არმია VS ჰაპოელი - "არმია" რევანშისთვის ემზადება

AutoSharing Option
27 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში ევროჩელენჯის H ჯგუფის გუნდები - თბილისის "არმია" და ჰოლონის (ისრაელი) "ჰაპოელი" მეორე წრის პირველ ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მათი სასტარტო შეხვედრა ისრაელში მასპინძელთა გამარჯვებით დამთავრდა - 84-69. არმიელები, რომლებმაც 26 ნოემბერს სპორტის სასახლეში ივარჯიშეს, სარევანშოდ არიან განწყობილნი, მით უმეტეს, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული შანსები ჯერ კიდევ შემორჩათ.

26 ნოემბერს, წვრთნის დამთავრების შემდეგ "არმიას" მთავარ მწვრთნელსა და ორ კალათბურთელს ვესაუბრეთ.

კოტე ტუღუში, "არმიას" თავკაცი: "ჰაპოელთან" გასვლითი მატჩი ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ფაქტობრივად, წაგება ჩვენი
ბრალი იყო, შეთამაშება ვერ მოვასწარით.

მართალია, ევროჩელენჯზე მომდევნო ორი პაექრობაც დავთმეთ, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ ისინი ბევრად უკეთ გვეთამაშნენ, ვიდრე ჰოლონში. იმ ორთაბრძოლებიდან სწორი დასკვნები გავაკეთეთ, მეტოქეც უკეთ შევისწავლეთ, გავაანალიზეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.

სამშაბათის მატჩს მაქსიმალურად კონცენტრირებულები შევხვდებით. ვიმედოვნებ, რომ გავიმარჯვებთ.

საამისოდ მოტივაციაც გვაქვს - სამი შეხვედრის წაგების მიუხედავად, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის თეორიული თუ პრაქტიკული შანსები არ დაგვიკარგავს.

ვფიქრობთ, გულშემატკივრებიც მხარში ამოგვიდგებიან. დარწმუნებული ვარ, ქომაგები დაძაბული, საინტერესო ორთაბრძოლის მოწმენი იქნებიან.

- განმეორებითი შეხვედრის წინ მეტოქეებმა ეროვნული ჩემპიონატის მატჩები წააგეთ. შემთხვევითი დამთხვევაა თუ...
- "ჰაპოელი" თავიდან ვაჟკაცურად შეება არა მარტო ისრაელს, არამედ ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს - თელ-ავივის "მაქაბის", რომლის შემადგენლობაშიც, მოგეხსენებათ, ჩვენი გიორგი შერმადინიც გამოდის.

თუმცა, ძნელია, 40 წუთის განმავლობაში გაუმკლავდე კლასით შენზე ძლიერს, თუნდაც საკუთარი კედლების აქტიური მხარდაჭერით.

"მაქაბის" ოსტატობამ თავისი ქნა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ "ჰაპოელმა" გარკვეულწილად თავი ჩვენთან საბრძოლველად შემოინახა და ბოლომდე არ შეალია ძალები ლიდერს.

სტუმრები ხომ თბილისში განმეორებით მატჩში წარმატების შემთხვევაში გათამაშების ცხრილის მე-2 საფეხურზე პოზიციებს განიმტკიცებენ.

რაც შეეხება "არმიას", შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდთან წაგება მოულოდნელი იყო, იმის მიუხედავად, რომ "აკადემია" ბოლო დროს ძალიან გაძლიერდა და ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია.

თავის მართლებას არ ვაპირებ. არადა, ობიექტურად თუ ვიტყვით, მთელი გულისყური ევროჩელენჯზე გვაქვს გადატანილი.

"აკადემიის" ყურადღების ცენტრში კი "არმია" იყო. გერმანიაში მომქანცველი მატჩის შემდეგ ძალების სრულად აღდგენა და ეროვნულისთვის მომზადება სათანადოდ ვერ შევძელით. თუმცა ერთი მარცხით ქვეყანა არ იქცევა - შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდთან სარევანშოდ დრო და შანსი გვექნება. ახლა მთავარია, "ჰაპოელი" დავამარცხოთ და ქომაგები გავახაროთ.

- სამშაბათის მატჩში ვინმე ხომ არ დაგაკლდებათ?
- გერმანიაში უგრეხელიძემ, მართალია, სულ შვიდი წუთი ითამაშა, მაგრამ დროის ამ მცირე მონაკვეთში ნაყოფიერად გაისარჯა. მერე ტრავმა მიიღო და "ჰაპოელთანაც" ვერ დაგვეხმარება, რაც ჩვენთვის დანაკლისი იქნება, რადგან ტანმაღალი კალათბურთელების კარგი თამაშით მაინცდამაინც განებივრებულები არ ვართ.

დანარჩენები მწყობრში არიან. ისრაელში მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკუთარი ფარის წაგება იყო.

ბოლო ვარჯიშზე სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებაზე ვიზრუნეთ. ასე რომ, სამშაბათს ყველაფერი რიგზე იქნება.

დავით უგრეხელიძე:
- ძალიან მწყდება გული, რომ "ჰაპოელთან" ორთაბრძოლას მხოლოდ ტრიბუნებიდან მივადევნებ თვალს და თანაგუნდელებს ვერ დავეხმარები. ახლა გამოკვლევას ვიტარებ. სერიოზული არაფერი ჩანს, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით ვარჯიშს ვერიდები.

- მეტოქეზე რას იტყვი?
- ფრენკ ჰასელი, ზაკ როზენი, ჯერონ დაისონი და ტაილერ სმიტი ძლიერი კალათბურთელები არიან.

"ჰაპოელი", უმთავრესად, მათი ინდივიდუალური თამაშის წყალობით გადის ფონს, თუმცა სწრაფი კონტრშეტევებიც კარგად ეხერხება. ისრაელში ჩვენი მარცხის მიზეზი ის იყო, რომ გვიან დავიწყეთ შეკრება, უცხოელებთან შესათამაშებლად დრო არ გვეყო. საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრებიც ვერ მოვასწარით.

ვინც თვალს ადევნებს "არმიის" მატჩებს, ალბათ, შეამჩნევდა, რომ გუნდი პაექრობიდან პაექრობამდე აუმჯობესებს თამაშს. თუნდაც ჩვენი ჯგუფის ლიდერ "ტელეკომთან" მატჩი ავიღოთ. სამწუხაროდ, ბოლო წამებზე წავაგეთ. ვფიქრობ, სამშაბათს ასეთი რამ არ მოხდება და გავიმარჯვებთ.

ბექა წივწივაძე:
- დაძაბული მატჩი გველის, მაგრამ არ გვეშინია, მოტივირებულები ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ქომაგები გავახაროთ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გამოვიყენოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტელეკომი-არმია 75:71 - გავდივართ მომსახურების ზონიდან
არმია-ანტვერპენი 71:80 - ვერ შევწვდით; არადა, გიგანტები არც ბელგიელები იყვნენ

ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული