ამავე B ჯგუფში ითამაშებს ევროთასის საკვალიფიკაციოდან გამოვარდნილი თურქული "ბეშიქთაში" ან ბელგიის "მონსი". ასე რომ, თუ ზაზა ფაჩულია ამ თურქულ კლუბში ჩაირიცხა, არის ალბათობა, რომ "არმიის" წინააღმდეგ იასპარეზოს. თუმცა, შანსი ძალიან მცირეა, რადგან თუ "ბეშიქთაშში" ზაზა ჩამოვიდა, ლოგიკურად, ბელგიურ "მონსს" უნდა აჯობოს.
"გოტინგენის" თავკაც სტეფან მიენაკს წილისყრის შედეგების გაცნობისას თვალში "არმია" ეცა:
- თბილისიდან გოტინგენამდე დაახლოებით 3200 კილომეტრია.
ქართული გუნდის თავკაცმა კოტე ტუღუშმა კი ინტერვიუ ასე დაიწყო:
- ჯგუფურ ეტაპზე სუსტი გუნდები არ იყო. ამიტომ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისთან მოგვიწევდა თამაში. საბოლოოდ ჯგუფში ორი ძლიერი კოლექტივი მოხვდა: ჰოლანდიის ჩემპიონი და 2010 წელს ევროჩელენჯის გამარჯვებული გერმანიიდან.
- "ბეშიქთაში"-"მონსს" შორის დამარცხებულიც თქვენს ჯგუფში ითამაშებს.
- ამ საკითხზე დღეს ბარსელონაში ვისაუბრეთ. როგორც შევიტყვე, "ბეშიქთაშს" ზაზა ფაჩულიას დამატება უნდა. თუ ეს ტრანსფერი შედგა, ჩვენს ჯგუფში "მონსი" მოხვდება, თურქებს, ალბათ, ვერ აჯობებს.
- გერმანელებსა და ჰოლანდიელებს თუ შეხვდით?
- "გოტინგენის" ხელმძღვანელობა იყო ჩამოსული. გვითხრეს, რომ შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდის თავკაცი გადადგა და "გოტინგენს" ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს. შემადგენლობაც მნიშვნელოვნად გადახალისდება.
- ჰოლანდიურ "ლეიდენზე" რას იტყვით?
- იქ "გოტინგენის" საპირისპირო მდგომარეობაა: ჰოლანდიელებმა გვითხრეს, რომ გუნდის შენება ხუთი წლის წინათ დაიწყეს და მოთმინებით ელოდნენ შედეგს, რაც ქვეყნის შემპიონობაში გამოიხატა. არც შემადგენლობა შეიცვლება მნიშვნელოვნად. ასე რომ, მეტად შეკრულ გუნდთან გვექნება საქმე.
- ბარსელონას სტუმრობდა "სოხუმის" თავკაცი აინარს ბაგაცკისი...
- მასაც შევხვდი და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვებთ. ისიც იმედიანადაა - მითხრა, "მინსკი" ჩემთვის უცხო არ არისო.
- ადრეც გითქვამთ, რომ ისეთი დონის ლეგიონერებით გაძლიერდებით, ჯგუფში ორეულისთვის რომ იბრძოლებთ.
- თბილისში 10 ივლისს დავბრუნდები და მას მერე გადაწყდება ლეგიონერების საკითხი. ევროჩელენჯზე სერიოზული მიზნები გვაქვს და ვეცდებით, ქართველი გულშემატკივარი არ გავაწბილოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"