B ჯგუფში ორი გამოკვეთილი ლიდერია - ცსკა და "პანათინაიკოსი". დარჩენილი ორი საგზურისთვის ოთხ გუნდს შორის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.
ამ მხრივ, უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია კაუნასის "ჟალგირისმა", რომელმაც შინ ესპანეთის "უნიკახა" დაამარცხა.
ლიტველებმა აღმავლობით ჩაატარეს პირველი ტაიმი. სტარტზე 10:0 გაქცევის შემდეგ "ჟალგირისმა" დიდ შესვენებამდე შეინარჩუნა ეს უპირატესობა და პირველი ნახევარი 11 ქულით მოიგო.
მესამე მეოთხედში "უნიკახამ" ამ ჩამორჩენას სამი ქულა ჩამოაკლო და თითქოს "ჟალგირისს" არ უნდა გასჭირვებოდა ბოლო 10-წუთეულში
მაგრამ "ჟალგირისმა" მაინც მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება. ჯერ პოპოვიჩმა ზუსტი საჯარიმოებით აღადგინა თანაფარდობა, შემდეგ კი უიმსმა გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 67:65.
შვიდიდან შვიდი მოგება აქვს მოსკოვის ცსკა-ს. არმიელებმა მორიგი შეხვედა გერმანიაში მოუგეს "ბამბერგს". სტუმრები პირველივე მეოთხედში გაიჭრნენ წინ, საწყის 10 წუთში 7-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს და ყველას ეგონა, რომ რუსეთის ჩემპიონს მორიგი იოლი გასეირნება ელოდა, მაგრამ "ბამბერგის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან არათუ მოიპოვა ინიციატივა, კინაღამ პირველი მარცხი აგემა ჯგუფის ლიდერს.
გერმანელებმა მოუგეს მეტოქეს მესამე და მეოთხე მეოთხედები და ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. ტაკერის ორქულიანით "ბამბერგი" ბოლო წუთზე პირველად გავიდა შეხვედრაში წინ - 78:77. თუმცა მასპინძლებს წარმატების ყველანაირი შანსი მოუსპო სერბმა მილოშ ტეოდოშიჩმა, რომელმაც ბოლო წამებზე უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და 81:78 გაამარჯვებინა ცსკა-ს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამავე ჯგუფში "პანათინაიკოსმა" დიდი ანგარიშით მოუგო შინ "ზაგრებს". ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა 18 ქულის სხვაობით - 94:76 გაიმარჯვა. თუმცა პირველ ტაიმში მოედანზე თანაბარი ბრძოლა გაიმართა. უფრო მეტიც, დიდი შესვენებისთვის
"ზაგრები" წინ იყო ერთი ქულის სხვაობით.
მეორე ტაიმშიც გარკვეული ხანი ქულა ქულაში თამაში გაგრძელდა. ნიკ კალატესმა ზუსტი ტყორცნით 60:58 დააწინაურა "პანათინაიკოსი" და ამის შემდეგ საბერძნეთის ჩემპიონის დაწევა შეუძლებელი გახდა. მესამე მეოთხედი მასპინძლებმა 10 ქულით მოიგეს, მეოთხე - 11 ქულით და არანაირი შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს.
"პანათინაიკოსი" მყარად იკავებს ჯგუფში მეორე ადგილს. "უნიკახას" ცხრილში სამი მოგება დარჩა, "ბამბერგს", "ზაგრებსა" და ჟალგირისს 2-2 მოგება აქვთ და ამ ოთხ გუნდს შორის დიდი ბრძოლა იქნება ორი საგზურისთვის.
* * *
C ჯგუფში ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თორნიკე შენგელიას "შარლერუა" "ეფესს" მასპინძლობდა. ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოკრძალებული ერთი ქულით დაასრულა შეხვედრა, თავად "შარლერუა" კი 4 ქულით დამარცხდა და თითქმის დაკარგა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი.
"ეფესმა" პირველივე ტაიმში მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა, როცა დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი სხვაობით გავიდა. თუმცა "შარლერუამ" შეხვედრას ინტრიგა მესამე მეოთხედში დაუბრუნა. ეს ათი წუთი მასპინძლებმა 8 ქულით მოიგეს. მათ ბოლო მეოთხედშიც იბრძოლეს და მატჩის ეს მონაკვეთიც მოიგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად.
"შარლერუამ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო და ერთი მოგებით ბოლო ადგილზეა, "ეფესმა" კი მეოთხე გამარჯვება იზეიმა და ჯგუფში მხოლოდ "მაკაბისა" და "რეალს" ჩამორჩება. ასე რომ, თურქები ჯგუფში პირველობის შანსს ინარჩუნებენ.
* * *
ანალოგიური სცენარით წარიმართა შეხვედრა ბილბაოში, სადაც ადგილობრივი კლუბი საფრანგეთის "ნანსის" მასპინძლობდა. აქაც პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო და მეორე ნახევარში მასპინძელი გუნდის დომინირება ვიხილეთ.
NBA-ში ლოკაუტის დასრულების გამო "ნანსის" გამოაკლდა თავისი ლიდერი ნიკოლა ბატუმი და ეს მაშინვე დაეტყო ფრანგულ კლუბს. ამ კალათბურთელის გარეშე "ნანსის" გაუჭირდება მეორე ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა.
სტუმრები მესამე მეოთხედში გარკვეული ხანი უძალიანდებოდნენ მეტოქეს და ერთხელ ექვს ქულამდეც მიუახლოვდნენ ბასკურ კლუბს, მაგრამ "ბილბაომ" გადამწყვეტი გაქცევა ბოლო 10-წუთეულში შეასრულა და გამარჯვების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ესპანელებმა 22 ქულის სხვაობით - 97:75 გაიმარჯვეს და მოგებათა რაოდენობით გაუთანაბრდნენ "ნანსის" - შვიდი ტურის შემდეგ მათ 3-3 გამარჯვება აქვთ და მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ.
A ჯგუფი
ბილბაო-ნანსი 97:75
22:22, 18:17, 29:23, 28:13
ბ: მუმბრუ (15+4 პასი), ბანიჩი (12), ბლუმსი (12), ლოპესი (11+5 პასი), ჯექსონი (11+5 პასი), ვასილიადისი (10+5 მოხსნა).
ნ: შულერი (19), მოერმანი (16).
მ წ +/-
1. კ. ლაბორალი 4 2 12
2. ოლიმპიაკოსი 3 3 9
3. კანტუ 3 3 6
4. ფენერბაჰჩე 3 3 -6
5. ბილბაო 3 4 9
6. ნანსი 3 4 -30
B ჯგუფი
ჟალგირისი-უნიკახა 67:65
19:11, 16:13, 15:18, 17:23
ჟ: უიმსი (18+11 მოხსნა), პოპოვიჩი (11), ლოუსონი (11).
უ: ფიტჩი (15+6 მოხსნა+4 პასი), ვალტერსი (12+6 პასი), ფრილენდი (12+9 მოხსნა), ზორიჩი (11+8 მოხსნა), გარბახოსა (9).
ბამბერგი-ცსკა 78:81
18:25, 19:19, 25:23, 16:14
ბ: სლოფტერი (21), ტაკერი (11+6 მოხსნა), ჰაველი (10).
ც: კრსტიჩი (20), ხრიაპა (19+7 მოხსნა+5 პასი), შვედი (14+5 მოხსნა), ტეოდოშიჩი (12+5 პასი).
პანათინაიკოსი-ზაგრები 94:76
24:22, 24:27, 23:13, 23:14
პ: ბატისტი (18+9 მოხსნა), ლოგანი (13), კალატესი (13+4 პასი), სატო (12+5 მოხსნა), ვუიუკასი (10).
ზ: მულაომეროვიჩი (18), სიმონი (15+6 მოხსნა+4 პასი), ფორდი (12), მეი (12+10 მოხსნა).
მ წ +/-
1. ცსკა 7 0 104
2. პანათინაიკოსი 5 2 71
3. უნიკახა 3 4 -13
4. ბამბერგი 2 5 -13
5. ჟალგირისი 2 5 -39
5. ზაგრები 2 5 -110
C ჯგუფი
შარლერუა-ეფესი 62:66
14:18, 8:19, 23:15, 17:14
შ: მალეტი (21), ჰილი (9), რიდიკი (9+10 მოხსნა).
ე: ილიასოვა (16+10 მოხსნა), ბარაცი (12+5 მოხსნა), ვუიაჩიჩი (10+4 პასი).
მ წ +/-
1. მაკაბი 5 1 29
2. რეალი 4 2 48
3. ეფესი 4 3 4
4. პარტიზანი 3 3 -9
5. მილანი 2 4 -16
6. შარლერუა 1 6 -56