მოგზაურობა ამერიკაში

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერჯო სკარიოლო ამერიკაში მოგზაურობს და იქ მოთამაშე ესპანელ ლეგიონერებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. იტალიელ სპეციალისტს სურს გაარკვიოს - ვისი იმედი უნდა ჰქონდეს წელს ევროპის ჩემპიონატზე.

სკარიოლო თავდაპირველად ლოს ანჯელესს სტუმრობდა, იქიდან კი ნიუ-იორკში გაემგზავრა. ესპანელთა დამრიგებლის თქმით, არსებობს მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტი:

"ბრწყინვალე იქნება თუ ნაკრებში ვიხილავთ პაუ და მარკ გასოლებს, კალდერონსა და რუდი ფერნანდესს. ეს ყველაზე ოპტიმისტური სცენარია. ყოველ შემთხვევაში ეს ყველას უნდა. ბიჭები წინააღმდეგი არ არიან. თუმცა ვფიქრობ, სეზონის
დასრულებას უნდა დაველოდოთ, რადგან ყველა მათგანს წინ პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩები აქვს."

შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთს NBA-დან მხოლოდ რუდი ფერნანდესი და მარკ გასოლი დაეხმარნენ. ხოსე კალდერონიც ემზადებოდა ჩემპიონატისთვის, მაგრამ შეკრებაზე ტრავმა მიიღო,

ცნობილია, რომ ესპანეთის ნაკრებმა NBA-დან, შესაძლოა, კიდევ ერთი კალათბურთელი, "ოკლაჰომას" კონგოელი ცენტრი სერჟ იბაკა დაიმატოს, რომელიც სულ მალე მიიღებს ესპანეთის პასპორტს. "იბაკას უნდა ჩვენთან თამაში და ის დიდ დახმარებას გაგვიწევს. სერჟი ესპანეთში გაიზარდა - როგორც ადამიანი და როგორც კალათბურთელი. ეს მის მოტივაციას ამაღლებს. მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურ დოკუმენტებს ველოდებით", - განაცხადა სკარიოლომ.

იბაკას ნატურალიზაციის შემთხვევაში, ლიტვაში ვერ ითამაშებს "რეალის" ერთ-ერთი ლიდერი - ეთნიკური ჩერნოგორიელი ნიკოლა მიროტიჩი, რომლის წლევანდელმა პროგრესმა მთელი ევროპა განაცვიფრა. სკარიოლო ერთგვარად თავს იმართლებს და ამბობს, რომ არ ელოდებდა 20 წლის მიროტიჩისგან ასეთ გარღვევას.

სამაგიეროდ, შემადგენლობაში მოინახება ადგილი ხორხე გარბახოსასთვის, ვისაც "რეალიდან" დათხოვნის შემდეგ "უნიკახაში" მეორე სუნთქვა გაეხსნა. "ნაკრებში თამაშით ის დიდ რისკზე მიდის. თუმცა ბრწყინვალე სეზონი აქვს და ეს ნებისმიერ შემთხვევაში, უდიდეს პატივისცემას იმსახურებს", - ამბობს ევროპის მოქმედი ჩემპიონის დამრიგებელი.


* * *
NBA-ში ლეგიონერების სიმრავლით საფრანგეთიც გამოირჩევა და ამ ქვეყნის ნაკრების სამწვრთნელო შტაბსაც დიდი თავსატეხი ექნება საბოლოო შემადგენლობის დადგენისას. ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა გამოთქვა ევრობასკეტზე სათამაშოდ მზადყოფნა. ეს გახლავთ "ნიუ იორკ ნიქსის" ცენტრი რონი ტურიაფი. ფრანგმა უპასუხა ბოლოდროინდელ ჭორებს იმის შესახებ, თითქოს მან უარი თქვა საფრანგეთის ნაკრების ფორმის ჩაცმაზე.

"ვერ მივხვდი საიდან მოიტანეს ეს სულელური ცნობა. მზად ვარ ლიტვაში ნაკრებისთვის ვითამაშო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის", - ამბობს ტურიაფი.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული