თერთმეტეული მზადაა

AutoSharing Option
დღეს, 26 იანვარს რუსთავის საკალათბურთო დარბაზში საქართველოს თასის მერვე გათამაშება დაიწყება. შეჯიბრებაში სუპერლიგის მონაწილე თერთმეტივე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საინტერესოა ტურნირში "არმიის", "ქუთაისისა" და "ბათუმის" გამოჩენა, რომლებიც ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე არ თამაშობდნენ.

არმიელებმა სლოვენიაში ნაყოფიერი შეკრება გაიარეს. გუნდს დაემატა ბუბა ბერიშვილი, რომელიც სუპერლიგის პირველ წრეში "ქუთაისის" სული და გული იყო. შესაბამისად, ისიც საინტერესოა, როგორ ითამაშებენ ქუთათურები ბუბას გარეშე, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფასეული შენაძენი გააკეთეს - "ენერჯიდან" გოგა ცეკვავა გადაიყვანეს.

"ენერჯი" კიდევ ერთმა ნიჭიერმა კალათბურთელმა დატოვა - "ბათუმში" გადავიდა დუდა
სანაძე. ზღვისპირულ გუნდში დებიუტი ექნება მთავარ მწვრთნელ მიხეილ კობეშავიძეს, რომელიც ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბში ნუგზარ კანდელაკის მწვრთნელობისასაც იყო.

დღეს კანდელაკი წვრთნის "სამედიცინოს", რომელიც იანვარში სერიოზულად გაძლიერდა: დაემატა ნოდარ თენიეშვილი, აკაკი დვალიშვილი და ჯეფ როჯერსი. 2002 წლის შემდეგ ჯეფი საქართველოში პირველად 28 იანვარს ითამაშებს (შსს-ს წინააღმდეგ). მემორიალზე განცდილი ფიასკოს შემდეგ "სამედიცინოს" რეაბილიტაციის კარგი შანსი ეძლევა.

ასევე დაკარგულის ანაზღაურების შანსი ექნება შსს-ს... მათ ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე ჩემპიონობა დაკარგეს, "არმიის" არყოფნაში მთავარ ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ ნახევარფინალი თსუ-სთან დათმეს.

თსუ განსაკუთრებულ სიურიზებს სწორედ თასის გათამაშებებში გვთავაზობდა (გადახედეთ ისტორიას) და წლეულსაც რომ არ იქნება "საჩუქარი", მემორიალის მოგებით დაგვანახა - ფინალში "სოხუმი" დაამარცხა. თავის მხრივ სოხუმელებს თასის მეოთხედფინალშივე მიეცემათ იმის დამტკიცების შესაძლებლობა, რომ არავისზე ნაკლებები არიან - "არმიას" ეთამაშებიან.

26 იანვარს გაიმართება წინასწარი ეტაპი, რომელშიც 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და მათში საუკეთესო იმ 7 გუნდს დაემატება, რომლებიც თასისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. შეიცვალა 26 იანვრის თამაშების დრო. სტუ-"ბათუმი" 12 საათზე უნდა გამართულიყო, ხოლო "დინამო"-"აგრარული" - 14-ზე. ამ მატჩებმა 2-2 საათით გადაიწია და შესაბამისად 14 და 16 საათებზე გაიმართება.

თასის ფინალს თბილისის სპორტის სასახლე 1 თებერვალს უმასპინძლებს.


26 იანვარი
წინასწარი ეტაპი
1. 14:00 სტუ-ბათუმი
2. 16:00 დინამო-აგრარული

27 იანვარი
3. 14:00 1-2

28 იანვარი
მეოთხედფინალი
4. 12:00 არმია-სოხუმი
5. 14:00 შსს-სამედიცინო
6. 16:00 ენერჯი-თსუ
7. 18:00 ქუთაისი-3

30 იანვარი
ნახევარფინალი
8. 16:00 5-7
9. 18:00 4-6

1 თებერვალი
ფინალი
10. 17:00 8-9

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული