სუპერლიგის სუპერფინალი: ოლიმპი-შსს აკადემია

AutoSharing Option
პარასკევს, ევროლიგაზე გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" რუსი არმიელები (ცსკა) ევროლიგის ნახევარფინალიდან რომ დაითხოვა, მკითხველს კარგად ემახსოვრება.

ამ მატჩის ქართული ანალოგი შაბათს შედგა: აქაც ოლიმპელები არმიელებს შეხვდნენ, ამჯერადაც გაიმარჯვეს - "ოლიმპმა" "არმიასთან" 76:71 იყოჩაღა და ფინალის საგზური მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდებოდა კვირას იმერეთში გამართული მეორე ნახევარფინალური წყვილის შეხვედრა ("ქუთაისი"-"შსს აკადემია"), შაბათსვე შეგვეძლო დაგვეწერა: საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება!

"არმიას" გამოკლების შემდეგ სუპერლიგაში დარჩნენ გუნდები, რომლებსაც აქამდე ჩემპიონობა არ მოუპოვებიათ.

არმია-ოლიმპი
ნამატჩევს პრესკონფერენციაზე "ოლიმპის" მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა თქვა: გამოჩნდა, რომ ლიდერის, სტევან
მილოშევიჩის ზედმეტი დატვირთვის გარეშეც შეგვიძლია გამარჯვებაო.

იქვე გაჩნდა კითხვა: ეს წინასწარ იყო ჩაფიქრებული, თუ მისი შემცვლელი აკაკი დვალიშვილის კარგმა თამაშმა განაპირობა?

მწვრთნელმა სტატისტიკა მოიმარჯვა:

"ამის მიზეზი ის იყო, რომ სტევანმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, მის ნაცვლად მოედანზე გამოსულმა აკაკიმ კი თავი დადებითი კუთხით წარმოაჩინა. თავად განსაჯეთ: როცა მილოშევიჩი მოედანზე იყო, 20 ქულით წავაგეთ, ხოლო როცა დვალიშვილი თამაშობდა - 23-ით მოვიგეთ. ეს სტატისტიკა ყველაფერზე ნათლად მიუთითებს".

იქვე "არმიას" თავკაცმა კოტე ტუღუშმა შენიშნა: არ უნდა გამოგვრჩეს, რომ მილოშევიჩის ნაკლებად ეფექტური თამაში გარკვეულწილად არმიელი კალათბურთელების დამსახურება იყოო.

მოკლედ, პრესკონფერენციაზე თქმული მკაფიო ანარეკლი იყო მოედანზე დატრიალებული მოვლენებისა: საწყის წუთებზე "არმიას" ყველაფერი გამოსდიოდა, "ოლიმპს" არაფერი. ცენტრ მილოშევიჩს კარგად მეურვეობდა მოძრავი არმიელი გიორგი ჯგერენაია.

მალე მოედანზე მილოშევიჩის ნაცვლად დვალიშვილი გამოვიდა და პირველ მეოთხედში გუნდის მიერ ჩაგდებული 18 ქულიდან 11 მის ანგარიშზე იყო. თამაშიც გათანაბრდა და ბოლო წუთებამდე ასე გაგრძელდა.

მეოთხე რაუნდში "არმია" 10:0 გაიქცა და 66:59 დაწინაურდა, თუმცა სერიაში სხვაობის შემცირების იმედი მოქმედ ჩემპიონებს ლევან ფაცაციას შედეგიანმა თამაშმა გადაუწურა - ოლიმპელებმა უფრო შთამბეჭდავი, 12:0 სპურტით უპასუხეს და 74:68 დაწინაურდნენ...

მატჩის ბომბარდირი, არმიელ ბესო ლეჟავასთან ერთად, "ოლიმპის" ახალწვეული დარენ მური გახდა - 19 ქულა (10 მოხსნა). სხვათა შორის, მას ზურგზე ქართულად მორი აწერია. სწორედ ამ გვარმა (კლასიკური ნაწარმოების, "უტოპიას" ავტორი ხომ სწორედ მორია, ოღონდ თომასი) გაგვახსენა სათაურში მოხმობილი სიტყვები, რომელთა განმარტებასაც აქ შემოგთავაზებთ: კალათბურთში, სადაც კალათი იატაკიდან 3.05 მეტრის სიმაღლეზეა, ტანმაღალი კალათბურთელების გარეშე მოგება უტოპიაა. "არმიას" პლეი ოფში ერთბაშად სამი მეფარე დააკლდა - შარაბიძე, ბაბიაშვილი და უგრეხელიძე.

"ოლიმპს" კი აღმოაჩნდა ფუფუნება, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრის, მილოშევიჩის სრულფასოვნად შეცვლისა.

11 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
არმია-ოლიმპი 71:76
არმია 19 19 18 15
ოლიმპი 18 22 17 19

ქუთაისი-შსს
11მაისი
ქუთაისი ამ მეტად მნიშვნელოვან მატჩს დიდი მწუხარებით შეხვდა. თამაშის დღეს გარდაიცვალა "ქუთაისისა" და თბილისის "დინამოს" ვეტერანი კალათბურთელი გელა დარსაძე, რომელიც ბოლოს ქუთაისურ გუნდში მწვრთნელად მუშაობდა.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის საკალათბურთო დარბაზში მყოფმა 2000-მდე ადამიანმა ღვაწლმოსილი კალათბურთელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

ადგილობრივი გულშემატკივრები ნახევარფინალური სერიის ქუთაისურ მატჩებს მოუთმენლად ელოდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ქუთაისმა" ჩემპიონატის მთავარ ფავორიტ შსს-ს ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაუთანაბრა.

ფავორიტთან მოულოდნელმა და დრამატულმა მოგებამ ქუთაისელ ქომაგს ფინალში გასვლის იმედები ჩაუსახა, მაგრამ დაიწყო თუ არა თამაში, მასპინძელთა ოპტიმიზმიც თანდათან გაიფანტა.

დავით უსტიაშვილის გუნდმა მატჩის დებიუტი ჩააგდო. შეხვედრის დაწყებიდან 3 წუთისა და 45 წამის განმავლობაში ქუთაისელებმა მეტოქის კალათში ბურთი ვერ ჩააგდეს, "შსს-აკადემია" კი პერმანენტულად ზრდიდა ანგარიშს.

დეონა ვონტის, კირკ არჩიბეკისა და ბენჯამინ რაიმონდის შეტევების შემდეგ ისინი 10:0 დაწინაურდნენ.

პერიოდის შუაწელიდან ქუთათურებმაც გამოასწორეს თამაში და თანდათან სხვაობაც შეამცირეს. კარგად ჩაერთო თამაშში ბუბა კვიმსაძე, რომელმაც საბოლოოდ ამ შეხვედრაში 7 ქულასთან ერთად 11 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

კარგად ირჯებოდნენ რიჩარდ მათიაშვილი, რევაზ დიდია, გიგი ბარბაქაძე და ზაურ ფაშაევი. მათი აქტიურობის შედეგად ქუთაისელებმა მეორე მეოთხედის დაწყებამდე სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს.

შემდეგი 10 წუთი სტუმრების აშკარა უპირატესობით წარიმართა. მწყობრი დაცვით ისინი მასპინძლებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ. უსტიაშვილის შეგირდებმა შეცდომებს უხშირეს. განსაკუთრებით, გიგი ბარბაქაძის ტექნიკური ჯარიმაა აღსანიშნავი, რასაც სტუმართა 7 უპასუხო ქულა მოჰყვა. გარდა ამისა, ქუთაისელებს საჯარიმო სროლებიც არ წაუვიდათ და ყოველივე ამან დიდ შესვენებამდე მათი 16-ქულიანი ჩამორჩენა განაპირობა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები შსს-ს უპირატესობით დაიწყო. ვონი და არჩიბეკი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. მათ ლონდარიძემაც აუბა მხარი. შედეგად, თბილისელებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს, მაგრამ მალე მდგომარეობიდან ქუთაისელებიც გამოერკვნენ - დიდიას, კვიმსაძის, გიგი ბარბაქაძის და მათიაშვილის ზუსტი შეტევების შემდეგ სხვაობა 10 ქულამდე შეამცირეს.

შეხვედრა უაღრესად დაიძაბა. იმედმიცემულმა გულშემატკივრებმა ხმაურით ლამის დარბაზი ჩამოანგრიეს. ძალიან დიდი ემოციური ფონი იყო და მასპინძლებს შეეძლოთ, ეს სათავისოდ გამოეყენებინათ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ვონის შეჩერება, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე აიღო თამაში და სხვაობა 15 ქულამდე გაზარდა.

ბოლო მეოთხედში "ქუთაისმა" კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალები. გიგი და დავით ბარბაქაძეების სამქულიანებისა და ჩატენვის შემდეგ, მატჩის დამთავრებამდე 3:38 წუთით ადრე, კვლავ 10 ქულამდე შემცირდა სხვაობა (71:81), მაგრამ შსს-მ მეტის გაკეთების საშუალება არ მისცა და ნახევარფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა.

შაბათის მატჩში 20 ქულითა და 6 მოხსნით საუკეთესო შსს-ს გამთამაშებელი დეონტა ვონი იყო, 16 ქულა მიითვალა შსს-ს ფორვარდმა ბენჯამინ რაიმონდმა. ქუთაისელთაგან ყველაზე მეტი - 19 ქულა გიორგი ბარბაქაძეს ჰქონდა.

11 მაისი. ქუთაისი, სპორტის სასახლე
შსს აკადემია-ქუთაისი 73:89
ქუთაისი 21 11 23 18
შსს აკადემია 27 21 19 22

ქუთაისი-შსს
12 მაისი
ბოლოდან დავიწყოთ: მატჩის დასრულებამდე 5:01 წუთით ადრე "ქუთაისი" 53:51-ს იგებდა. მანამდე "შსს აკადემიას" გამთამაშებლის, დეონტა ვონის ანგარიშზე 4 ქულა იყო, ბოლო ხუთ წუთში კი 9 ქულა ჩააგდო და სტუმრებს 65:61 გაამარჯვებინა.

ცხადია, ერთი კაცი თამაშს ვერ მოიგებდა, მთლიანად გუნდმა დაიმსახურა მოგება, თუმცა აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ქუთაისზე - ქართველებით დაკომპლექტებულმა გუნდმა (ერთი აზერბაიჯანელია) ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია გამოცდილი ლეგიონერებით გაძლიერებულ შსს-ს და ცოტა დააკლდა სერიაში ანგარიშის გასათანაბრებლად.

ასე და ამგვარად, თავის ისტორიაში პირველად "შსს აკადემია" ფინალში ითამაშებს. მისი მეტოქე "ოლიმპი" იქნება. სერია 20 მაისს დაიწყება.

12 მაისი. ქუთაისი, სპორტის სასახლე
ქუთაისი-შსს აკადემია 61:65
ქუთაისი 18 11 18 14
შსს აკადემია 21 12 9 23

V-VIII ადგილები
რუსთავი-სოხუმი 77:81
17:20, 25:15, 19:26, 16:20
რუსთავი: ბოუი (16ქ, 4პ), ცეკვავა (19ქ, 3ჩ), აბაიშვილი (12ქ, 6პ, 6მ), ჩაჩანიძე (2ქ), ნელსონი (13ქ, 8მ, 4პ), ტუჯანი (5ქ, 9მ), ათანელიშვილი (8ქ, 9მ, 3პ), ხმელიძე (2ქ).
სოხუმი: ჩლაიძე (7ქ), კოპალიანი (2ქ), შვანგირაძე (18ქ, 6მ, 4პ), დეკანოიძე, ბააკაშვილი (12ქ, 8პ), ქადარია (12ქ, 17მ, 4პ, 3დ), ათუაშვილი (30ქ, 12მ, 3პ), ჯინჭარაძე (5მ).

V ადგილისთვის
დინამო-სოხუმი 94:85
22:21, 17:23, 27:22, 28:19
დინამო: კარიმი (35ქ, 4პ), ლეჟავა (4ქ), ჩიკვილაძე (16ქ, 10მ, 5პ), ორმოცაძე, კარტერი (18ქ, 12მ, 6პ), ოლუიჩი (12ქ, 7მ), კლიმენი (9ქ).
სოხუმი: ჩლაიძე (23ქ, 7პ, 5მ), კოპალიანი (4ქ), შვანგირაძე (5ქ), დეკანოიძე, ბააკაშვილი (16ქ, 5პ), ქადარია (24ქ, 3პ), ათუაშვილი (7ქ, 10მ, 4პ), ჯინჭარაძე (6ქ).

VII ადგილისთვის
13 მაისი
16:00 რუსთავი-თსუ

ავტორები: ვაჟა სიმონიშვილი  და დავით კოხრეიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული