ჰაპოელი VS არმია - ევროპის გზა ისრაელზე გადის

AutoSharing Option
7 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე, საქართველოს ჩემპიონი ევროჩელენჯის გათამაშებაში ჩაერთვება.

მატჩი ასე გვიან იმიტომ იმართება, რომ ჩვენი გუნდის მასპინძელი ისრაელის "ჰაპოელია". ეს ქვეყანა კი ევროპული დროით ცხოვრობს (სხვაობა 3 საათია).

დღეს
არმიელები ისრაელში მოსაგებად გაემგზავრნენ. შემადგენლობებს თუ გადავხედავთ, ამის შანსი ჩვენს გუნდს ნამდვილად აქვს, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია კონკრეტული შეხვედრისთვის მომზადებაზე, შეთამაშებასა და კიდევ უამრავ ფაქტორზე.

იმედი დავიტოვოთ, რომ "არმია" სადღეისოდ უკეთეს კონდიციებშია. თბილისელთა შემადგენლობა თანაბრადაა დაბალანსებული. მწვრთნელ კოტე ტუღუშს ჰყავს ცენტრებიც, კარგი გამთამაშებლებიცა და პერიმეტრიდან მსროლელებიც.

"ჰაპოელში" კი
სხვა სიტუაციაა - ჰოლონელების ყველაზე მაღალი კალათბურთელები 203 სმ-ს არ აღემატებიან.

"მეტოქე აქცენტს სწრაფ კალათბურთზე აკეთებს, თუმცა ჩვენ უფრო მაღალი შემადგენლობა გვყავს და ვეცდებით, ეს უპირატესობა სათანადოდ გამოვიყენოთ, - განაცხადა "არმიის" თავკაცმა კოტე ტუღუშმა და დასძინა. - წელს აქცენტს გამოცდილებაზე ვაკეთებთ და ვიმედოვნებთ, რომ შედეგსაც მივიღებთ".

ებრაულ საიტ "ვანზე" გამოქვეყნდა "ჰაპოელი"-"არმიას" მატჩის წინათქმა, რომელშიც ჩვენი გუნდის თითოეული კალათბურთელია დახასიათებული და ნათქვამია - "არმია" ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდიაო.

იქვე ვგებულობთ, რომ "ჰაპოელი" ევროსარბიელზე დიდი ხნის შესვენების შემდეგ დაბრუნდა. ბოლოს 1997 წელს კორაჩის თასზე იასპარეზა.

ხვალ
ორიოდე სიტყვა ევროჩელენჯის ფორმატზეც ვთქვათ. 8-ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორ-ორი საუკეთესო გავა. H ჯგუფში "არმიას" და "ჰაპოელის" გარდა, ბელგიის "ანტვერპენი" და გერმანიის "ტელეკომი" გამოდიან.

მეორე ეტაპზე გასული 16 გუნდი 4 ჯგუფად გაიყოფა და მეოთხედფინალის 8 საგზურისთვის იბრძოლებს.

გუშინ
"არმია" ევროსარბიელზე მეორედ ასპარეზობს. შარშან მეორე ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - ორი მატჩის ჯამში "ლეიდენს" ვერ აჯობა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

ქართული საკლუბო კალათბურთისთვის ყველაზე გამორჩეული 1961-62 წლები იყო, როცა თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა თასის ფინალში თვით მადრიდის "რეალს" მოუგო. დინამოელებს უფრო ადრეც შეეძლოთ ამავე თასის დაუფლება, მაგრამ ჩემპიონთა თასის ფინალში რიგელებთან დამარცხდნენ.

1968-69 წლების სეზონში ზურაბ საკანდელიძის წინამძღოლობით თბილისელებს მეორე ტიტულის მოგების შანსი ჰქონდათ, მაგრამ საპორტას თასზე ჩეხეთის "პრაღასთან" ფინალში 6 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

მას მერე ჩვენებს ევროსარბიელზე ღირებული წარმატებისთვის აღარ მიუღწევიათ. თუმცა იყო გამონათებები, ისეთი, როგორიც "ვითა"-"კიორმენდის" მატჩში...

ბოლოს ქართველებმა ჯგუფური ეტაპი 2002-03 წლების სეზონში გადალახეს - თბილისის "დინამომ" (ლევან მოსეშვილი წვრთნიდა) ჯგუფში აზერბაიჯანის "ნტდ-დევონს" აჯობა და იუჟნის "ხიმიკთან" ერთად მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უკრაინულ "აზოვმაშთან" დამარცხდა.

ჰაპოელი (ჰოლონი)
N მოთამაშე სმ პოზიცია დაბ. წ. ეროვნება
15 ლოურენს ჰილი 203 ფორვარდი 1987 აშშ
11 ჯერომ დეისონი 191 უკანახაზელი 1987 აშშ
7 ზეკ როზენი 185 გამთამაშებელი 1989 აშშ/ისრაელი
4 ტაილერ სმიტი 201 ფორვარდი 1986 აშშ
6 ფრენკ ჰასელი 203 ფორვარდი 1988 აშშ
8 ოფირ ფარჰი 186 გამთამაშებელი 1986 ისრაელი
12 შლომი ჰარუში 185 უკანახაზელი 1987 ისრაელი
5 შონ დანიელი 197 ფორვარდი 1989 ისრაელი/აშშ
10 ელიავ მოსიაშვილი 200 ფორვარდი 1994 ისრაელი
9 ალექს ჩერნაუშევიჩი 190 უკანახაზელი 1993 ისრაელი
14 ური ზოჰარი 200 ფორვარდი 1990 ისრაელი
13 გონენ დავიდი 190 მსროლელი 1994 ისრაელი

არმია (თბილისი)
N მოთამაშე სმ პოზიცია დაბ. წ. ეროვნება
10 კურტის მილეიჯი 185 უკანახაზელი 1981 აშშ
32 ლემეინ უილსონი 204 ფორვარდი 1980 აშშ
14 იოაკიმ შელბომი 213 ცენტრი 1979 შვედეთი
4 ლაშა გამყრელიძე 183 გამთამაშებელი 1986 საქართველო
6 ანატოლი ბოისა 192 უკანახაზელი 1983 საქართველო
7 ვლადიმერ ბოისა 209 ფორვარდი 1981 საქართველო
21 დავით საყვარელიძე 201 ფორვარდი 1986 საქართველო
22 მარკუს ფეისონი 196 უკანახაზელი 1978 აშშ/ბელგია
5 ზვიად ბაბიაშვილი 200 ფორვარდი 1978 საქართველო
55 ლაშა ფარღალავა 191 უკანახაზელი 1987 საქართველო
24 გიორგი ჯგერენაია 206 ფორვარდი 1990 საქართველო
23 გიორგი შარაბიძე 210 ცენტრი 1990 საქართველო
13 ბექა წივწივაძე 190 უკანახაზელი 1989 საქართველო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული