ოთხშაბათს ოთხი მატჩი გაიმართა და სამში სტუმრებმა გაიმარჯვეს.
ევროთასის შარშანდელი გამარჯვებული - რუსეთის უნიქსი საკუთარ მოედანზე იღებდა იტალიის "მონტეპასკის" და მხოლოდ პირველ მეოთხედში შეძლო მეტოქისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. მატჩის დანარჩენ მონაკვეთებში იტალიური კლუბის უფრო მაღალი კლასი იგრძნობოდა. "მონტეპასკიმ" მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა მესამე მეოთხედში მიაყენა, როცა ეს 10 წუთი 10 ქულით მოუგო.
საბოლოოდ, "მონტეპასკიმ" 79:71 მოიგო. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო ევრობასკეტის გმირი ბო მაკალები,
* * *
დღის ცენტრალური მატჩი სტამბოლში გაიმართა, სადაც "ფენერბაჰჩემ" ესპანეთის "კახა ლაბორალს" უმასპინძლა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და საწყისი მეოთხედი 20:12 მოიგეს. მაგრამ არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ესპანელთა პასუხი - მათ ჯერ მეორე მეოთხედი მოიგეს ექვსი ქულით, მესამეში კი პრაქტიკულად გადაწყვიტეს მატჩის ბედი.
მატჩის დასკვნითი ნაწილის წინ ბასკური კლუბი ხუთი ქულით იყო დაწინაურებული და მასპინძლების მხრიდან უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, შეძლო სასურველი ანგარიშის შენარჩუნება.
გამარჯვებულთა რიგებში გამორჩეული კალათბურთელი იყო ბოსნიელი მირზა ტელეტოვიჩი, რომელმაც "კახა ლაბორალს" 23 ქულა მოუტანა. NBA-დან შეძენილ ფრანგს სერაფინს 10 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა, არგენტინელმა პრიჯიონიმ კი შვიდ შედეგიან გადაცემას ექვსი ჩაჭრა დაუმატა.
* * *
ერთადერთი მასპინძელი, რომელმაც გამარჯვება მოახერხა, იტალიის "კანტუ" იყო. მისი თამაში ქართველ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად აინტერესებთ. იტალიურ კლუბში ორი ქართველი - მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი თამაშობენ.
"კანტუს" რთული მეტოქე ჰყავდა საფრანგეთის "ნანსის" სახით, რომელმაც სეზონის წინ NBA-ის ლეგიონერი ნიკოლა ბატუმი დაიმატა. პირველმა ტაიმმა აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ფრედ დასრულდა.
"კანტუმ" გადამწყვეტი გარღვევა მესამე მეოთხედში განახორციელა, როცა ეს 10-წუთეული 5 ქულით მოიგო, შემდეგ კი წარმატება ბოლო მეოთხედში განავრცო და საბოლოოდ, სოლიდური 11-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა.
მნიშვნელოვანი იყო ქართველების წვლილი ამ გამარჯვებაში. მარკოიშვილმა და შერმადინმა 8-8 ქულა მოუტანეს საკუთარ გუნდს, ამასთან, შერმადინმა ექვსი მოხსნაც დააგროვა.
რაც შეეხებს ნიკოლა ბატუმს, მან კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა - 13 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი. მაგრამ "ნანსის" ლიდერის" კარგმა თამაშმა მის გუნდს ვერ უშველა.
* * *
კიდევ ერთი ქართველი, რომელმაც ამ დღეს ითამაშა, ზაზა ფაჩულია იყო. მისმა გუნდმა "გალათასარაიმ" სტუმრად მოიგო პოლონეთის "პროკომთან", თუმცა ზაზას როლი ამ გამარჯვებაში მოკრძალებული იყო - ქართველს მხოლოდ ხუთი წუთი სათამაშო დრო მისცეს და მისი მონაგარი ერთი მოხსნა იყო. ფაჩულიამ თამაშიდან ორჯერ ისროლა და ორივეჯერ ააცილა.
"პროკომმა" პირველი ტაიმი ხუთი ქულის სხვაობით მოიგო, მაგრამ მთლიანად ჩააგდო მესამე 10-წუთეული, რომლის დროსაც "გალათასარაიმ" 27 ქულა ჩააგდო და საპასუხოდ მხოლოდ 11 მიიღო. ბოლო მეოთხედის წინ თურქულმა კლუბმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. მართალია, პოლონელებმა ისევ მოუმატეს და ბოლო მეოთხედში კარგად მიჰყავდათ თამაში, მაგრამ მეტოქის დაწევა ვეღარ მოახერხეს.
საბოლოოდ, გალათასარაიმ" ოთხი ქულით მოუგო "პროკომს" და გამარჯვებით დაიწყო ევროლიგის ახალი გათამაშება.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო სლოვენიელი გამთამაშებელი აკა ლაკოვიჩი, რომელმაც 21 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
A ჯგუფი
კანტუ-ნანსი 80:69
17:21, 27:23, 13:8, 23:17
კ: ჩინჩარინი (15), მიჩოვი (14), შეკიჩი (11), ბაზილე (9+6 პასი), მარკოიშვილი (8), შერმადინი (8+6 მოხსნა).
ნ: აკინგბალა (20+7 მოხსნა), ბატუმი (13+7 მოხსნა+8 პასი), მოერმანი (13).
ფენერბაჰჩე-კ. ლაბორალი 66:69
20:12, 16:22, 12:19, 18:16
ფ: ონანი (16), უკიჩი (10), გისტი (10+6 მოხსნა), ჯერელსი (8), სეფოლოშა (7).
კ-ლ: ტელეტოვიჩი (23+6 მოხსნა), ბიელიცა (12+5 მოხსნა), სერაფინი (10+6 მოხსნა), პრიჯიონი (5+7 პასი+6 ჩაჭრა).
D ჯგუფი
უნიქს-მონტეპასკი 71:79
24:20, 20:23, 11:21, 16:15
უ: დომერკანტი (30+7 მოხსნა), ჯავაი (11+9 მოხსნა), ლაიდეი (9).
მ: მაკალები (17+4 პასი), კაუკენასი (14+5 მოხსნა), ანდერსენი (13+5 მოხსნა), ცისისი (9+4 პასი).
პროკომი-გალათასარაი 72:76
19:21, 18:11, 11:27, 24:17
პ: ჰრიცანიუკი (15), მოტეიუნასი (15+5 მოხსნა+4 პასი), ლაფაიეტი (12), გი (10+9 მოხსნა).
გ: ლაკოვიჩი (21+4 პასი), შუმპერტი (12), ანდრიჩი (11), ლუკასი (7+6 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"