ევროლიგა. TOP16: შერცხვენილი "რეალი" და თრილერი სტამბოლში

AutoSharing Option
დაკვნით ფაზაში შედის ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი და პრაქტიკულად ყოველი მატჩი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

დაიწყო მეოთხე ტური და სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა E ჯგუფში "ეფესისა" და "ოლიმპიაკოსის" შეხვედრას. წაგებული, პრაქტიკულად ემშვიდობებოდა მეოთხედფინალში გასვლის შანსს.

გასულ კვირას, ბერძნებმა პირველ ორ ტურში წაგების შემდეგ, შინ მოუგეს თურქულ კლუბს და ახლა “ეფესი" რევანშის ასაღებად იყო განწყობილი. მაგრამ მასპინძლებმა ცუდად დაიწყეს შეხვედრა. პირველ მეოთხედში მხოლოდ 9 ქულა ჩააგდეს და შვიდი ქულით ჩამორჩნენ მეტოქეს.

თუმცა მეორე მეოთხედში "ეფესმა" დაალაგა თამაში და დიდი შესვენებისთვის სხვაობა
ხუთ ქულამდე შეამცირა.
თანაბარი თამაში მესამე მეოთხედში გაგრძელდა და "ოლიმპიაკოსი" პრინტეცისისა და პაპანიკოლაუს შედეგიანი თამაშით ინარჩუნებდა სასურველ ჰანდიკაპს. ორივემ ამ მატჩში 16-16 ქულა დააგროვა.

მაგრამ სტუმრებმა თამაშის მშვიდად დასრულება ვერ შეძლეს. შეხვედრამ კულმინაციას საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე მიაღწია, როცა საშა ვუიაჩიჩმა ანგარიში გაათანაბრა (ამ სროლით დასრულდა "ეფესის" 11:0 გაქცევა). ამის შემდეგ თურქებმა კოსტას სლუკასზე ჯარიმა აიღეს და ამ უკანასკნელმა ორი საჯარიმოთი ისევ დააწინაურა “ოლიმპიაკოსი”. "ეფესის" გადარჩენა ტერენს კინსიმ იკისრა, მაგრამ მისი ბოლო ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა და ბერძნებმა უმნიშვნელოვანესი მატჩი 67:65 მოიგეს.

E ჯგუფი
ეფესი-ოლიმპიაკოსი 65:67
9:16, 23:21, 10:11, 23:19
ე: ლაფაიეტი (22), ბარაცი (16+7 მოხსნა+3 დაფარება).
ო: პაპანიკოლაუ (16+6 მოხსნა), პრინტეცისი (16).

მ წ +/-
1. ცსკა 3 0 51
2. ოლიმპიაკოსი 2 2 11
3. გალათასარაი 1 2 -20
4. ეფესი 1 3 -42

* * *
მეოთხე მატჩი მოიგო F ჯგუფში იტალიის "მონტეპასკიმ", რომელმაც უკვე გაინაღდა მეოთხედფინალში თამაში, ხოლო მისმა გუშინდელმა მეტოქემ "უნიკახამ" კი შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველა შანსი დაკარგა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "მონტეპასკი" საშინაო შეხვედრაში მთელი 40 წუთი დომინირებდა და მეთოდურად ზრდიდა ანგარიშში უპირატესობას. სიენელებმა ოთხივე მეოთხედი მოიგეს და საბოლოოდ, 15 ქულის სხვაობით - 84:69 მოიგეს.

წინა ტურში მოკრძალებული თამაშის შემდეგ, “მონტეპასკის” ლიდერობა კვლავ მაკედონიის ნაკრების მცველმა ბო მაკალებმა იკისრა, რომელმაც თამაში 18 ქულით დაასრულა. იტალიელთა რიგებში კიდევ ოთხმა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს.

ამავე ჯგუფში გაირთულა საქმე ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა "რეალმა", რომელიც მოულოდნელად განადგურდა სტუმრად ესპანურ დერბიში "ბილბაოს" წინააღმდეგ.

სამეფო კლუბი თავის თავს არ ჰგავდა და პრაქტიკულად პირველივე მეოთხედში წააგო შეხვედრა - საწყის 10 წუთში "ბილბაომ" 20 ქულა მოიგო - 34:14. მადრიდელებმა ვერაფერი მოუხერხეს ბასკების ბერძენ ლეგიონერს ვასიალიადისს, რომელიც 19 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

რეალი კარგა ხანს ვერ გამოვიდა შოკიდან და მეორე მეოთხედიც წააგო ექვსი ქულით. მესამე მეოთხედში მადრიდელთა გამოცოცხლება უკვე დაგვიანებული იყო. ბოლო 10 წუთში 21-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება შეუძელებელი ჩანდა. პირიქით, "ბილბაომ" დასკვნით მეოთხედშიც მიაღწია მცირე უპირატესობას და დააფიქსირა საბოლოო ანგარიში - 93:69.

F ჯგუფში "მონტეპასკი" უკონკურენციოდაა, "ბილბაოსა" და "რეალს" კი 2-2 მოგება აქვთ და მათ შორის მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

F ჯგუფი
მონტეპასკი-უნიკახა 84:69
23:19, 29:27, 15:14, 17:9
მ: მაკალები (18), ლავრინოვიჩი (13), რაკოჩევიჩი (11), მოსი (11), ანდერსენი (10).
უ: ფიტჩი (15), ზორიჩი (14).

ბილბაო-რეალი 93:69
34:14, 18:12, 20:25, 21:18
ბ: ვასილიადისი (19), მუმბრუ (16), ჯექსონი (15+10 პასი), ფიშერი (11+9 მოხსნა), ერველი (10).
რ: მიროტიჩი (18), ველიჩკოვიჩი (17), სინგლერი (8+11 მოხსნა).

მ წ +/-
1. მონტეპასკი 4 0 71
2. ბილბაო 2 2 9
3. რეალი 2 2 -26
4. უნიკახა 0 4 -54

* * *
მონტეპასკის ვერ მიბაძა რუსეთის უნიქს-მა, რომელმაც პირველი მატჩი წააგო მეორე ჯგუფურ ეტაპზე.

ერთი კვირის წინ, რუსებმა იოლად მოუგეს შინ "მილანს", მაგრამ ამჯერად ჩააგდეს შეხვედრის სტარტი - შვიდი ქულა დათმეს და ეს მათ ძვირად დაუჯდათ. უნიქსი ბევრს ეცადა მეტოქის დაწევას, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო. თუმცა სტუმრები შორსაც არ უშვებდნენ მილანს, ამიტომაც მოედანზე მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბული სიტუაცია შენარჩუნებული იყო.

უნიქს-ს შეეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა, მაგრამ ეს შანსი მას მანჩინელიმ მოუსპო, რომელმაც ბოლოსკენ ორი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო და "მილანს" ჯგუფში პირველი გამარჯვება მოაპოვებინა.

იტალიურ გუნდს მეოთხედფინალში გასვლის მცირე შანსი აქვს, რაც შეეხება უნიქსს, მას პირველი ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა "პანათინაიკოსთან". ამ გუნდების მატჩი მომდევნო ტურში რუსების მოედანზე გაიმართება.

G ჯგუფი
მილანი-უნიქსი 63:58
20:13, 12:15, 17:15, 14:15
მ: ფოცისი (16+6 მოხსნა), ბრემერი (13), რადოშევიჩი (11).
უ: ჯავაი (11), ვერემეენკო (11+6 მოხსნა), ლაიდეი (10).

მ წ +/-
1. უნიქსი 3 1 21
2. პანათინაიკოსი 2 1 36
3. ფენერბაჰჩე 1 2 -24
4. მილანი 1 3 -33

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული