სტრიტბოლი რიოში მიდის

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საინტერესო გეგმის შესახებ გამოაცხადა - ის ოლიმპიურ პროგრამაში 3x3-ზე ქუჩის კალათბურთის ოლიმპიურ პროგრამაში შეტანაზე ბრძოლას აპირებს.

ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და ახალგაზრდული სახეობა, შესაძლოა, 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის თამაშებზე იყოს წარმოდგენილი.

"სამი მეტოქე, ორი პარტნიორი, ერთი მიზანი" - დევიზი, რომელიც ქუჩის კალათბურთის ნებისმიერმა მოთამაშემ იცის. ახლა ის შეიძლება მთელი მოძრაობის სლოგანი გახდეს, რომლის განვითარებას სერიოზულად აპირებს კალათბურთის ფედერაცია.

იცით, რა სახელი მოუგონა FIBA-მ ერთ ფარზე თამაშს? "ოცდაცამეტი!" ეს შემთხვევითი არ
არის. ჯერ ერთი, 33 - არის რიცხვი, რომელიც უნდა დააგროვოს ერთმა გუნდმა თამაშის მოგებისთვის; და მეორე: თუ განვიხილავთ ორ ციფრს ცალ-ცალკე, გამოდის ფორმატი "სამი სამზე".

ოკეანის გაღმა სტრიტბოლი - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კალათბურთის ცალკეული სახეობა. ეს მთელი კულტურაა. იქ ჩვეულებრივი ამბავია ნამდვილი მასობრივი ტურნირის მოწყობა, სადაც ყალიბდება ურთიერთობის კულტურა, ხალხი სპორტის გარშემო ერთიანდება, იქ არ არსებობს რასობრივი, ეროვნული თუ ასაკობრივი სხვაობა...

სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში NBA აქტიურად არის დაკავებული სტრიტბოლის განვითარებით, სპორტული ეკიპირების მწარმოებლები კი ერთმანეთს ებრძვიან მსხვილი ტურნირების ორგანიზებაში.

შეიძლება ვიღაცამ იკითხოს: "რაში სჭირდება ეს ზოოპარკი ოლიმპიადას? ზაფხულის თამაშები - ეს არის სპორტული ფორუმი საუკეთესოთა შორის საუკეთესოებისთვის, ვინც უფრო სწრაფია და ძლიერი. სწორედ ასეთი განსაზღვრება აქვს კლასიკურ კალათბურთში აშშ-ის ნაკრებს".

სინამდვილეში, ოლიმპიადა - ეს არ არის მხოლოდ ოთხწლეულის მთავარი ფორუმი. სპორტული თვალსაზრისით არც ისე განვითარებული ქვეყნების ასობით ათლეტისთვის პირველ ადგილზე დგას არა ფული ან ქულები, გოლები ან წამები, არამედ პიერ დე კუბერტენის პრინციპი. მათთვის თამაშები - ეს არის უდიდესი სპორტული შეკრება, სხვებზე დაკვირვებისა და საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა.

ანუ ის, რისთვისაც სტრიტბოლისტები მოედანზე მიდიან. ამიტომაც აზრი იმის შესახებ, რომ "ქუჩის" მოთამაშეებს რიო-დე-ჟანეიროში ვიხილავთ, სრულად აღარ ჩანს უტოპიური.

საერთოდ, ბოლო წლებში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მკვეთრი მიმართულება აიღო თამაშების გაახალგაზრდავებისკენ. ინტერნეტისა და ნარკომანიის ფართოდ გავრცელების საუკუნეში, სპორტი თანდათან სულ უფრო ნაკლებად აინტერესებს მოზარდ თაობას - შესაბამისად, ოლიმპიური ჩინოვნიკები აქტიურად იბრძვიან უმცროსი ასაკობრივი კატეგორიის გადარჩენისთვის.

ამიტომაც გამოჩნდა ზაფხულის თამაშებზე მაუნტინბაიკი და BMX, ზამთრის თამაშებზე - ფრისტაილი და სნოუბორდი.

მნიშვნელოვანია ის, რომ დასახელებული დისციპლინები დამოუკიდებელ სახეობებად არ არსებობენ, არამედ მათ კურირებენ უმსხვილესი ორგანიზაციები - შესაბამისად, ველოსპორტისა და თხილამურების ფედერაციები.

იგივე ისტორიაა სტრიტბოლთან დაკავშირებით: ის სრულებითაც არ შეავიწროებს თავის უფროს ძმას, არამედ მშვიდობიანად იარსებებენ ერთად.

"სტრიტბოლი, ანუ 3x3-ზე კალათბურთი, როგორც მას FIBA-ში უწოდებენ - ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა კალათბურთის განვითარებაში, - აცხადებს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ადამ სილვერი. - კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ უკვე დაადასტურა ეს, როცა იუნიორთა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანა ქუჩის კალათბურთი.

სტრიტბოლი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე კლასიკური კალათბურთი: მის სათამაშოდ საჭიროა მხოლოდ ერთი ფარი ორის ნაცვლად და ექვსი მოთამაშე ათის ნაცვლად".

მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც სილვერმა აღნიშნა - ეს არის ქუჩის კალათბურთზე უარის თქმა 2010 წლის იუნიორთა ოლიმპიადის დროს. მაგრამ უკვე სინგაპურის თამაშების შემდეგ, თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას, FIBA-ს გენერალურმა მდივანმა პატრიკ ბაუმანმა გამოთქვა წინადადება: რატომ არ უნდა იყოს სტრიტბოლი დიდ ოლიმპიადაზე? ყოველ შემთხვევაში, მას ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ ოლიმპიურ პროგრამაში შეიყვანონ.

"33"-ის წესები
(FIBA-ს მიერ აღიარებული)

თამაში ტარდება "დიდი" კალათბურთის ოფიციალური წესებით, მაგრამ არსებობს შემდეგი გამონაკლისები:

- ყოველი გუნდი შედგება ოთხი მოთამაშისგან (სამი მოედანზე და ერთი სათადარიგო) და ერთი მწვრთნელისგან.

- მატჩი ტარდება მოედნის ერთ ნახევარზე, ცალ ფარში.

- სადავო ბურთს თამაშის დასაწყისში არ აგდებენ. ამის ნაცვლად ერთ-ერთი გუნდის მოთამაშე სამქულიანს ისვრის. თუ ჩააგდებს - ბურთის ფლობის უფლება მის გუნდს გადაეცემა, თუ არა - მოწინააღმდეგე გუნდს. ამის შემდეგ დაცულია ბურთის ფლობის მონაცვლეობითი პრინციპი, როგორც ეს ჩვეულებრივ კალათბურთშია.

- მატჩს ემსახურება ორი მსაჯი.

- მატჩი შედგება ორი ხუთწუთიანი პერიოდისგან. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც პირველი დააგროვებს 33 ან მეტ ქულას. თუ ძირითადი დროის (10 წუთი) გასვლის შემდეგ ასეთი რამ არ მოხდა, გამარჯვებულია ის გუნდი, რომელმაც მეტი ქულა მოიპოვა. თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში, ინიშნება ორწუთიანი ოვერტაიმი (ერთი ან იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება გამარჯვებულის გამოსავლენად). იმ შემთხვევაში, თუ ოვერტაიმის დროს რომელიმე გუნდი 33 ქულას გადასცდა, ის გამარჯვებულად ცხადდება.

- შეტევისთვის გუნდს ათი წამი აქვს.

- იმ გუნდის მოთამაშეს, რომელიც ბურთს ფლობს, შეტევის დაწყების დროს არ აქვს სროლის უფლება - მან ერთი პასი მაინც უნდა გააკეთოს.

- თუ დაცვაში მყოფმა გუნდმა ბურთი სამწამიანის რკალის შიგნით მოიპოვა, საკუთარი შეტევის დაწყებისთვის ბურთი ამ ზონის გარეთ უნდა გამოიტანოს, რის შემდეგაც მინიმუმ ერთი პასი უნდა შეასრულოს და შემდეგ ისროლოს ფარისკენ.

- გვერდითი ხაზიდან ბურთის შემოტანა ხდება იმ წერტილიდან, რომელიც სამწამიანი რკალის უმაღლესი წერტილის გასწვრივ მდებარეობს.

ბუნებრივია, ზონის წესი არ არსებობს. გვერდითი ხაზიდან პასის მიცემა მოედნის ნებისმიერ წერტილში შეიძლება, მაგრამ მიმღებ მოთამაშეს არ აქვს სროლის უფლება. გარდა ამისა, თუ მოთამაშე აუტიდან იღებს პასს და ორქულიან ზონაში დგას, აუცილებელია, ბურთი სამწამიან ზონაში აიტანოს.

- ბურთის ჩატენვა აკრძალულია.

- ტაიმ-აუტები არ არის გათვალისწინებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული