ვითა-უნიქსი 76:104 - ლენგფორდის სოლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვითას" კალათბურთელები კარგად გვყავდა შესწავლილი. ვეცადეთ, ლიდერები შეგვეჩერებინა, მაგრამ დასამშვიდებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

კარგად ითამაშეს ქართველმა კალათბურთელებმა. ნამდვილად არ მოველოდით, რომ ირაკლი ჩლაიძე ასე გაირჯებოდა. იგი ხელაწეული უნიქსელის წინაშე მდგომიც შესანიშნავად ისროდა. ამას დავუმატოთ დარიუს კარტერის სიზუსტე და ამიტომაც იყო, 20-ქულიანი უპირატესობა მესამე პერიოდის ბოლოს რომ გაქრა", - აღნიშნა "უნიქსის" მწვრთნელმა ევგენი პაშუტინმა და დასძინა:

"სხვაობა 4 ქულამდე რომ შემცირდა, ცხადია, ავნერვიულდი, დამჭირდა კალათბურთელების გამოფხიზლება. მეოთხე პერიოდში კი ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩვენ გვსურდა", - თავი გამოიდო კიტ ლენგფორდმა,
რომელიც ყოველთვის მაღალი შედეგიანობით სტყორცნის, თუმცა "ვითასთან" არაერთი "რთული" ბურთიც ჩააგდო.

* * *
"უნიქსის" მთავარი მწვრთნელის სიტყვებიდან მატჩის ზოგადი სურათის წარმოდგენა შეიძლება:

...მატჩის დასაწყისში სტუმრები 20-ქულიან უპირატესობას დაეუფლნენ, რომელიც მესამე რაუნდში 4-მდე დავიდა.

...გავიგეთ, რომ ქართველთა მხრიდან ჩლაიძე და კარტერი გამოირჩნენ. პირველმა 17 ქულა ჩააგდო (9-დან 4 სამქულიანი), ხოლო კარტერმა - 23 ქულა. პიერია ჰენრის 15 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 8 პასი მოუგროვდა. უნგრეთის ჩემპიონატში გადასული უკრაინელი ალექსანდრ ლიპოვოი კი გამთამაშებლის პოზიციაზე კარგად შეცვალა მერაბ ბოქოლიშვილმა.

...მწვრთნელის კომენტარიდან გავიგეთ ისიც, რომ მატჩის შედეგზე დიდი გავლენა კიტ ლენგფორდმა იქონია. ეს არც არის გასაკვირი, ამერიკელი ხომ 36 ქულამდე ავიდა.

* * *
ახლა "ვითას" დამრიგებელ პაველ გოოგეს მოვუსმინოთ:

"თბილისში მაღალი დონის გუნდი ჩამოვიდა, "უნიქსში" სხვადასხვა ნაკრების კალათბურთელები თამაშობდნენ და ბიუჯეტიც მაღალი აქვს. ასეთი მეტოქის დამარცხება ძალიან რთულია. თუმცა გავაკეთეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი".

მწვრთნელმა ცალკე ქართველებზეც ისაუბრა:

"ქართველ კალათბურთელებს დრო და შანსი მივეცით, რაც შესანიშნავად გამოიყენეს. დაგვანახვეს, რაც შეუძლიათ. რამდენიმე დღეში (13 ნოემბერს) "ნიმბურკთან" რთული მატჩი გველის და მსურდა, რომ ამ შეხვედრისთვის კიდევ უფრო თავდაჯერებულები ყოფილიყვნენ".

"ვითას" ფინანსურად რომ არ ულხინდა, კარგად მოგეხსენებათ. მწვრთნელმა ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი:

"გვჭირდება 3 კალათბურთელი და ფინანსები. თუმცა მაქვს სასიამოვნო ინფორმაცია - დაგვიანებულ ხელფასებს სამშაბათს მივიღებთ, სიტუაციაც დარეგულირდება. ვვარაუდობთ, რომ იანვრის დასაწყისისთვის ისეთი გუნდი გვეყოლება, სერიოზულ გუნდებთანაც რომ შეგვეძლება თანაბარ დონეზე კონკურენცია".

ვითიბი ლიგა. რეგულარული სეზონი. VII ტური
8 ნოემბერი, თბილისი
ვითა-უნიქსი 76:104
13:26, 20:22, 27:22, 14:36
ვითა: მაისურაძე, ჩლაიძე (17ქ, 3პ), ბითაძე (3), ბოქოლიშვილი (5ქ), რევაზაშვილი, შენგელია, კარტერი (23წ, 6მ), ჰენრი (15ქ, 7მ, 8პ, 3ჩ), ანიკიენკო (8ქ, 5მ), ტერნერი (5ქ).
უნიქსი: ლენგფორდი (36ქ, 9პ), პონკრაშოვი (10ქ, 4პ), კოლომი (3ქ, 8პ), ლიხოდეი (17ქ, 9მ), ბანიჩი (10ქ, 5მ), გუბანოვი (4ქ), კაიმაკოგლუ (7ქ, 3პ), უილიამსი (12ქ, 9მ), მილაკნისი (3ქ), ხაბიროვი (2ქ).
მსაჯები: ი. კოკაინისი, ვ. ისაჩენკო, ა. შარაპა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული