ევროლიგის MVP ვასილის სპანულისია

AutoSharing Option
ლონდონში, ევროლიგის "ოთხთა ფინალის" წინ, საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელზეც გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს. გამოცხადდა ევროლიგის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობები, აგრეთვე წარმატებული კალათბურთელები.

მთავარი პრიზის მფლობელი გახდა "ოლიმპიაკოსის" ლიდერი, 30 წლის ვასილის სპანულისი, რომელიც ევროლიგის 2012-13 წლების სეზონის MVP გახდა. ბერძენი მცველი საშუალოდ მატჩში 14.7 ქულასა და 5.6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. გარდა ამისა, სპანულისი ლიდერი იყო მოპოვებული პერსონალურების რაოდენობით. მეტოქის კალათბურთელები სწორედ მასზე არღვევდნენ ყველაზე ხშირად თამაშის წესს - ეს საშუალოდ მატჩში 5.4-ჯერ ხდებოდა.

სპანულისი ორჯერ იყო ევროლიგის ჩემპიონი და ამდენჯერვე
მოიპოვა "ოთხთა ფინალის" საუკეთესო მოთამაშის პრიზი. ეს ჯილდოები მან "ოლიმპიაკოსში" თამაშისას მიიღო.

"სასიამოვნოა ასეთი პრიზის მიღება, რადგან ჩემი გუნდი "ოთხთა ფინალში" გავიდა - ეს არის მთავარი. კარგია ინდივიდუალური ჯილდოს მოგება, მაგრამ, როცა კლუბსაც აქვს წარმატება, ეს ორმაგად მახარებს", - განაცხადა ცერემონიაზე სპანულისმა.
MVP-ის პრიზზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ ცსკა-ს კალათბურთელები: მილოშ ტეოდოშიჩი, ნენად კრსტიჩი და ვიქტორ ხრიაპა.

"ამომავალი ვარსკვლავის" პრიზი მოიპოვა კოსტას პაპანიკოლაუმ ("ოლიმპიაკოსი"), ხოლო ბობი ბრაუნი "მონტეპასკიდან" ალფონსო ფორდი სახელობის პრიზის მფლობელი გახდა, როგორც ტურნირის საუკეთესო სნაიპერი (18.7 ქულა საშუალოდ).
რაც შეეხება სიმბოლურ ნაკრებს, მისი შემადგენლობა ასეთია: კრსტიჩი, სპანულისი, ანტე ტომიჩი ("ბარსელონა"), რუდი ფერნანდესი ("რეალი"), დიმიტრის დიამანტიდისი ("პანათინაიკოსი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროლიგა: "რეალი" ლონდონშია, "ბარსელონა" - გასაჭირში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული