შურისძიება ლიტვურად: კაუნასში რუდი ფერნანდესი გალახეს

AutoSharing Option
სერიოზულ სკანდალს ჰქონდა ადგილი ევროლიგის TOP16-ის მეათე ტურის შეხვედრაში, რომელშიც "ჟალგირისი" "რეალს" მასპინძლობდა. კაუნასში გამართული მატჩის (104:105) შემდეგ, ლიტვური კლუბის გულშემატკივარი თავს დაესხა "რეალის" მცველს რუდი ფერნანდესს.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა "რეალის" კალათბურთელები ავტობუსში ადიოდნენ. ორმა ფანმა ფერნანდესთან მიირბინა და ერთ-ერთმა კალათბურთელს სახეში გაარტყა. ცოტა ხანში, პოლიციამ ერთ-ერთი თავდამსხმელი დააკავა, მეორემ კი მიმალვა მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ მას "რეალის" რამდენიმე მოთამაშე გამოეკიდა.

"ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, - განაცხადა "რეალის" წარმომადგენელმა ხუან კარლოს სანჩესმა. - ევროლიგის ხელმძღვანელობამ მკაცრი ზომები
უნდა მიიღოს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს"
.

ლიტველ ფანებს თავიანთ მსხვერპლად ფერნანდესი შემთხვევით არ აურჩევიათ. მადრიდში, ამ გუნდების პირველი შეხვედრის დროს, რუდი ამაზრზენად იქცეოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი ესროლა კშიშტოფ ლავრინოვიჩს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პაულიუს იანკუნასს შეაფურთხა, თან კინაღამ ყური მოაგლიჯა მას. ამ ორი პროვოკაციის გამო, გუნდებს შორის კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. როგორც ჩანს, ლიტველმა ფანებმა მადრიდული ცოდვებისთვის შურისძიება გადაწყვიტეს და ეს გამოუვიდათ კიდეც.

მაიამი და ოდენი დამეგობრდებიან?
"პორტლენდის" ყოფილი ცენტრის გრეგ ოდენის აგენტმა მაიკლ კონლიმ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები გამართა "მაიამის" პრეზიდენტთან პეტ რაილისთან მის კლიენტსა და ფლორიუდ კლუბს შორის სავარაუდო კონტრაქტის თაობაზე. საბოლოოდ, მხარეებმა ამ საკითხის გადაწყვეტა ზაფხულისთვის გადადეს.

"ფლორიდელები დაინტერესებული არიან ოდენით და ჩემი კლიენტიც სერიოზულად განიხილავს "ჰიტის" ვარიანტს. მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ სეზონის დასრულებას დავლოდებოდით", - ამბობს კონლი.

თურქეთში პეშიჩი უნდათ
ცნობილი სერბი სპეციალისტი სვეტისლავ პეშიჩი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, - იტყობინება თურქული პრესა. შეგახსენებთ, რომ დღეისთვის პეშიჩი გერმანიის "ბაიერნს" ავარჯიშებს.
როგორც ადრე ვწერდით, თურქეთის კალათბურთის ფედერაციაში ცსკა-ს იტალიელი მწვრთნელის ეტორე მესინას მიწვევას აპირებდნენ და თითქოს ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუბიოსა და რუდის გარეშე?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული