იტალიური ანტირეკორდები

AutoSharing Option
საკალათბურთო ევროლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც მეოთხედფინალური სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება. პირველ მატჩებში ოთხივე მასპინძელმა გაიმარჯვა და საკუთარი მოედნის უპირატესობა შეინარჩუნა.

ოლიმპიაკოსი-მონტეპასკი 89:41
24:4, 23:5, 14:13, 28:19
ო: მავროკეფალიდისი (15+7 მოხსნა), ბურუსისი (14+12 მოხსნა+3 დაფარება), სპანულისი (11+5 პასი), ერცეგი (10+6 მოხსნა), ნესტეროვიჩი (9+7 მოხსნა).
მ: ლავრინოვიჩი (12), ჰეირსტონი (10).
სერია: 1-0

დაუჯერებლად მოსჩანს თითქმის თანაბარი ძალის გუნდებს შორის ქულათა ასეთი სხვაობა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - "ოლიმპიაკოსმა" 48 ქულით (!) დაამარცხა იტალიური კალაბურთის საუკეთესო წარმომადგენელი. პირველი ტაიმის
შემდეგ ტაბლოზე ასეთი ანგარიში იყო - 53:9 (!).

დუშან ივკოვიჩის შეგირდებმა 55 მოხსნით ევროლიგის პლეი ოფის რეკორდი დაამყარეს. თამაში მაშინ დასრულდა, როცა შეხვედრის სტარტზე "ოლიმპიაკოსმა" 19 უპასუხო ქულა დააგროვა. ცნობისთვის, პირველი ტაიმში 9 ქულისა და სამ მეოთხედში 22 ქულის მოპოვებით "მონტეპასკიმ" ევროლიგის ახალი ანტი-რეკორდი დაამყარა.

სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა, "ოლიმპიაკოსს" უკეთ რომ ესროლა სამქულიანები და ნაკლები შეცდომა დაეშვა: ბერძნებმა 19-დან მხოლოდ ხუთი შორეული ტყორცნა ჩააგდეს და 17-ჯერ დაკარგეს ბურთი.

"ოლიმპიაკოსმა" 48 ქულით გაიმარჯვა და ესეც პლეი ოფის რეკორდია.


კ.ლაბორალი-მაკაბი 76:70
26:14, 20:18, 15:23, 15:15
კ-ლ: ბარაცი (17+6 მოხსნა), ლოგანი (14+5 პასი), სან ემეტერიო (13), ტელეტოვიჩი (12+11 მოხსნა), უერტასი (8+5 პასი).
მ: ჰენდრიქსი (16+16 მოხსნა+4 დაფარება), ელიაჰუ (12+6 მოხსნა), ეიდსონი (11), პერკინსი (10+9 მოხსნა).
სერია: 1-0

"კახა ლაბორალმა" პირველი მეოთხედი 17:5 გაქცევით დაასრულა, რომლის დროსაც ბრწყინავდნენ ტელეტოვიჩი, სან ემეტერიო, ბარაცი და ლოგანი. ამ უკანასკნელმა მეორე 10-წუთეულის სტარტზე სამქულიანიც დაუმატა და ბასკები 15 ქულით გავიდნენ წინ. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო "მაკაბის" გამოდევენება, რომელმაც შედეგი არ მოიტანა. მაქსიმალური, რაც ისრაელის ჩემპიონმა შეძლო, სხვაობის 4 ქულამდე შემცირება იყო (მეოთხე მეოთხედში - 57:61), მაგრამ მეტისთვის ძალა არ აღმოაჩნდა.

მასპინძლებმა 13 სამქულიანი ჩააგდეს და ამისთვის 26 ცდა დასჭირდათ, სტუმრებმა კი 17-დან მხოლოდ სამი შორეული ტყორცნა მოათავსეს კალათში. გამოდის, რომ მარტო სამქულიანებით სხვაობა 30 ქულა იყო. ამიტომაც გასაკვირია, რომ "კახა ლაბორალმა" ორნიშნა სხვაობით ვერ შეძლო ამ მატჩის მოგება.


რეალი-ვალენსია 71:65
20:18, 13:14, 19:21, 19:12
რ: ტომიჩი (14), მიროტიჩი (11), ლიული (11), რეიესი (10+9 მოხსნა), სუარესი (9+5 მოხსნა).
ვ: დე კოლო (15), მარტინესი (13), იავტოკასი (11+6 მოხსნა), ლიშჩუკი (10).
სერია: 1-0

ეს იყო თითქმის თანაბარი თამაში, რომლის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. თუმცა "რეალს" შეეძლო ყველაფერი მესამე მეოთხედში მოემთავრებინა, როცა 10:4 გაიქცა და 43:36 დაწინაურდა, მაგრამ "ვალენსიამ" ზედიზედ შვიდი ქულით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ საფინალო სირენამდე ქულა ქულაში თამაში მიდიოდა.

სათამაშო რჩებოდა წუთზე ოდნავ მეტი, როცა ნანდო დე კოლომ ზედიზედ ორჯერ ჩააგდო და "ვალენსია" წინ გავიდა - 65:64. მაგრამ დარჩენილ დროში სტუმრებმა ქულაც ვეღარ აიღეს, დაცვაში კი ვერაფერი მოუხერხეს "რეალის" ჩერნოგორიელ ლეგიონერ ნიკოლა მიროტიჩს. თავიდან მან წინ გაიყვანა "სამეფო კლუბი", საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე კი პრიჯიონის პასის შემდეგ სამქულიანი ჩააგდო - 69:65. "ვალენსიას" გადარჩენისთვის შანსი აღარ დარჩა.


ბარსელონა-პანათინაიკოსი 83:82
14:14, 23:21, 20:25, 26:22
ბ: ნავარო (13), ლაკოვიჩი (12), ლორბეკი (12), ანდერსონი (10), ნდონგი (8).
ა: დიამანტიდისი (26), ნიკოლასი (16), ბატისტი (15+6 მოხსნა).
სერია: 1-0

ეს იყო ცენტრალური შეხვედრა, რომლის ბოლო მეოთხედის სტარტზე ბერძნები 4 ქულით გავიდნენ წინ (64:59). საპასუხოდ "ბარსამ" კარგად ისარგებლა ობრადოვიჩის შეგირდების შეცდომებით და 11:0 გაქცევა მოაწყო.

ბოლოსთვის მოქმედი ჩემპიონი 82:77-ს იგებდა და თითქოს მის უპირატესობას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ ჯერ დიამანტიდისმა სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ნავარომ მოულოდნელად ორიდან ერთი საჯარიმო ააცილა, რასაც ვიქტორ სადას უხეში შეცდომა მოჰყვა და კინაღად დააკარგვინა კატალონელებს გამარჯვება. ესპანელმა გამთამაშებელმა საფინალო სირენამდე 1.7 წამი ადრე (მისი გუნდი 3 ქულით იგებდა) უხეშად ითამაშა დიამანტიდისის წინააღმდეგ, რისთვისაც ტექნიკური ჯარიმა მიიღო. ბერძნებმა ორივე საჯარიმო ჩააგდეს და ბოლო შეტევის უფლებაც მიიღებს, მაგრამ დიამანტიდის მოუმზადებელი შორეული ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა.

სერიების მეორე მატჩები დღეს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული