საკონტინენტთაშორისო თასი აღდგენილია

AutoSharing Option
სამმა ორგანიზაციამ - FIBA-მ, FIBA-ამერიკამ და ევროლიგამ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. თითქმის 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ფუნქციონირებას განაახლებს საკონტინენტთაშორისო თასი, რომლისთვისაც ყოველწლიურად იბრძოლებენ ევროპისა და ამერიკის საუკეთესო გუნდები (რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება NBA-ის საუკეთესო გუნდი). ბოლოს, ასეთი ტურნირი 1996 წელს ჩატარდა და მისი გამარჯვებული გახდა საბერძნეთის "პანათინაიკოსი".

2013 წლის გათამაშება ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში გაიმართება, სადაც 4 და 6 ოქტომბერს, ორმატჩიან ფორმატში ერთმანეთს შეხვდებიან ევროლიგის ჩემპიონი, საბერძნეთის "ოლიმპიაკოსი" და ამერიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ბრაზილიის "პინეიროსი".

"მოხარულები ვართ, რომ შევძელით საკონტინენტთაშორისო
თასის დაბრუნება. ვფიქრობ, კალათბურთის მოყვარულებისთვის საინტერესო უნდა იყოს ევროლიგისა და FIBA-ამერიკის საუკეთესო გუნდების დაპირისპირება. ეს შესაძლებელი გახდა სამხრეთ ამერიკაში საკლუბო კალათბურთის არნახული პროგრესის წყალობით და იმედია, ჩვენი ინიციატივა ერთჯერადი არ იქნება",
- განაცხადა FIBA-ის გენერალურმა მდივანმა პატრიკ ბაუმანმა.

ჩერნოგორიამ ლიდერი დაკარგა
ჩერნოგორიის ნაკრების ლიდერმა ნიკოლა პეკოვიჩმა უარი განაცხადა ევრობასკეტში მონაწილეობაზე. ვარსკვლავმა ცენტრმა ამის მიზეზად "მინესოტა ტიმბერვულვზთან" ახალ კონტრაქტზე რთული მოლაპარაკებები დაასახელა. ამჟამად, ჩერნოგორიელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

"მინესოტა" პეკოვიჩს ხუთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს ჯამური 60 მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასით, მაგრამ კალათბურთელი ელოდება ფინანსურად უფრო სარფიან წინადადებებს სხვა კლუბებისგან.

2012-13 წლების სეზონში პეკოვიჩი საშუალოდ 16.3 ქულასა და 8.8 მოხსნას აგროვებდა.

* * *
დირკ ნოვიცკისა და სხვა წამყვანი კალათბურთელების შემდეგ, გერმანიის ნაკრებს მომავალ ევრობასკეტზე კიდევ ორი მოთამაშე დააკლდება. სლოვენიაში კონტინენტის პირველობაზე არ ითამაშებენ გამთამაშებელი დენის შრიოდერი და ფორვარდი ელიას ჰარისი, - იტყობინება გერმანიის კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდი.

შრიოდერი 2013 წლის დრაფტზე მე-17 ნომრად აირჩია "ატლანტა ჰოქსმა" და ის ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩება, რაც შეეხება ჰარისს, მან ნაწილობრივ გარანტირებული კონტრაქტი გააფორმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან".

* * *
"სან ანტონიო სპურსისა" და საფრანგეთის ნაკრების გამთამაშებელმა ტონი პარკერმა აღნიშნა, რომ 2016 წლამდე გააგრძელებს ეროვნულ გუნდში გამოსვლას, რათა მონაწილეობა მიიღოს რიო-დე-ჟანეიროს თამაშებში.

ცნობილია, რომ პარკერი წელს, ევრობასკეტზეც ითამაშებს.

"ჟალგირისი" იასიკიავიჩუსს ეპატაჟება
როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ლიტველმა ვეტერანმა შარუნას იასიკიავიჩუსმა უარყო თელ-ავივის "მაკაბის" წინადადება ერთწლიან კონტრაქტზე და ახლა, კარიერის გაგრძელების ვარიანტებს ელოდება.

ლიტვური პრესის ინფორმაციით, 37 წლის ვეტერანი, შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს. "ბარსელონას" ყოფილი კალათბურთელის მიმართ დაინტერესებას კაუნასის "ჟალგირისი" გამოთქვამს, რომელსაც, შეგასენებთ, ფინანსური პრობლემები აქვს. მიუხედავად ამისა, ლიტვური გრანდის ხელმძღვანელობა იმედოვნებს გამთამაშებლის ხელში ჩაგდებას.

"იასიკიავიჩუსი - ლიტვური კალათბურთის სახეა. თუ ის კაუნასში დაასრულებს კარიერას, ამას დიდ პატივად ჩავთვლით. მან იცის ჩვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ და ჩვენც ვიცით საკუთარი შესაძლებლობები", - ამბობს "ჟალგირსის" გენერალური მენეჯერი პაულიუს მოტეიუნასი.

ველიჩკოვიჩი ბამბერგში ჩაირიცხა
ევროლიგის "ამომავალი ვარსკვლავის" პრიზის ყოფილი მფლობელი ნოვიცა ველიჩკოვიჩი კარიერას გერმანიის "ბამბერგში" გააგრძელებს. 26 წლის ფორვარდი გერმანიის ლიგაში სათამაშოდ სერბული კლუბიდან "მეგა ვიზურადან" გადადის, სადაც ფორმა აღიდგინა მთელი რიგი ტრავმების შემდეგ.

ველიჩკოვიჩი ბელგრადის "პარტიზანის" აღზრდილია და ამ გუნდიდან 2009 წელს მადრიდის "რეალში" გადავიდა სათამაშოდ. "სამეფო კლუბში" მან სამი წელი გაატარა და 2011 წელს ევროლიგის "ოთხთა ფინალში" ითამაშა. სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში 205 სანტიმეტრი სიმაღლის ფორვარდს 2009 წლის ევრობასკეტის ვერცხლი აქვს მოპოვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული