არმია-ჰოლონი 72:79 - ჰაპოელმა ევროპიდან ჩამოგვხსნა

AutoSharing Option
სათაურიდან ყველაფერი გასაგებია: "არმიამ" თბილისში ისრაელის "ჰაპოელ ჰოლონთან" 72:79 დათმო და ევროჩელენჯის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა.

* * *

ყოველი წაგების შემდეგ ჩნდება კითხვა - რატომ? ამ შემთხვევაში პასუხის მოძებნა მარტივად შეიძლება.

მოვიმარჯვოთ მატჩის ოქმი და გადავავლოთ თვალი გუნდურ სტატისტიკას. ყველაზე თვალსაჩინო მოხსნების გრაფაში დაფიქსირებული სხვაობაა: "ჰაპოელ ჰოლონის" კალათბურთელები ფარიდან ასხლეტილ ბურთს 52-ჯერ დაეუფლნენ, ხოლო არმიელები - 29-ჯერ.

Sportall.Geმეტსაც გეტყვით, სტუმრებმა ქართველთა ფარზე ბურთი 21-ჯერ მოხსნეს, თბილისელებმა კი საკუთარი ფარიდან ოდენ ოთხით მეტი - 25.

მატჩის ოქმი ერთგვარი
ფოტოობიექტივია - მოედანზე მიმდინარე მოვლენებს ფოტოგრაფიული სიზუსტით ასახავს.

ჰოდა, ოქმიც ადასტურებს, რომ "ჰოლონის" კალათბურთელებისთვის სულ ერთი იყო, ბურთს რომელი კალათი ისხლეტდა - ორი-სამი მოთამაშე შემართებით მიიწევდა ბურთისკენ და მასპინძლებს არაფერს უთმობდა.

ისიც უნდა გითხრათ, რომ ჰოლონელების ყველაზე ტანმაღალი კალათბურთელი 206 სმ სიმაღლის ფრენკ ჰასელია; მაშინ, როცა "არმიაში" 206 სმ და მეტი სიმაღლისა ხუთი მოთამაშეა.

ლოგიკურია - რაც მაღალია სპორტსმენი, მით მეტი შანსი აქვს ფარქვეშ კონტროლის დაწესებისა. მაშ, რატომ გვაჯობეს ჰოლონელებმა? ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო დავით უგრეხელიძემ (208 სმ), ვლადიმერ ბოისამ (206 სმ) მეხუთე წუთზე მუხლის ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.

Sportall.Geროგორც მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა თქვა, ექიმების დაკვირვებით, ტრავმა სერიოზულია. დანარჩენს გამოკვლევა უპასუხებს. ბოისას ნაცვლად მოედანზე შვედი იოაკიმ შელბიმი შევიდა (213 სმ), მაგრამ ვერც ამჯერად გაამართლა და მწვრთნელმა მეოთხე პერიოდში ფარი ახალგაზრდებს გიორგი შარაბიძესა (210 სმ) და გიორგი ჯგერენაიას (206 სმ) მიანდო. მათ ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ მეტოქეებთან შედარებით გამოუცდელები არიან...

შეიძლებოდა ლემეინ უილსონის უფრო სამწამიანი ზონისკენ შეწევა, ან ორმაგი ცენტრის დაყენება, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, სავარაუდოდ, პერიმეტრზე შესუსტდებოდა ყურადღება, რაც სტუმრებისთვის დამატებით შანსს გააჩენდა, მათ ხომ 8 სამქულიანი ჩააგდეს.

"დამატებითი შანსი" ვახსენეთ და აქ ერთს დავძენთ: თითო მოხსნა ერთით მეტი იერიშის განხორციელების შანსს იძლევა. "ჰოლონმა" კი ბურთი ჩვენზე 23-ით მეტჯერ მოხსნა. ამ ლოგიკით, სხვაობა კიდევაც ნაკლები იყო.

შეიძლება იფიქროთ, რომ მოხსნებზე მსჯელობა ძალიან გაგვიგრძელდა, მაგრამ რომ არა ამ კომპონენტში სტუმართა დომინირება, თამაშსაც მოვიგებდით და სხვა განწყობითაც ვილაპარაკებდით.

* * *

ზემოთ რაც დავწერეთ, მეორე ტაიმის სურათი იყო. პირველი ნახევარი სპორტის სასახლეში შეკრებილი ქართველი გულშემატკივრისთვის გაცილებით სასიამოვნო სანახავი იყო. ამ გუნდების ჰოლონურ მატჩში "ჰაპოელმა" სწრაფი გარღვევებით მოგვიღო ბოლო.

Sportall.Geქართველებმა ამ კომპონენტზე ბევრი იმუშავეს, მეტოქის გამთამაშებელს არმიელი უკანახაზელი მოედნის მისსავე ნახევრიდან ავიწროვებდა.

ქართველები ერთმანეთს კარგად აზღვევდნენ და მათი კალათისკენ თავისუფალი დერეფანი იშვიათად ჩნდებოდა.

სწორედ ამის შედეგი იყო, რომ "ჰაპოელმა" საწყის 7 წუთში თამაშიდან ბურთი ვერ ჩააგდო, ხოლო 40 წუთის განმავლობაში სწრაფი გარღვევით მხოლოდ 2 ქულა მოინაგრა.

პირველ ნახევარში სტუმრები ჯერომ დაისონის იმედად იყვნენ, რომელმაც დიდ შესვენებამდე 16 ქულა მიითვალა, ხოლო მატჩი 31-ით დაასრულა. ამერიკელმა საოცარი სიზუსტით ისროლა სამქულიანები: 12-დან 7 გამოიყენა (58.3%).

* * *

ნამატჩევს ჟურნალისტების წინაშე წარსდგა მასპინძელთა მწვრთნელი კოტე ტუღუში:
"მეტოქემ ფარზე გვაჯობა. ცუდად ითამაშა იოაკიმ შელბომმა, ვლადიმერ ბოისამ კი მუხლის ტრავმა მიიღო.

ვეცადეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. თავს ზემოთ ძალა არ არის".


ლაშა გამყრელიძე:
ჰაპოელთან" სათამაშოდ მონდომებით ვემზადებოდით, კარგადაც დავიწყეთ, ძალა არ დავიშურეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიეთ. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ერთგულად გვქომაგობდა".

დენ შამირი ("ჰაპოელ ჰოლონის" თავკაცი):
"ორი დღის წინ ისრაელში თელ-ავივის "მაქაბის" ვეთამაშეთ. რთული შეხვედრის შემდეგ გადაწყობა ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში ეს შევძელით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ".

ჯერომ დაისონი:
"არმია" კარგი გუნდი რომ არის, პირველი მატჩის შემდეგ დავრწმუნდით, მაგრამ თბილისში გაცილებით უკეთესად გაისარჯა. განსაკუთრებით, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ დაცვაში თამაშის დალაგება შევძელით და ამ მოგებით ევროჩელენჯის მეორე ეტაპს მივუახლოვდით".

ევროჩელენჯი 2012-13. H ჯგუფი
27 ნოემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე
5000 მაყურებელი
არმია-ჰაპოელ ჰოლონი 72:79
28:17, 18:21, 11:21, 15:20
მსაჯები: ი. დოლინეკი (ჩეხეთი), ი. ჩალიკი (პოლონეთი), ტ. ჰორდოვი (ხორვატია)
Sportall.Ge


გუნდი
1 ჰაპოელი 4 3 1 329/290 7
2 ბონი 3 3 0 241/221 6
3 ანტვერპენი 3 1 2 216/240 4
4 არმია 4 0 4 283/318 4

28 ნოემბერი
22:30 ბონი-ანტვერპენი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტელეკომი-არმია 75:71 - გავდივართ მომსახურების ზონიდან
არმია-ანტვერპენი 71:80 - ვერ შევწვდით; არადა, გიგანტები არც ბელგიელები იყვნენ

ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
საშინელება იყო,ყველაზე მეტად უიმედობა მაწუხებს.ნაკრების ორი წევრი თამაშობდა და ჯამში ორი ქულა გააკეთეს. 6-7კაციანი ნაკრები რას გააწყობს. პერსპექტიული კალათბურთელი საერთოდ არ ჩანს.სკოლაშივე უნდა დაიწყოს მუშაობა.
mamuka
23:07 29-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული