სპორტის სამინისტროში კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და კახა შენგელიას მოუსმინეს

AutoSharing Option
29 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სამინისტროსთან არსებული სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს VII სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგის ძირითადი საკითხი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და გამგეობის წევრის - კახაბერ შენგელიას წერილი გახლდათ, რომელიც შეეხებოდა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ კლუბ "სასკი-ბასკონიას" შორის თანამშრომლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობებს, რამაც საკალათბურთო სამყაროში აზრთა სხვადასხვაობა და პოლემიკა გამოიწვია.

შეხვედრას, რომელიც რამდენიმე საათის მანძილზე გაგრძელდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან, აკაკი ლოდიასთან და შალვა გოგოლაძესთან ერთად
ხელმძღვანელობდა.

სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - შოთა ხაბარელი, კომიტეტის წევრი - დავით ლორთქიფანიძე, ასევე, სამინისტროს წარმომადგენლები. სხდომაზე მოწვეულები იყვნენ - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, გამგეობის წევრი გივი ბიჭიაშვილი, ასევე, თავად კახაბერ შენგელია, კალათბურთელ ლუკა ბულაშვილის მამა - ლევან ბულაშვილი და ოჯახის ადვოკატი.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მხარეებს მიეცათ 2-თვიანი ვადა იმისათვის, რომ წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია და მსჯელობა გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში კალათბურთის საერთო ინტერესების გათვალისწინებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ ესპანურ კლუბთან არსებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და შენიშვნები, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მხარეები საბოლოო ჯამში შეთანხმებამდე მივიდნენ.

სამინისტროს პრესსამსახური

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული