პარკერმა ევროპის თასი დაიპყრო

AutoSharing Option
ამ კვირას სტარტი აიღო რანგით მეორე ევროტურნირის - ევროპის თასის გათამაშებამ. ჯგუფური ტურნირის პირველი ტურის MVP გახდა "სან ანტონიო სპურსის" გამთამაშებელი ტონი პარკერი, რომელიც ლოკაუტის პერიოდში საფრანგეთის "ვილერბანში" თამაშობს.

"ვალენსიასთან" მოგებულ შეხვედრაში ტონიმ 35 ქულა (ორქულიანები - 8/15, სამქულიანები - 3/4, საჯარიმოები - 9/10), 5 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა. გარდა ამისა, მეტოქე გუნდის კალათბურთელები მასზე რვაჯერ დაჯარიმდნენ. საბოლოოდ, ფრანგი ვარსკვლავის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 40 ქულა შეადგინა.

* * *
ბრაზილიელი ცენტრი ტიაგო სპლიტერი, რომელმაც გასული სეზონი NBA-ში "სან ანტონიო
სპურსის" რიგებში გაატარა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ესპანეთის "უნიკახასთან" გააფორმებს კონტრაქტს.

ხელშეკრულება ერთწლიანი იქნება, რის შემდეგაც კალათბურთელი იმედოვნებს, რომ NBA-ში შეძლებს დაბრუნებას. თავდაპირველად, ბრაზილიელის ხელში ჩასაგდებად ფავორიტი მისი ყოფილი კლუბი "კახა ლაბორალი" იყო, მაგრამ საქმე მოლაპარაკებებამდეც არ მისულა.

* * *
უახლოეს მომავალში კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი შეიძლება განხორციელდეს. ლიტვური პრესის ცნობით, "ტორონტო რეპტორზის" ფორვარდმა ლინას კლეიზამ, შესაძლოა, ერთი სეზონი "ლეტუვოს რიტასში" გაატაროს.

შეგახსენებთ, რომ კლეიზამ მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა ლიტვაში გამართული ევრობასკეტი.

* * *
გუშინ, NCAA-ის სტუდენტურ ლიგაში დიუკის უნივერსიტეტმა "მიჩიგან სტეიტი" დაამარცხა, რის შემდეგაც ამ გუნდის დამრიგებელი მაიკ კრჟიჟევსკი NCAA-ის ყველა დროის ლიდერი გახდა მწვრთნელის რანგში მოგებული მატჩების რაოდენობით. ამჟამად აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების თავკაცის ანგარიშზე 903 გამარჯვებაა!

ამ მაჩვენებლით კრჟიჟევსკიმ გაუსწრო ლეგენდარულ ბობი ნაითს. შეგახსენებთ, რომ მაიკ კრჟიჟევსკი "დიუკს" 1980 წლიდან ავარჯიშებს და ამ გუნდს ოთხჯერ მოაგებინა NCAA-ის ტიტული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული