ლიტვა-ნიგერია 72:53
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე ნიგერიამ ლიტვა სენსაციურად დაამარცხა. ასევე მოულოდნელი იყო ლონდონის თამაშების დებიუტში ლიტველთა უსუსური თამაში არგენტინასთან... მოკლედ, ბალტიისპირელებს მეორე ტურში უნდა დაემტკიცებინათ, რომ ოლიმპიადაზე ამბიციებით ჩავიდნენ. მეტოქეც სათანადო ჰყავდათ - ნიგერია.
ლიტველებმა პირველ ტაიმში ცოტა კი ინერვიულეს, მაგრამ მეორე ნახევარში მათი ორგანიზებული თამაშის წინააღმდეგ აფრიკელებმა ვერაფერი გააწყვეს. თავად განსაჯეთ, შარუნას იასიკიევიჩუსმა და კომპანიამ 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს, მაშინ, როცა მეტოქის მონაგარი მხოლოდ 3 პასი იყო.
ევროპელთა მწვრთნელმა კესტუტის კემზურამ მსუბუქ ხუთეულს მიანიჭა უპირატესობა, ცენტრებს მცირე სათამაშო
საფრანგეთი-არგენტინა 71:64
ტონი პარკერი თუ მანუ ჯინობილი? ეს კითხვა საფრანგეთი-არგენტინის თამაშის დაწყებამდეც დაისვა და შეხვედრის მსვლელობისასაც: საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე საფრანგეთი 60:58-ს იგებდა.
გადამწყვეტ მომენტში თამაში საკუთარ თავზე ერთი მხრიდან პარკერმა აიღო, მეორე მხრიდან ჯინობილიმ. საკითხავი იყო, რომელი უკეთ გაირჯებოდა. ბოლო წუთებზე მანუმ ერთი სამქულიანი ჩააგდო, თუმცა არაერთი ტყორცნა ააცილა.
პარკერი კი თავადაც ზუსტად ისროდა, პასებით თანაგუნდელებსაც ამარაგებდა და საჯარიმოს ხაზიდანაც ზუსტი იყო. მოკლედ, ორი მეგობრის (დიდი ხანია, "სან ანტონიოს" ღირსებას იცავენ) დუელში გამარჯვებული გამთამაშებელი გამოვიდა - ტონი პარკერი, რომლის გუნდსაც ბოლო წუთებზე ორი წამყვანი მეფარე გამოაკლდა: რონი ტურიაფი და ბორის დიაო. თუმცა არგენტინელებმა ვერც ამით ისარგებლეს.
ჯინობილი მატჩის შემდეგაც ვერ აცნობიერებდა, რომ პარკერი მისი მოწინააღმდეგე იყო:
- უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ცხოვრებაში პირველად ვუყურებდი პარკერს და მისი ყოველი ტყორცნისას ვფიქრობდი, ნეტავ ააცილოს-მეთქი.
ტონიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:
- მანუ ჩემი უახლოესი მეგობარია. მისი წარმატება ყოველთვის მიხარია, მაგრამ ამჯერად ნამდვილად მეწყინებოდა, რადგან საფრანგეთის ნაკრებს ამერიკასთან დიდი სხვაობით წაგების შემდეგ მოგება ძალიან სჭირდებოდა.
აშშ-ტუნისი 110:63
ვინც მატჩი ნახა, ტუნისელებზე ნამდვილად დადებითი შთაბეჭდილება შეექმნებოდა. მათ ყველაფერი გაიღეს, რათა "ოცნების გუნდთან" არ შერცხვენილიყვნენ. თუმცა, ამერიკელები რომ გაიმარჯვებდნენ, წინასწარ ცხადი იყო.
შეხვედრის ხასიათზე კი ერთის თქმა შეიძლება - "ოლ სტარს" მოგაგონებდათ, ამერიკელთა ეფექტური პასებით, ჩატენვებით, სამქულიანებით... "ვარსკვლავთა მატჩი" კი უნდა ნახო, მასზე ბევრის წერა საჭირო არ არის.
B ჯგუფი
რუსეთი-ჩინეთი 73:54
"მატჩის წინა დღისით 22 საათზე დაგვაწვინეს, რადგან დილას 6 საათზე უნდა გაგვეღვიძა, შეხვედრა ხომ 9 საათზე იწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმი სათანადოდ გამოფხიზლებული არ იყო, ჩინელებს მაინც იოლად შემოვახვიეთ ჩვენი თამაში", - იხსენებს რუსეთის ნაკრების ცენტრი საშა კაუნი.
როგორც ჩანს, ჩინელებმა გაღვიძებაც ვერ მოასწრეს, ისე გავიდნენ მოედანზე. მეორე წაგებით მათ ჯგუფიდან გასვლის საქმე სერიოზულად გაირთულეს, ხოლო რუსებმა მეორე მოგებით მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
ესპანეთი-ავსტრალია 82:70
"ესპანეთი მშენებარე გუნდია, თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. პიკს პლეი ოფში უნდა მივაღწიოთ. ისევე როგორც ჩინეთთან, დასაწყისში ავსტრალიასთანაც გაგვიჭირდა, მაგრამ მესამე პერიოდში ყველაფერი თავის ადგილას დადგა", - მშვიდად აცხადებს ესპანეთის ნაკრების ლიდერი პაუ გასოლი.
მის გუნდს ბომბარდირი ხუან კარლოს ნავაროს გარეშე უწევდა თამაში, რომელმაც ჩინეთთან შეხვედრაში ფეხის ტრავმა მიიღო.
დაზიანება სერიოზული არაა და ნავარო ესპანეთს ჯგუფურ ეტაპზევე დაუბრუნდება. ავსტრალიასთან შეხვედრის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო რუდი ფერნანდესმა, რომელიც პირით ხაზს გადააფრინდა და თავით ფოტოობიექტივს დაეჯახა.
ექიმების დახმარებით მან სათადარიგოთა სკამს მიაშურა, თუმცა თამაშის გაგრძელება მალევე შეძლო და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.
გადამწყვეტი აღმოჩნდა ესპანელთა მიერ ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობა: ძმები გასოლების, იბაკასა და რეიესის გუნდმა ავსტრალიელებს მოხსნებში 56:39 აჯობა.
ბრიტანეთი-ბრაზილია 62:67
ოლიმპიადის მასპინძლებმა მიზანი ჯერაც ვერ გაისწორეს. მათ რუსების შემდეგ ბრაზილიელებთან წააგეს.
არადა, სასტარტო წუთები სამხრეთამერიკელებს კარგს არაფერს უქადდა: პირველ მეოთხედში ბრაზილიამ მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო. ასეთი საჩუქარი ვერ გამოიყენეს მასპინძლებმა, რომლებსაც ქულების მოგროვება მეტოქესავით უჭირდათ.
ამასობაში ბრაზილიაც დალაგდა და გაჩაღდა თანაბარი თამაში. საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე ბრიტანელთათვის ანგარიში მისაღები იყო - 57:56. დარჩენილ დროში თავისი სიტყვა თქვეს სპლიტერმა, ნენე ილარიომ და უერტასმა, რომლებსაც სამქულიანით ვიეირა შეეხიდა და ბრაზილიამ 67:62 გაიმარჯვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"