სემიონოვამ 13 წლის ასაკში პირველად დაიჭირა კალათბურთის ბურთი, ორი წლის შემდეგ კი სსრკ-ის ჩემპიონის, რიგის ტტტ-ს ძირითად შემადგენლობაში იყო. 16 წლისა სსრკ-ის ნაკრების წევრი გახდა. ის მეოთხედი საუკუნე თამაშობდა და მოიგო ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა.
1976 წელს, მონრეალში და 1980 წელს, მოსკოვში ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიპოვა, სამჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 10-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, 14-ჯერ ფლობდა ევროპის ჩემპიონთა თასს, სსრკ-ის ჩემპიონის 16 ოქრო მოიპოვა. 1971-86
დიდი ადამიანი
ქალთა კალათბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იულიანა სემიონოვა მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალ ქალს შორის არის შესული. ასეთები 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან. და სწორედ ასეთ მოვლენას ჰქონდა ადგილი ერთ ღარიბ ლატვიურ ოჯახში 1952 წლის 9 მარტს. იქ გაჩნდა მეხუთე შვილი - გოგონა აბსოლუტურად ჩვეულებრივი პარამეტრებით: წონა - 3600 კგ და სიმაღლე - 52 სმ.ექვს წლამდე იულიანა არაფრით იყო გამორჩეული თანასოფლელი ბავშვებისგან. სწრაფად ზრდა მან პირველ კლასში დაიწყო. ამ ფენომენს ახსნა ვერ მოუძებნეს. მომავალი კალათბურთელის ორივე მშობელი საშუალოზე დაბალი სიმაღლის იყო. მათმა ქალიშვილმა კი 10 წლის ასაკში ერთი თავით გაასწრო თავის ძმებს.
"დედაჩემის ბაბუისკენ წავედი. ისიც ყველას ზემოდან ქვემოთ უყურებდა. ორ მეტრზე მაღალი იყო".
13 წლისა ერთი მეტრი და 90 სანტიმეტრი იყო. არსებობს ლეგენდა, თითქოს რიგაში შეიტყვეს სოფლელი გოგონას შესახებ, რომელიც თივის მძიმე შეკვრას მოზრდილ მამაკაცებზე მაღლა სტყორცნიდა. სხვა, უფრო ცნობილი ვერსიით, იულიანას უფროსი დის ქმარმა განაცხადი გააგზავნა დედაქალაქში, რათა მის ნათესავს მონაწილეობა მიიღო ყველაზე მაღალი გოგონას კონკურსში. ასეა თუ ისე, 13 წლის სკოლის მოსწავლის გადასაბირებლად, იულიანას სოფელში ხშირად დაიწყეს სტუმრობა რიგელებმა სკაუტებმა.
ეს 1965 წელს ხდებოდა. ხუთჯერ მივიდნენ მის მშობლებთან თხოვნით - გოგონა მათთან სპორტულ სკოლაში გაეშვათ. ისინი ოჯახს ბედნიერ მომავალს და სამოთხეს პირდებოდნენ. მაგრამ იულიანას ეშინოდა - მას არასოდეს დაეტოვებინა მშობლიური სახლი. ბოლოს, ძმებმა და მშობლებმა ერთობლივი ძალისხმევით დაითანხმეს მომავალი კალათბურთელი.
თავისი ბრწყინვალე სპორტული კარიერის შესახებ, იულიანა სემიონოვამ დაწვრილებით მოყვა ავტობიოგრაფიულ წიგნში: "როცა ბედნიერი ვიყავი". ის 1997 წელს გამოიცა. 15 წლის ასაკში ის ევროპის ჩემპიონი გახდა იუნიორებს შორის, 16 წლისა - მოზრდილებში. ნახევარი წელი მშობლიურ კლუბ ტტტ-ში თამაშობდა, ნახევარი წელი - სსრკ-ის ნაკრებში. მსოფლიოში პირველად მის შესახებ ლაპარაკი იტალიის შემდეგ დაიწყეს. მან შოკში ჩააგდო მეტოქე, რადგან მარცხენა ხელით ბურთს არ აცილებდა. ევროპაში მას კონკურენტი არ ჰყავდა. იულიანა სახელგანთქმული გახდა, ყველა მატჩში, ტრადიციულად: მისი ადგილი ფარქვეშ სამწამიან ზონაში იყო, სადაც სასწაულებს სჩადიოდა.
"საბჭოთა პერიოდში არ შეიძლებოდა იმის თქვა, რომ ჩვენთან პროფესიული სპორტი არსებობდა. უნდა მომეტყუებინა დასავლელი ჟურნალისტები, რომ მწვრთნელად ვმუშაობ, კარგი ხელფასი მაქვს და კალათბურთით მხოლოდ თავისუფალ დროს ვერთობი (!). საზღვარგარეთ გამგზავრების წინ, ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით ვიღებდი ინსტრუქციას".
საბჭოთა კავშირში მან მხოლოდ ტტტ-ს რიგებში ითამაშა, რის შემდეგაც პირველი საბჭოთა ქალი კალათბურთელი გახდა, ვისაც საზღვარგარეთ თამაშის უფლება მისცეს, კერძოდ ესპანეთში. კონტრაქტი ნახევარ წელიწადში 45 ათას დოლარს ითვალისწინებდა, მაგრამ სემიონოვა თვეში მხოლოდ 400 დოლარს იღებდა.
"დანაჩენი სპორტის სახელმწიფო კომიტეტს მიჰქონდა. უფრო ზუსტად, იქ რიცხავდნენ მთელს ფულს და შემდეგ მიხდიდნენ მე".
სემიონოვა თბილად იხსენებს ესპანელ გულშემატკივრებს. პირდაპირ ქუჩაში მიდიოდნენ მასთან, ავტოგრაფს იღებდნენ, კითხვებს უსვამდნენ.
ქუჩაში გადაადგილება ყოველთვის პრობლემა იყო მისთვის. მაგალითად, კოლუმბიაში მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, პოლიციელების დახმარების გარეშე ქუჩაში მოძრაობა არ შეეძლო. პოლიციელები სასტუმროს გარშემო შეკრებილ ცნობისმოყვარე ბრბოს შლიდნენ და სემიონოვას შოპინგზეც დაყვებოდნენ. სავაჭრო ცენტრში სამართალდამცავები ყველა კარს კეტავდნენ და იქ არავის უშვებდნენ, სანამ კალათბურთელი საყიდლებზე იყო.
ლეგენდარული კალათბურთელის სპორტული კარიერა 1990 წელს, 35 წლის ასაკში დასრულდა - ფეხის ტრავმის გამო. ესპანეთის შემდეგ იყო მიწვევები სხვა ევროპული გუნდებიდან, მაგრამ სემიონოვა უარს ამბობდა, რადგან ტრავმის გამო დატვირთვებს ვეღარ უძლებდა.
კარიერის დასრულების შემდეგ, ლატვიის ოლიმპიური სოციალური ფონდის თავმჯდომარე გახდა და დღემდე ეხმარება დაახლოებით 70 ყოფილ სპორტსმენს, რომლებისთვისაც სემიონოვა ერთადერთი ნათელი წერტილია ცხოვრებაში.
თავად იულიანა მოკრძალებულად ცხოვრობს. 1996 წელს, რიგის დუმამ ცხოვრების ბოლომდე პენსია დაუნიშნა, გარდა ამისა, ინვალიდობის პრემიას იღებს.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მას არაერთი რომანი ჰქონდა, თან არა მხოლოდ სპორტსმენებთან. იყო ბევრი ჭორიც: მეზღვაური ქმარი, უცხოელი მილიონერი...
"წინადადება არაერთხელ მოვიდნენ, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი: არ იყო ძლიერი გრძნობა, რის გამოც თავს დავკარგავდი. ხანდახან შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ ჩემი რჩეული ჩემზე სუსტია ხასიათით, ასე რომ, ეს კავშირი ბედნიერი ვერ იქნებოდა. ხანდახან მაშინებდა მამაკაცების აშკარა ინტერესი ჩემი, როგორც ცნობილი ადამიანის მიმართ. საქმროებს შორის იყვნენ უცხოელები, თანაც საკმაოდ შეძლებულები, რამდენიმე მილიონერიც კი. მაგრამ ქორწინების აუცილებელი პირობა იყო მათ ქვეყანაში გადასვლა. მე კი ვერ წავიდოდი, ოჯახს ვერ დავტოვებდი".
მას დღესაც ჰყავს საყვარელი მამაკაცი. ის გერმანიანში ცხოვრობს და აღმერთებს კალათბურთელს, სპორტსმენი არ არის, მაგრამ სპორტის უყვარს.
I love this game!
1993 წლის 10 მაისს, სემიონოვა შეიყვანეს კალათბურთის დიდების დარბაზში (სპრინგფილდი, აშშ). მაშინ ამ ორგანიზაციის წევრები პირველად გახდნენ ქალები. სემიონოვას გარდა, ასეთი პატივი ერგო ამერიკელ ენ მაიერსს. 1976 წელს, ისინი ქალებს შორის პირველი ოლიმპიური ტურნირის დროს შეხვდნენ ერთმანეთს. სსრკ-მ 112:77 გაანადგურა ამერიკა. სემიონოვამ 23 წუთში 32 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა, ხოლო მაიერსი ვერავინ შეამჩნია.სპრინგფილდში იულიანა სემიონოვას სპეციალური სტენდი აქვს მიძღვნილი. დიდების დარბაზში მიღების ცერემონიისას, დარბაზში 4 ათასი ამერიკელი იჯდა. კალათბურთელს ძალიან უნდოდა მათ გაეგოთ, ორიგინალში როგორ ჟღერს მისი მშობლიური ქვეყნის ენა. ამიტომაც დამსწრეებს ლატვიურად მიმართა. ბოლოს კი ინგლისურად დაამატა: I love this game!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"