ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანს გაუტოლდა

AutoSharing Option
გარდა იმისა, რომ აშშ-ის ნაკრებმა მეთოთხმეტედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი, ამ გუნდის რამდენიმე წევრმა ინდივიდუალური მიღწევა დააფიქსირა.

მაგალითად, ოლიმპიადის მოგების შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა გაიმეორა მაიკლ ჯორდანის 20 წლის წინანდელი მიღწევა. 1992 წელს ჯორდანი ერთი სეზონის განმავლობაში გახდა სეზონის MVP, NBA-ს ჩემპიონი და ოლიმპიადის გამარჯვებული.

ამერიკის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ჯერი კოლანჯელომ აღფრთოვანება ვერ დამალა ლებრონით:

"ეს ჯეიმსის თამაშები იყო. 2006 წელთან შედარებით, ის ძალიან შეიცვალა, როგორც ადამიანი და როგორც მოთამაშე. უკვე დაბრძენებული მოთამაშეა, ნამდვილი ლიდერი. ლებრონი არავის ბაძავდა. მან ყველაფერი
თავად გააკეთა, მწვრთნელი და კომპანია კი ეხმარებოდნენ მას".


მაგრამ ჯეიმსის მთავარი მიღწევა შემდეგში მდგომარეობს: ის გახდა აშშ-ის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ოლიმპიურ თამაშებზე. ლონდონის შემდეგ ლებრონს 273 ქულა დაუგროვდა. წინა რეკორდსმენი ცენტრი დევიდ რობინსონი იყო - 270 ქულა.

ასევე, უნდა გამოვარჩიოთ ამერიკელთა ცენტრი ტაისონ ჩენდლერი. მას მოქმედ კალათბურთელებს შორის უნიკალური შედეგი აქვს - ის ერთადერთია, რომელსაც მოგებული აქვს NBA-ს ტიტული, მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები.

ჩენდლერმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2010 წელს გაიმარჯვა, 2011 წელს NBA-ს ჩემპიონი გახდა "დალასის" შემადგენლობაში, ახლა კი ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიპოვა.

შეუძლია იამაყოს 2012 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ენტონი დევისმა. ის პირველი მოთამაშეა 1984 წლის შემდეგ, რომელმაც ერთ წელს მოიგო NCAA-ს ჩემპიონატი, გახდა ამ ტურნირის "ოთხთა ფინალის" MVP და დაისაკუთრა ოლიმპიური ოქრო.

1984 წელს ასეთი კოლექცია შეაგროვა ლეგენდარულმა ცენტრმა პატრიკ იუინგმა. სტუდენტური ჩემპიონატითა და ოლიმპიადის ოქროთი აღინიშნა კრისტიან ლეიტნერი 1992 წელს.

* * *
როგორც უკვე ვწერდით, ვაკანტური გახდა აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი. ორი ოლიმპიადის მოგების შემდეგ თანამდებობა დატოვა მაიკ კრჟიჟევსკიმ.

Yahoo!Sports-ის ინფორმაციით, კრჟიჟევსკის მთავარ შემცვლელებად "სან ანტონიო სპურსის" მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი და "ბოსტონ სელტიქსის" დამრიგებელი დოკ რივერსი მოიაზრებიან.

როგორც იტყობინებიან, უახლოეს პერიოდში ორივე სპეციალისტთან გაიმართება მოლაპარაკებები და რამდენიმე კვირაში ოფიციალური კონტრაქტი გაფორმდება.

დელფინო როკეტსში...
როგორც სააგენტო AP იუწყება, "ჰიუსტონ როკეტსმა" ერთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ კარლოს დელფინოსთან. 29 წლის კალათბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.

გასულ სეზონში დელფინო "მილუოკიში" თამაშობდა და საშუალოდ 9.0 ქულას, 3.9 მოხსნასა და 2.3 შედეგიან პასს აგროვებდა.

... ო'ნილი ფინიქსში
სტივ ნეშთან და გრანტ ჰილთან გამოთხოვების შემდეგ "ფინიქსმა" გამოცდილი მოთამაშით გადაწყვიტა შემადგენლობის შევსება. ეს გახლავთ "ინდიანას" ყოფილი ცენტრი ჯერმეინ ო'ნილი. ტრავმებით შეწუხებული კალათბურთელი კარიერის დასრულებას აპირებდა, მაგრამ არიზონაში მას კიდევ ერთი შანსი მისცეს.

საინტერესოა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჯერმეინმა უფრო მეტი მატჩი გამოტოვა, ვიდრე "ფინიქსის" ერთად აღებულმა ყველა მოთამაშემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული