ევრობასკეტი 2011. მესამე დღე: საფრანგეთმა ნოვიცკი გააჩერა

AutoSharing Option
ზედიზედ მესამე მატჩია ლუოლ დენგის წყალობით ბრიტანეთი იბრძვის, მაგრამ ბოლოს მაინც დიდი ანგარიშით აგებს. ასე მოხდა ესპანეთთან მატჩშიც. დაახლოებით ორმეოთხედნახევარი ევროპის მოქმედი ჩემპიონი ექვს-რვა ქულაზე შორს ვერ მიდიოდა. პირენეელებმა გადამწყვეტი გაქცევა 42:36-ზე მოაწყვეს, როცა ათი უპასუხო ქულა ჩაუგდეს მეტოქეს. ამ ათი ქულიდან რვა მარკ გასოლის ანგარიშზე იყო, რომელმაც, საბოლოოდ, ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა - 18 ქულა და 11 მოხსნა.

ამ გაქცევის შემდეგ ბრიტანეთი დანებდა. მართალია, დენგი მოედანზე დარჩა, მაგრამ, ისევე როგორც წინა მატჩებში, ახლაც გამოჩნდა, რომ "ჩიკაგოს" კალათბურთელმა უბრალოდ არ
იცის, ვისთან გაითამაშოს ბურთი, როცა თავად არ უტევს. მას მეტნაკლებად მხარდაჭერა კლარკისგან ჰქონდა. ეს იყო და ეს. შესაბამისად, სავსებით გასაგები იყო კრის ფინჩის ჟესტი, როცა მან თავისი გუნდის თამაშის შემხედვარემ თავში შემოირტყა ხელი.

ბრიტანეთს ცუდი სამსახური გაუწია შეტევაში შეცდომებმა - გუნდმა 21-ჯერ დაკარგა ბურთი და ამის ხარჯზე ესპანეთმა 21 ქულა მოიპოვა!
ახლა, ესპანეთს ორი რთული მატჩი რჩება ჯგუფში ლიტვასთან და თურქეთთან. სწორედ ამ შეხვედრებში გაირკვევა ჯგუფის გამარჯვებული.

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მორიგი მოულოდნელობა კინაღამ პოლონეთისა და პორტუგალიის მატჩში დაფიქსირდა. ფინალურ ეტაპზე კვალიფიკაციიდან მოხვედრილი პორტუგალია პირველ ტაიმში კარგ დონეს აჩვენებდა და პირველი ტაიმის შემდეგ 36:29-ს იგებდა, მაგრამ მესამე მეოთხედის სტარტზე, პირველ ექვს წუთში თამაშიდან ერთი ბურთიც ვერ ჩააგდო, პოლონეთმა კი 12 უპასუხო ქულა მიითვალა და წინ გავიდა, თუმცა ეს არ ყოფილა გარდატეხა მატჩში. პორტუგალიამ კიდევ ერთხელ მოახერხა წინ გასვლა - 61:60 და იქვე მეტოქის მორიგი გაქცევა გამოეპარა: 13:4. ანგარიში გახდა 73:65 და თითქოს პოლონელთა გამარჯვება გაიფორმა, მაგრამ ტავარესისა და ჟოაო კოშტას ზედიზედ ორმა სამქულიანმა ინტრიგა დაუბრუნა შეხვედრას. საფინალო სირენამდე წუთითა და 9 წამით ადრე ანგარიში იყო - 73:71. და კვლავ პოლონეთის გაქცევა - 8:2, რის შემდეგაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა 81:73.

პოლონელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდო ლუკაშ კოშარეკმა. მან 18 ქულა დააგროვა და აქედან - შვიდი მეოთხე მეოთხედში.

დღის მატჩი ლიტვასა და თურქეთს შორის გაიმართა. მათ ორ-ორი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და ამ მატჩს უნდა გაერკვია, ესპანეთთან ერთად რომელი გუნდი ჩაუდგებოდა სათავეში ჯგუფს.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონისა და მესამე პრიზიორის ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ, ლიტვას ევროპის ჩემპიონატებზე რვიდან შვიდი მატჩი ჰქონდათ მოგებული, თუმცა ბოლო შეხვედრაში (ორი წლის წინ პოლონეთში) თურქეთმა გაიმარჯვა.

თითქმის მთელი თამაში ქულა ქულაში მიდიოდა. საფინალო სირენამდე წუთითა და 18 წამით ადრე ლიტვა მხოლოდ ორი ქულით იყო წინ - 69:67. სწორედ ამ მომენტში გამოიკვეთა მატჩის გმირი და ანტიგმირი. ემირ პრელჯიჩზე არასპორტული ჯარიმისთვის ლიტველები დაისაჯნენ და თურქმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, შემდეგ კი ფარქვეშიდან ააცილა, საპასუხო შეტევაში კი სონგაილამ იყოჩაღა და მორიგი ორი ქულით ის თავისიანების შორის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა. შემდეგი შეტევა ისევ პრელჯიჩმა დაიწყო და უხეში შეცდომა დაუშვა - ზონის წესი დაარღვია. ლიტვამ კი ისევ ორი ქულით (იასიკიავიჩუსი) უპასუხა და თამაში დამთავრებული იყო.

სონგაილა სათადარიგოთა სკამიდან შევიდა მოედანზე და 12 ქულა დააგროვა. საერთოდ, ლიტველთა გამარჯვება დიდწილად რეზერვისტთა კარგმა თამაშმა განაპირობა - მასპინძელთა სათადარიგო სკამმა 33 ქულა მიითვალა, თურქეთისამ - 16 ქულა.

თურქეთის კიდევ ერთი პრობლემა იყო სამქულიანები - 18 შორეული ტყორცნიდან მხოლოდ სამმა მიაღწია მიზანსს, ლიტვამ კი შორიდან 12-დან ხუთი ბურთი ჩააგდო.

A ჯგუფი
ესპანეთი-ბრიტანეთი 86:69
19:16, 19:16, 22:13, 26:24
ე: პ. გასოლი (21+6 მოხსნა), მ. გასოლი (18+11 მოხსნა+5 პასი), ფერნანდესი (11), რეიესი (10+6 მოხსნა), იბაკა (8), კლავერი (4), რუბიო (4+4 პასი), ნავარო (3), ლიული (3), კალდერონი (2), სან ემეტერიო (2).
ბ: დენგი (17+5 მოხსნა), კლარკი (14+12 მოხსნა), რეინკინგი (9), ადეგბოიე (8), ჯონსონი (8), სალივანი (5), ფრილენდი (4), ლენზლი (2), ბოატენგი (2), ვან ოსტრუმი (0+6 პასი).

პორტუგალია-პოლონეთი 73:81
13:10, 23:19, 13:20, 24:32
პორ: ტავარესი (13), კოშტა (13), და სილვა (12+4 პასი), სანტოსი (12), მირანდა (9), ანდრადე (8+5 მოხსნა), ევორა (2), მინიავა (2), ფონსეკა (2).
პოლ: კოშარეკი (18+4 პასი), ბერიშა (16), შევჩიკი (13+5 მოხსნა), ლეონჩიკი (11+9 მოხსნა), კელატი (8+6 მოხსნა), ჰრიცანიუკი (8+6 მოხსნა), სკიბნიევსკი (4), ლაპეტა (2), შჩოტკა (1).

თურქეთი-ლიტვა 68:75
17:19, 18:13, 14:19, 19:24
თ: ილიასოვა (20), აშიქი (11+13 მოხსნა), ონანი (10), თურქოგლუ (9+4 პასი), პრელჯიჩი (7), კანტერი (5), არსლანი (2), სავაში (2), თუნჩერი (2).
ლ: მონგაილა (12+5 მოხსნა), კაუკენასი (11), იასაიტისი (11), პოჩიუსი (9), კალნიეტისი (9), იანკუნასი (7+5 მოხსნა), იასიკიავიჩუსი (7+7 მოხსნა+5 პასი), პეტრავიჩუსი (5), იავტოკასი (4+6 მოხსნა).

თ მ ფ ბ ქ
1. ლიტვა 3 3 0 252-214 6
2. ესპანეთი 3 3 0 256-220 6
3. თურქეთი 3 2 1 237-192 5
4. პოლონეთი 3 1 2 236-253 4
5. პორტუგალია 3 0 3 202-247 3
6. ბრიტანეთი 3 0 3 199-256 3


დღის გმირი ბარნიანი გახდა
გუშინდელ პროგრამას სერბეთისა და ისრაელის მატჩი ხსნიდა. გამარჯვების შემთხვევაში სერბები ინაღდებდნენ შემდეგი ეტაპის საგზურს, ისრაელს კი ორი წაგების შემდეგ უკან დახევის უფლება არ ჰქონდა. თუმცა ებრაელთა მსუქუბ და სწრაფ შემადგენლობას ძალიან გაუჭირდებოდა სერბების მაღლებთან - კრსტიჩთან, პეროვიჩთან და სხვებთან ბრძოლა. ასეც მოხდა - ივკოვიჩის გუნდმა მოხსნებში 44:27 აჯობა მეტოქეს, "მეორე შანსის" შეტევებით კი 9 ქულა მიითვალა, როცა ისრაელის ანალოგიური მაჩვენებელი ორი ქულა იყო.

თუმცა ისრაელი მთლად უიმედოდ არ ყოფილა - უფრო მეტიც, მატჩის ორი მესამედი ეს გუნდი თავისი მცველების შედეგიანი თამაშის წყალობით ლიდერობდა, სერბეთს კი მხოლოდ დუშკო სავანოვიჩი მიათრევდა - "ეფესის" ახალბედას ყველაფერი გამოსდიოდა.

რა თქმა უნდა, ისრაელს სოლიდური სხვაობის მიღწევა არ შეეძლო, მაგრამ ხუთ-შვიდქულიან ჰანდიკაპს დამაჯერებლად ინარჩუნებდა, რამაც წყობიდან გამოიყვანა სერბების დამრიგებელი დუშან ივკოვიჩი და მან სამართლიანად მიიღო ტექნიკური ჯარიმა.

და მაინც, ისრაელმა ვერ შეინარჩუნა უპირატესობა. სავანოვიჩისგან ესტაფეტა კეშელმა აიღო. "ოლიმპიაკოსის" მცველმა კუთხიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო. ამას დაემატა ტეოდოშიჩისა და კრსტიჩის გააქტიურება. ბოლო ორ წუთში ივკოვიჩის გუნდმა საბოლოოდ გატეხა ისრაელის წინააღმდეგობა - 89:80.

ამ ჯგუფში მეორე შეხვედრა, ფაქტობრივად ანდრეა ბარნიანისა და ლატვიის ნაკრების დაპირისპირებად გადაიქცა. "ტორონტოს" ცენტრი ქულას ქულაზე აგროვებდა და რამდენიმე მომენტში მას უფრო მეტი ქულა ჰქონდა მოპოვებული, ვიდრე დანარჩენ იტალიას ერთად. თუმცა "სკუადრა აძურას" დაცვა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და მუდმივად აძლევდა თავის გამოჩენის საშუალებას მეირესსა და სელაკოვსს.

ამის წყალობით ლატვია თითქმის სულ წინ იყო და იტალია დიდხნიანი შესვენების შემდეგ მესამე მეოთხედის ბოლოს გავიდა წინ. პიანიჯანის გუნდის ლიდერობა მეოთხე ათწუთეულის დასაწყისშივე განიმტკიცა: ჯერ მორდენტემ კუთხიდან ჩააგდო სამქულიანი, შემდეგ იგივე გააკეთა ბარნიანიმ და იტალიის უპირატესობა რვაქულიანი გახდა - 61:53. სულ მალე კი ანდრეამ იტალიის უპირატესობა ორნიშნად აქცია - 66:56.

ამის შემდეგ ლატვიელთა თამაში საბოლოოდ მოიშალა: ვეღარ აგდებდნენ ჯარიმებს, დაკარგეს კონტროლი ფარქვეშ... აღსანიშნავია, რომ იტალიამ 28-დან 25 საჯარიმო ჩააგდო, ლატვიამ - 21-დან 12. შეხვედრას წერტილი იმავე ბარნიანიმ დაუსვა, რომელმაც 20 წამის ინტერვალში ორი დაფარება შეასრულა.

იტალიას მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გაუჩნდა, ოღონდ მან აუცილებლად უნდა დაამარცხოს საფრანგეთი.

საფრანგეთის ძლევა კი იოლი საქმე არ არის. გუშინდელ მიმოხილვაში აღვნიშნეთ, რომ ვენსან კოლეს გუნდი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, რაც გერმანიასთან მატჩში დაამტკიცა.

მეტოქეებმა პროგნოზირებადი ტაქტიკით დაიწყეს - გერმანიამ პირველ წუთებზე აქცენტი ნოვიცკიზე გააკეთა და არც შემცდარა. NBA-ის ჩემპიონმა საწყის წუთებში 7 ქულა დააგროვა და გერმანია წინ გაიჭრა - 9:2. ფრანგები კი პარკერის დრიბლინგების იმედად იყვნენ - ტონი სამწამიანში შედიოდა და უკან თავისუფალ პარტნიორს უგდებდა ბურთს. თუმცა "სპურსის" გამთამაშებლის თანაგუნდელები მარტივი სიტუაციიდან აცილებდნენ ბურთს. როცა სხვაობა ცხრა ქულამდე ავიდა, კოლე იძულებული გახდა ტაიმ-აუტი აეღო და ამან საფრანგეთის უშველა. გუნდმა დაცვა გამოასწორა და შედეგად 8:0 გაქცევა ვიხილეთ, რომელიც იმავე ნოვიცკიმ შეაჩერა.
პირველი მეოთხედი გერმანიამ ოთხი ქულით მოიგო. საფრანგეთმა დევნა მეორე მეოთხედში გააგრძელა, მაგრამ კარგა ხანი არაფერი

გამოსდიოდა და გერმანიამ თავისი ლიდერის გარეშეც მოახერხა სხვაობის გაზრდა - 24:17. თამაშის სურათი კარდინალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა მოედანზე პარკერი დაბრუნდა. ფრანგების ლიდერმა რითმი დაიჭირა და ზედიზედ ცხრა ქულას ერთი საგოლე პასიც დაუმატა, რომელიც ჟელაბალემ სამქულიანში გარდასახა. ამ 12 ქულას გერმანიამ მხოლოდ ნოვიცკის ორი საჯარიმოთი და შაფარციკის ლეი-აპით უპასუხა და ტაიმი საფრანგეთმა 29:28 მოიგო.

პარკერი და კომპანია მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებდა. მესამე მეოთხედის დასაწყისი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, შემდეგ კი ტონისა და ნოას წყალობით გადამწყვეტი გაქცევა განხორციელდა - 7:0 და გერმანია მოიშალა. ბაუერმანის ტაიმ-აუტმა შედეგი არ გამოიღო. ჟელაბალემ სამქულიანი ჩააგდო, ნოამ ორი საჯარიმო დაუმატა. სანამ ნოვიცკი სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თამაშს თვალს, პარკერმა საერთო გუნდური მონაგარის ნახევარი (28 ქულა) ჩაიწერა აქტივში, საფრანგეთი კი 17 ქულით დაწინაურდა - 56:39. ცნობისთვის, ნოვიცკიმ და კამანმა მესამე პერიოდში ერთად ორი ქულა დააგროვეს. ბოლო მეოთხედი ფორმალობად გადაიქცა.

B ჯგუფი
სერბეთი-ისრაელი 89:80
22:25, 13:16, 23:23, 31:16
ს: სავანოვიჩი (24+7 მოხსნა), კრსტიჩი (18+7 მოხსნა), კეშელი (15+7 მოხსნა), მაჩვანი (7), ტეოდოშიჩი (6+7 მოხსნა+5 პასი), რაშიჩი (5), მარკოვიჩი (5+4 პასი), ტეპიჩი (4), პეროვიჩი (3), ბიელიცა (2).
ი: ჰალპერინი (18+5 ჩაჭრა), ნისიმი (16+9 პასი), ბლუ (16), ელიაჰუ (14), პნინი (9), კადირი (7+10 მოხსნა).

ლატვია-იტალია 62:71
21:18, 12:13, 20:24, 9:16
ლ: კუკსიქსი (19), სელაკოვსი (10), ბერტანსი (8), მეიერსი (5), ბერძინში (5), ბერტანსი (5), ბლუმსი (4), ფრეიმანისი (4), სტრელნიექსი (2+8 მოხსნა).
ი: ბარნიანი (36+7 მოხსნა), ბელინელი (11), მანჩინელი (8+9 მოხსნა), გალინარი (7+9 მოხსნა), მორდენტე (3), ჰეკეტი (2), კარარეტო (2), დატომე (2).

საფრანგეთი-გერმანია 76:65
12:16, 17:12, 29:12, 18:25
ს: პაკერი (32+ პასი), ბატუმი (14), ჟელაბალე (10), ნოა (8+7 მოხსნა), ტრაორე (4), სერაფინი (2), პიეტრუსი (2+6 მოხსნა), დიაო (2), დე კოლო (2).
გ: ნოვიცკი (20+6 მოხსნა), შაფარციკი (12), კამანი (8+5 მოხსნა), შვეტჰელმი (7), ჰამანი (7), შტაიგერი (6), ბენცინგი (3), ოლბრეხტი (1), იაგლა (1).

თ მ ფ ბ ქ
1. საფრანგეთი 3 3 0 250-211 6
2. სერბეთი 3 3 0 261-225 6
3. გერმანია 3 2 1 232-202 5
4. იტალია 3 1 2 201-218 4
5. ლატვია 3 0 3 217-252 3
6. ისრაელი 3 0 3 212-265 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული