34 წლის ვეტერანი ისრაელის ჩემპიონის მეექვსე ახალწვეული გახდა. უფრო ადრე დევიდ ბლატის გუნდმა იონ შეიერი, დევინ სმიტი, შონ ჯეიმსი, იოგევ ოჰაონი და ჯორდან ფარმარი გაიფორმა.
პაპალუკასი ევროლიგის ორგზის ჩემპიონია მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში (2006, 2008), ის აგრეთვე 2006 წელს ევროპის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. საბერძნეთის ნაკრებთან ერთად პაპალუკასმა მოიგო ევროპის 2005 წლის ჩემპიონატი, მომდევნო წელს კი პლანეტის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
* * *
სლოვენიელი გამთამაშებელი სანი ბეჩიროვიჩი იტალიის "ბენეტონის" კალათბურთელი გახდა. 2011 წლის მარტში 30 წლის კალათბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა თურქულმა კლუბმა "ტურკ ტელეკომმა", რის შემდეგაც ბეჩიროვიჩი მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა და სეზონის დარჩენილი ნაწილი არმიულ კლუბში გაატარა. მაგრამ ამ ზაფხულს რუსებმა არ მოისურვეს სლოვენიელთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება.
* * *
ისრაელის პროფესიული ლიგის დირექტორატმა გადაწყვიტა, რომ ახალი სეზონის შედეგების მიხედვით არც ერთი გუნდი არ დატოვებს უმაღლეს დივიზიონს. ამჟამად ისრაელის ჩემპიონატში 11 გუნდი მონაწილეობს. გაისად მათი რიცხვი თორმეტამდე გაიზრდება და ამის შემდეგ ამოქმედდება "გავარდნის" წესი.
* * *
ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი სტეფან გეორგიევი მონაწილეობას ვერ მიიღებს ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 31 აგვისტოს ლიტვაში აიღებს სტარტს. 33 წლის კალათბურთელმა მუხლის მყესები დაიზიანა და სამი თვე ვერ შეძლებს თამაშს.
ევროპის 2005 და 2009 წლის ჩემპიონატის მონაწილე გრეგორიევი ბულგარეთის ნაკრების მესამე დანაკლისია კონტინენტის პირველობაზე: მანამდე გუნდს ტრავმების გამო გამოაკლდნენ პაველ ივანოვი და კოსტადინ მარშალევსკი.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთი საქართველოს ნაკრების მეტოქეა პირველ ჯგუფურ ეტაპზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"