სამი პერიოდის განმავლობაში წინ ქუთაისის "ლეიკერსი" იყო. ერთ ეპიზოდში 10 ქულითაც დაწინაურდა (24:14), თუმცა "ჩიკაგო ბულსის" მაისურით მოთამაშე ზაზას აკადემიამ თამაშის შემოტრიალება შეძლო და დამსახურებულად მოიპოვა ჩემპიონობა. საბოლოოდ 45:36 დიდუბელ-ჩიკაგოელების სასარგებლოდ.
თბილისელთა წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლუკა ალავიძეს, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ქულათა უმეტესობა მან მატჩის მეორე ნახევარში ჩააგდო, მას შემდეგ, რაც მის გუნდს გაუჭირდა. როდესაც დიქტორმა მატჩის საუკეთესო
გამარჯვებული გუნდის კაპიტან ლუკა ზაბახიძეს საჩემპიონო თასი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სლოვენიელმა ელჩმა მარკო მილიჩმა გადასცა. მან კმაყოფილების ნიშნად ცერი ასწია და არც კომენტარი დაიზარა:
"მშვენიერი სანახაობა იყო. ძალიან მომეწონა ქართველი ბავშვები, პატარები არიან და კლასი უკვე ეტყობათ. ჟუნიორ NBA და კალათბურთის ფედერაცია მათ ნიჭის გამოვლენაში ყველანაირად უწყობენ ხელს. ეს საქართველოს მომავალია. ჩემთვისაც სასიამოვნო იყო ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა".
* * *
- მე მესი ვარ.- არა, მე ვიქნები მესი, ლეოს ფორმა მაცვია!
- კარგი, იყავი, მე რონალდო ვიქნები...
დაახლოებით ასეთი დიალოგი ეზოში, ასფალტზე მოთამაშე ბავშვებისგან არაერთხელ მომისმენია. პატარებზე დიდ გავლენას ახდენენ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები და ბურთს რომ გაეკიდება, ყველა ბავშვს თავი რონალდოდ თუ მესიდ წარმოუდგენია.
დიდი ვარსკვლავებიც ასე იყვნენ. ბასტიან შვაინშტაიგერი იხსენებდა: პატარაობაში მამაჩემს ფეხბურთს რომ ვეთამაშებოდი, ლოთარ მათეუსის მწვანე მაისური მეცვა და ვცდილობდი, ყველაფერი ისე გამემეორებინა, როგორც ლოთარი აკეთებდაო.
პუბლიკაცია კალათბურთზეა, მაგრამ წერა ფეხბურთით იმიტომ დავიწყე, რომ საქართველოში მამები შვილებისთვის საფეხბურთო ფორმებს უფრო ყიდულობენ, ვიდრე კალათბურთისას. თუმცა სპორტის აწოწილი სახეობაც ძალიან პოპულარულია პატარებში.
ბავშვური ხასიათი, ბავშვური მისწრაფებები, ოცნებები კარგად შეისწავლეს ამერიკელებმა და 10 წლის პატარების დაინტერესებისთვის იდეალურ ვარიანტს მიაგნეს. გუნდებს NBA-ს კლუბების სახელებს არქმევენ, ათამაშებენ ორ კონფერენციად, ურიგებენ NBA-ს გუნდების ფორმებს და... ერთმანეთს ეთამაშებიან 10 წლის დურანტი, კარი, დანკანი, ბრაიანტი, ჯეიმსი...
ეს უკვე ახდენილი ოცნებაა, რაზეც ხელი ბევრს არ მიუწვდება. შეიძლება მშობელმა "ლეიკერსის" ფორმა უყიდოს, ბურთიც მოაყოლოს, მაგრამ სულ სხვაა, როცა შენს ოთხ თანაგუნდელსაც "ლეიკერსის" მაისური აცვია და ეთამაშები ხუთ დალასელს. უკვე NBA-ელი ხარ!
ჟუნიორ NBA-ს პროგრამაში ჩართულია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და 2005 წლიდან მოყოლებული, პროგრამა ხორციელდება მსოფლიოს 50 ქვეყანაში. მეორე წელია, საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ამერიკული მხარის ერთობლივი მეცადინეობით ჟუნიორ NBA საქართველოშიც ტარდება.
შეჯიბრების დაწყების წინ მოეწყო სპეციალური დრაფტი, რომლის დროსაც საკალათბურთო გუნდებს ამერიკული სახელწოდებები მიენიჭათ. ასე, მაგალითად: თბილისს ატლანტიკის დივიზიონი ჰქვია და მასში ნიუ-იორკი, ბრუკლინი, ფილადელფია, ბოსტონი და ვაშინგტონი მონაწილეობდნენ. ტურნირში მონაცვლეობით სხვა დივიზიონებიც ჩაერთნენ. დივიზიონებიდან საუკეთესო გუნდებმა ბრძოლა პლეი ოფში განაგრძეს.
კონფერენციებიც NBA-ს მსგავსადაა - დასავლეთ კონფერენციაში 3 დივიზიონია: სამხრეთ-დასავლეთის, პასიფიკის და ჩრდილო-დასავლეთის, ხოლო აღმოსავლეთის კონფერენცია შემდეგმა დივიზიონებმა შეადგინეს: ატლანტიკი, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი. ლიგა გადაიშალა ბათუმიდან თელავამდე.
"JR.NBA - GBF ლიგა იმ გლობალური პროექტის ნაწილია, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 6.5 მილიონი ბავშვია ჩართული. ტურნირში მონაწილეობა ბევრ გუნდს სურდა, რის გამოც საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარება მოგვიხდა. ესაა ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ბავშვთა კალათბურთში, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საქართველო და რაც მთავარია, თამაშები დედაქალაქთან ერთად რეგიონებშიც გაიმართება", - აცხადებს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე.
წლეულს JR.NBA - GBF ლიგაში 1000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. ეს უკვე დიდი ნაბიჯია კალათბურთის პოპულარიზაციისკენ. აბა, წარმოვიდგინოთ: "გოლდენ სტეიტის" ქუთაისელი 30-ე ნომერი უბანში თანატოლებს რომ მოუყვება, როგორ დაამარცხა ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდი", კიდევ რამდენს მოუნდება "გოლდენ სტეიტში" თამაში!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"