ტელეკომი-არმია 75:71 - გავდივართ მომსახურების ზონიდან

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა "არმიამ" ევროჩელენჯის გახსნით მატჩში სტუმრად "ჰაპოელ ჰოლონთან" 15 ქულის სხვაობით წააგო (69:84), მეორე შეხვედრაში შინ 9 ქულით დამარცხდა (71:80), ხოლო 20 ნოემბერს ჯგუფის ფავორიტ ბონის "ტელეკომთან" გერმანიაში 4 ქულით წააგო (74:71).

როგორც ხედავთ, სხვაობა ნელ-ნელა მცირდება, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ არმიელები ფორმაში შედიან და სათამაშო პრაქტიკასაც იღებენ, რისი ნაკლებობაც სეზონის დასაწყისში თვალნათელი იყო.

საქართველოს ჩემპიონებმა ხომ გასაგები მიზეზების გამო წინასასეზონოდ ვერც შეკრება გაიარეს და შემადგენლობაც გვიან შეკრიბეს.

მაშინ, როცა ევროჩელენჯზე ჩვენი მეტოქეები ზაფხულშივე შეიკრიბნენ და ახალ
სეზონს სათანადო კონდიციებში შეხვდნენ.

მოკლედ, იმედი დავიტოვოთ, პროგრესი გაგრძელდება და "არმია" მეოთხე შეხვედრას დადებითი შედეგით დაასრულებს - 27 ნოემბერს "ჰაპოელს" უმასპინძლებს.

სხვათა შორის, ქართველები გამარჯვებასთან გერმანიაშიც ძალიან ახლოს იყვნენ. საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ლაშა გამყრელიძე საჯარიმოს ხაზთან დადგა.

ორივე ტყორცნა რომ გამოეყენებინა, ანგარიშს გაათანაბრებდა და დიდი ალბათობით, მატჩი ოვერტაიმში გადავიდოდა, მაგრამ ორივე ტყორცნა აუცდა და მასპინძლებმა ქართველთა მიერ განზრახ აღებული ჯარიმის (რომელიც არბიტრებმა არასპორტულად შეაფასეს) შემდეგ ორი ტყორცნა გამოიყენეს და საბოლოოდ 74:71 გაიმარჯვეს.

მეტსაც გეტყვით, ძირითად დროში გამარჯვებაც შეიძლებოდა: ჩვენმა გუნდმა ბოლო 2 წუთში 7 საჯარიმო ტყორცნა გააცუდა...

ერთ გაცვეთილ ფრაზას მოვიშველიებთ - ქართველებს საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ. ამას მაშინ ამბობენ ხოლმე, როცა გუნდი თამაშს კარგად დაიწყებს და ცუდად დაამთავრებს.

არმიელებმა მართლაც შესანიშნავი სტარტი აიღეს: ლიდერი კურტის მილეიჯის წინამძღოლობით, ჯერ 6:0 დაწინაურდნენ, ხოლო პირველი მეოთხედი 26:14 მოიგეს. დიდი შესვენებისთვის ქართველები 7 ქულის სხვაობით იყვნენ წინ (39:32). მილეიჯს 16 ქულა ჰქონდა, ლემეინ უილსონს - 8, ხოლო ბექა წივწივაძეს - 6.

უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა წინა მატჩში ბექას მოედანზე გაყვანისგან თავი შეიკავა, გერმანიაში კი 12 წუთით ენდო.

"ანტვერპენთან" თბილისურ შეხვედრაში არმიელთა დამრიგებელი წინახაზელებით იყო უკმაყოფილო. ბონში კი მეტოქეს მოხსნებში მხოლოდ 3-ით ჩამოვრჩით (40:43). იოაკიმ შელბომმა 8 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ვლადიმერ ბოისამ - 2 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა. სამწამიანი ზონიდან ჩაგდებული ქულებით მეტოქემ მაინც საგრძნობლად გვაჯობა - 34:22.

სამაგიეროდ, სწრაფი გარღვევები ჩვენ უკეთესად გამოგვდიოდა. ასეთი შეტევებით 22 ქულა მოვაგროვეთ, მაშინ, როცა ტელეკომელებმა მხოლოდ 10 ქულა მოაგროვეს.

ამ წაგებით "არმიას" მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ბონთან გაფლანგული უპირატესობასავით შემცირდა, თუმცა იმედი მაინც არ გადაგვიწურავს: შინ ორ მატჩს ვატარებთ და ერთსაც ბელგიაში "ანტვერპენთან" ვითამაშებთ.

სამივეს მოგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლის პერსპექტივა არსებობს, მაგრამ ბევრი რამ მეტოქეების გამოსვლაზე იქნება დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი კლუბი გადის.

ორი მეტოქე, "ანტვერპენი" და "ჰაპოელი" მესამე ტურის მატჩში ერთმანეთს 21 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.

20 ნოემბერი, ბონი
ტელეკომი-არმია 75:71
14:26, 18:13, 25:16, 18:16
Sportall.Ge

ჯგუფი H
გუნდი
1 ტელეკომი (გერმანია) 3 3 0 6
2 ჰაპოელი (ისრაელი) 2 1 1 3
3 ანტვერპენი (ბელგია) 2 1 1 3
4 არმია (საქართველო) 3 0 3 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არმია-ანტვერპენი 71:80 - ვერ შევწვდით; არადა, გიგანტები არც ბელგიელები იყვნენ
ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული