საქართველოს თასი "არმიამ" დაისაკუთრა

AutoSharing Option
30 იანვარი, თბილისი. სპორტის სასახლე
არმია-ქუთაისი 86:80
27:14, 18:18, 20:19, 21:29
არმია: რიჩარდსონი (14ქ, 6მ, 5პ), ბოისა (12ქ, 6ჩ), მინაშვილი (7ქ, 8მ), ტომასი (21ქ, 5მ, 3პ), შელბომი (8ქ, 8მ, 3დ), ვუდსაიდი (22ქ, 14პ, 5მ, 3ჩ), საყვარელიძე (2ქ).
ქუთაისი: ფაშაევი (4ქ, 4პ), ბაბუნაშვილი (6ქ), დიდია (12ქ, 4პ), ცეკვავა (12ქ, 6პ), დ. ბარბაქაძე (13ქ), გ. ბარბაქაძე (24ქ, 3ჩ), კოღუაშვილი, მათიაშვილი (9ქ, 13მ, 4პ, 3ჩ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი.

ქვეყნის ჩემპიონი "არმია" საქართველოში დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს. ამჯერად წაუგებლად ძალოვნებმა საქართველოს თასის
გათამაშება ჩაატარეს.

ეს არც იყო გასაკვირი, თუმცა ალბათ, თავად არმიელებიც არ მოელოდნენ, რომ მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდებოდა. მითუმეტეს, მას მერე, რაც პირველ ტაიმში კოტე ტუღუშის შეგირდებმა 20-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს. ამ მონაკვეთში გუნდს კარგად დირიჟორობდა გამთამაშებელი ბენ ვუდსაიდი, რომელსაც პირველ ნახევარში ნათამაშებ 17 წუთში 7 ქულა და 9 პასი ჰქონდა. "ქუთაისი" ძირითადად სამქულიანებით ცდილობდა ანგარიშის შევსებას - საწყის 20 წუთში ჩაგდებული 32 ქულიდან 15 შორეული ტყორცნების შედეგი იყო.

მეორე ტაიმიდან ქუთათურებს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათო, თამაშის ტემპს უმატეს, არმიელებიც აჰყვნენ და სანახაობრივი თამაში გაჩაღდა. პერიმეტრიდან ერთმანეთზე უკეთესად ისროდნენ გიგი და დავით ბარბაქაძეები, ცეკვავა, დიდია და მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 34 წამით ადრე დავით ბარბაქაძის სამქულიანის შედეგად "ქუთაისმა" ჩამორჩენა 4-მდე დაიყვანა (80:84).

წუთშესვენების შემდეგ არმიელებმა ბურთი გაათამაშეს და სირენამდე 13 წამით ადრე საშუალო დისტანციიდან ტყორცნა საკუთარ თავზე "არმიას" მეათე ნომერმა უილიამ ტომასმა აიღო. აიღო და ჩააგდო... 13 წამში 6-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა უკვე წარმოუდგენელი იყო. არმიელებმა ზედიზედ მეორედ მოიგეს საქართველოს თასი.

საინტერესო სტატისტიკა ჩაიწერა მატჩის ოქმში: "ქუთაისი" - 15 რეალიზებული სამქულიანი (რაც ძალიან ბევრია), 14 ორქულიანი; "არმია" - 8 სამქულიანი, 25 ორქულიანი.

ეფექტური ორმაგი დუბლი მიითვალა ბენ ვუდსაიდმა - 22 ქულა, 14 პასი. საუკეთესო კალათბურთელისთვის დაწესებული ჯილდო სწორედ მას გადაეცა.

მატჩის შემდეგ თასის მფლობელთა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა აღნიშნა:
- ფინალი იყო და მეტოქისგან სერიოზულ წინააღმდეგობას ველოდით. საბოლოოდ ისეთი თამაში გამოვიდა, როგორსაც ფინალი იმსახურებდა. მადლობა გულშემატკივარს აქტიური მხარდაჭერისთვის და მეტოქეს - ღირსეული თამაშისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაუმარჯოს თბილისის ЦСКА-ს
tengo
12:50 31-01-2012
0
ვაი ჩვენს პატრონს ჩემო თენგო (გვარად კიტოვანი ხომ არ ბღძანდებით), ცსკა კი არა კუტუ!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული