სერჯო სკარიოლოს ნაკრებმა დიდი გაჭირვებით მიაღწია ფინალამდე - ჯგუფში ორჯერ დამარცხდა, ნახევარფინალში კი პირწმინდად წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ მოუგო რუსეთს.
ამიტომაც ბევრს არ ეგონა, რომ პირინეელები ისეთივე ბრძოლას გაუმართავდნენ "დრიმ თიმს", როგორც ეს ოთხი წლის წინ, პეკინის ოლიმპიადაზე გააკეთეს.
ანგარიში მატჩში ამერიკელებმა გახსნეს - კობი ბრაიანტმა ფარქვეშიდან გამოიტყუა მარკ გასოლი და მარტო დარჩენილ ტაისონ ჩენდლერს მიაწოდა ბურთი. ესპანეთმა მეტოქეს ღირსეული პასუხი გასცა:
"ბარსელონას" მცველი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა - ჯერ კიდევ პირველ შესვენებამდე მან 14 ქულა მოაგროვა, მაგრამ ამან დიდად ვერ უშველა მის გუნდს. კარგად იმუშავა ამერიკელთა საფირმო იარაღმა - სამქულიანმა. სულ ცოტაც და, განმეორდებოდა ქალთა ფინალის სცენარი, მაგრამ ესპანელებმა არ დაუშვეს მოვლენათა ამგვარი განვითარება.
მეორე მეოთხედის საწყისი წუთნახევრის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა: ევროპელებმა შეაკავეს მეტოქე, ხოლო სერხიო როდრიგესის სამქულიანით წინ გასვლაც მოახერხეს! თავისი გმირობით აღფრთოვანებულმა როდრიგესმა წარმატების განვრცობა მოინდომა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა.
ჯერ უმიზეზოდ დაეჯახა ჩენდლერს, შემდეგ სახეში თითიც ატაკა, რითაც იმ დონეზე გააბრაზა ამერიკელთა გიგანტი, რომ მან მადრიდის "რეალის" მცველისკენ გაიწია. საქმეში მსაჯები ჩაერივნენ და ორივე კალათბურთელი ტექნიკური ჯარიმებით დააწყნარეს.
ხისტი და უხეში თამაში მრავლად იყო. ესპანელებმა შეძლეს აშშ-ის ნაკრების პროვოკაციაზე წამოგება და მიზანს მიაღწიეს: ამერიკელები ანერვიულდნენ და სხვაობა დიდი შესვენებისთვის მხოლოდ ერთ ქულას შეადგენდა.
მესამე მეოთხედის დასაწყისი შოკისმომგვრელი იყო: პაუ გასოლმა ორჯერ ჩააგდო, მეტოქემ ვერ უპასუხა და ესპანეთი სამი ქულით გავიდა წინ. დრო გადიოდა, მაგრამ ფავორიტის საფირმო შტურმი და გაქცევა არ ჩანდა.
ესპანეთთან გადამწყვეტ მატჩში ნერვული ფინალი - ნამდვილად არ შედიოდა ამერიკელთა გეგმაში. მაიკ კრჟიჟევსკის (ამ სპეციალისტმა ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ დატოვა პოსტი) გუნდისთვის საბედნიეროდ, არ აცილებდა კევინ დურანტი, თორემ აშშ-ის საქმე მართლაც ცუდად იქნებოდა.
მაგრამ ვერც არაადამიანური მონდომებით და პაუ გასოლის ვარსკვლავური თამაშით ვერ შეძლეს ესპანელებმა მიზნის მიღწევა. მათ ამისთვის ძალები არ ეყოთ და არც ფანტაზია.
კვანძი საფინალო სირენამდე წუთითა და 52 წამით ადრე გაიხსნა. ლებრონ ჯეიმსმა სამქულიანი ჩააგდო და მისი თანაგუნდელებისთვის კომფორტული - ცხრაქულიანი უპირატესობა დააფიქსირა. ესპანეთისთვის უმნიშვნელოვანესი იყო საპასუხო შეტევის ზუსტი ტყორცნით დასრულება, მაგრამ უფროსმა გასოლმა ძალიან ხისტად ჩაუდგა კორპუსი კრის პოლს, რითაც შეტევაში ჯარიმა მიიღო.
ამის შემდეგ სერჯო სკარიოლოს შეგირდებს, უბრალოდ, დრო აღარ რჩებოდათ თამაშის გადასარჩენად. ბოლო წამებზე ესპანეთი ჯიუტად მისდევდა შეგნებული ჯარიმების ტაქტიკას, მაგრამ ამ დროს ამერიკელთა სათადარიგო სკამი უკვე გამარჯვებას ზეიმობდა.
და მაინც, ესპანეთი მადლობას იმსახურებს იმისთვის, რომ ფინალი ფორმალობად არ აქცია. ამერიკამ კი აჩვენა, რომ თამაშების იოლად მოგებასთან ერთად, საჭირო დროს ხასიათის გამოვლენაც შეუძლია.
მე-3 ადგილისთვის
არგენტინა-რუსეთი 77:81
20:19, 18:21, 19:21, 20:20)
ა: ჯინობილი (21), ნოჩიონი (16+7 მოხსნა), დელფინო (15), სკოლა (11).
რ: შვედი (25+7 პასი), კირილენკო (20+8 მოხსნა), ფრიძონი (19).
ფინალი
აშშ-ესპანეთი 107:100
35:27, 24:31, 24:24, 24:18
ა: დურანტი (30+9 მოხსნა), ჯეიმსი (19+7 მოხსნა), ბრაიანტი (17), პოლი (11), ლავი (9+9 მრხსნა).
ე: პ. გასოლი (24+8 მოხსნა+7 პასი), ნავარო (21), მ. გასოლი (17), ფერნანდესი (14), იბაკა (12+9 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"