ორი მატჩი კეთილი მეზობლების დუელად იქცევა: სამხრეთამერიკულ დერბიში ბრაზილია არგენტინას დაეჭიდება, ხოლო დასავლეთევროპულ პაექრობაში ესპანეთი - საფრანგეთს. "მამლებმა" პირინეელებთან ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე ფინალში წააგეს, თუმცა ოლიმპიადის ჯგუფური ეტაპი ესპანელებზე უკეთესად განვლეს და მეოთხედფინალში მეორეადგილოსნის სტატუსით გავიდნენ, მაშინ, როცა ესპანელები მესამეები იყვნენ.
მეოთხედფინალის კიდევ ერთი წყვილი დაძაბულობას თუ არა, სანახაობრიობას გვპირდება - ავსტრალია ამერიკას შეერკინება.
A ჯგუფი
ლიტვა-ტუნისი 76:63
ვერც ლიტვამ შეასრულა დასახული ამოცანა - მწვრთნელმა კესტუტის კემზურამ ოლიმპიადის დაწყებამდე რუსეთში ამხანაგურად დამარცხების შემდეგ თქვა: "ლონდონში, ჯგუფურ ეტაპზე ისე უნდა ვითამაშოთ, რომ თავი ავარიდოთ მეოთხედფინალში რუსეთთან დაპირისპირებას. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოგვიფიქრებია, რა ხერხით შეიძლება რუსების ძლევა".
ვნახოთ, რა გზას ნახავენ ლიტველები მეორე ჯგუფის პირველადგილოსანთან წარმატების მისაღწევად.
საფრანგეთი-ნიგერია 79:73
მეორე აფრიკულმა გუნდმა ნიგერიამაც ღირსეულად დაასრულა ოლიმპიადა. "მწვანეებმა" ტონი პარკერსა და კომპანიას ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს. მაღალი შედეგიანობით გამოირჩა ოგუჩი, რომელსაც ოლიმპიური რეკორდის გამეორებამდე 4 ქულა დააკლდა - 35 ქულას მოუყარა თავი.
როცა მატჩის ბედი ბოლო წუთებზე წყდება, დიდ როლს თამაშობს გამოცდილება. ფრანგები კი ნიგერიელებზე გამოცდილები არიან და შეხვედრაც ლოგიკურად დასრულდა.
აშშ-არგენტინა 126:97
"მოედნის ნახაზებს არ ვუყურებდი, ბურთს ვიღებდი და შეტევაზე ვფიქრობდი. კარგია, რომ ყველაფერი გამოგვივიდა და მორიგი მატჩი მოვიგეთ", - თქვა ამერიკის ნაკრების ფორვარდმა კევინ დურანტმა, რომელმაც არაერთი მეტად შორეული სამქულიანი ჩააგდო.
დურანტის ანგარიშზე 8 სამიანი იყო (10 მცდელობიდან). შეხვედრის მსვლელობისას გაჩნდა კითხვა - მოხსნის თუ არა ის კარმელო ენტონის რეკორდს, რომელმაც მესამე ტურში 10 შორეული ტყორცნა გამოიყენა.
რეკორდის შანსი დურანტს მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ მოუსპო - მეოთხე პერიოდში არ ათამაშა. კევინმა მატჩი 28 ქულით დაასრულა. სწორედ მისი და ლებრონ ჯეიმსის სიზუსტის წყალობით აშშ-მ არგენტინა მესამე პერიოდის დასაწყისში გატეხა. მანამდე კი თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა.
ტრავმირებული პრიჯიონის არყოფნაში კარგად დაიწყო ახალგაზრდა გამთამაშებელმა კამპასომ. მისი თანაგუნდელები (ჯინობილის მეთაურობით) სამქულიანს სამქულიანზე აგდებდნენ, ამერიკელებს კი ჩვეულად თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ. დიდ შესვენებაზე არგენტინელები ერთქულიანი ჩამორჩენით (59:60) გავიდნენ, თუმცა როგორ განვითარდა მოვლენები მესამე პერიოდში, უკვე მოგახსენეთ.
B ჯგუფი
ავსტრალია-რუსეთი 82:80
რუსეთის ნაკრებს ბოლო წამებზე გამარჯვება რომ უყვარს, ესპანეთსა და ბრაზილიასთან მატჩებშიც დაგვანახა.
თუმცა ბოლო წამების დრამა ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც მწვრთნელის, დევიდ ბლატის მონახაზში წერია - ავსტრალიასთან რუსებმა, როგორც იტყვიან, მოგებული თამაში წააგეს. საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე ვიტალი ფრიდზონმა ორი ზუსტი საჯარიმოთი თანაგუნდელები 80:79 დააწინაურა.
ძნელი წარმოსადგენი იყო, ავსტრალიელებს არათუ მატჩი მოეგოთ, არამედ ოვერტაიმში გადაეყვანათ. თუმცა "სან ანტონიოს" გამთამაშებელმა პატრიკ მილსმა მატჩის დასრულებამდე წამით ადრე სამქულიანი ზუსტად სტყორცნა და 82:80.
"გადამწყვეტ მომენტში სროლა ძალიან სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოლიმპიადაზე ხარ, რუსეთს ეთამაშები და რაც მთავარია - ტყორცნის შემდეგ ბურთი კალათში რომ ეშვება", - განაცხადა მილსმა, რომელსაც მეოთხედფინალში ამერიკა ელის.
ბრიტანეთი-ჩინეთი 90:58
ოლიმპიადის დაწყებამდე ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის მატჩის შედეგი, პრაქტიკული თვალსაზრისით, არაფერს გადაწყვეტდა. ამ გუნდებმა წინა ოთხივე შეხვედრა წააგეს და ჯგუფში ოთხეულს მიღმა აღმოჩნდნენ.
ამიტომ მასპინძლები და ჩინელები პრესტიჟისთვის შეეჭიდნენ. მოგება განსაკუთრებით ბრიტანელებს სჭირდებოდათ, რათა ტურნირის დასკვნითი მატჩის ბოლოს მაინც გასულიყვნენ მოედნიდან თავაწევით. ბრიტანელებმა ეს ნამდვილად მოახერხეს - ჩინეთი 90:58 გაანადგურეს.
ბრაზილია-ესპანეთი 88:82
შეხვედრის წინ საინტერესო სიტუაცია იყო: ბრაზილია-ესპანეთს შორის მოგებული მეოთხედფინალში არგენტინას ეთამაშებოდა, ხოლო თუ ამ ბარიერსაც დაძლევდა, ნახევარფინალში აშშ-ის წინააღმდეგ მოუწევდა გასვლა. ფინალზე მოფიქრალი გუნდისთვის ეს ნათელი პერსპექტივა სულაც არ უნდა ყოფილიყო.
შესაძლოა, ესპანელებმა განზრახ არ წააგეს, მაგრამ მათ განწყობაზე წინასაპლეიოფო სიტუაცია ნამდვილად იმოქმედებდა. სწორედ მაშინ, როცა თამაშის ბედი წყდებოდა, ბარბოსამ ორი სამქულიანი ჩააგდო და ბრაზილია 75:73 დააწინაურა. ამ ეპიზოდის შემდეგ ესპანელები წინ ვეღარ გავიდნენ და მეოთხედფინალში მეტ-ნაკლებად სასურველი მეტოქე, საფრანგეთი დაიბევეს.
იბერიელთა გამთამაშებელ ხოსე კალდერონს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, განგებ ხომ არ წააგეთო. პასუხი ასეთი იყო: "არა, არასოდეს! ეს ჩვენს გუნდს არ ახასიათებს. არ ვიცი, რამდენი წელია, ერთი შემადგენლობით ვთამაშობთ და ყოველთვის მოგებისთვის ვიბრძვით, მხოლოდ გამარჯვებისთვის!"
"თუ ასე განვაგრძობთ, ნებისმიერ მეტოქეს შეეძლება ჩვენი დაჩაგვრა", - დასძინა ესპანელთა ლიდერმა პაუ გასოლმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"