გამარჯვებისთვის იბრძოლებს 16 გუნდი. ისინი ჯგუფებად არ დაიყოფიან და ერთმანეთში ორწრიან ტურნირს ჩაატარებენ. თითოეულს რეგულარულ ჩემპიონატში 30 მატჩის ჩატარება მოუწევს. რვა საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გადავა, სადაც ხუთმატჩიანი სერიები გაიმართება "ოთხთა ფინალში" მოსახვედრად.
A ლიცენზიის მქონე 11 კლუბს გარანტირებული აქვს 2016-17 წლების სეზონში თამაში. ესენი არიან: "ბარსელონა", "ლაბორალ კუტჩა", "რეალი" (ესპანეთი), "ეფესი", "ფენერბაჰჩე" (თურქეთი), "მილანი" (იტალია), "მაკაბი" (ისრაელი), "ოლიმპიაკოსი", "პანათინაიკოსი" (საბერძნეთი), ცსკა (რუსეთი) და "ჟალგირისი" (ლიტვა).
რაც შეეხება ევროთასის გათამაშებას, მასში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც ოთხ ჯგუფად დაყოფენ. თითო ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო მეოთხედფინალში გააგრძელებს ბრძოლას.
რეგულარულ ჩემპიონატში თამაშის უფლებას მიიღებენ: სამ-სამი გუნდი ადრიატიკის ლიგიდან, ესპანეთისა და რუსეთის ჩემპიონატებიდან, ორი გუნდი გერმანიის ბუნდესლიგიდან, აგრეთვე, აეკ (საბერძნეთი), იერუსალიმის "ჰაპოელი" (ისრაელი), "სასარი", "ტრენტო", "რეჯანა" (იტალია), "ლეტუვოს რიტასი" (ლიტვა), "სტელმეტი" (პოლონეთი) და "გალათასარაი" (თურქეთი).
კიდევ ოთხი საგზური უაილდ-ქარდის მეშვეობით გადანაწილდება, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებენ - უკრაინა, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ლიტვა, თურქეთი, ბრიტანეთი და ადრიატიკის ლიგის წარმომადგენლები. კიდევ ერთ სპეციალურ მიწვევას გარანტირებულად მიიღებს ესპანეთის ჩემპიონატის მონაწილე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"