ), რადოშევიჩი (3ქ, 8მ), დარდენი (4ქ), მერფი (8ქ, 5მ, 4პ), ლამპე (15ქ, 8მ, 5პ, 4დ), სენლი (5ქ, 5მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

* * *
ასე და ამგვარად, "ბეშიქთაშთან" შეხვედრები ოფიციალური მატჩების წინ კარგი გენერალური რეპეტიცია იყო, 4 ოქტომბერს კი "ვითა" ვითიბი ლიგის გახსნით მატჩში "კრასნი ოკტიაბრს" უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული