ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ესპანეთმა დიდი ანგარიშით გაანადგურა ვენსან კოლეს გუნდი, თუმცა იმ შეხვედრაში ერთი წამით არ უთამაშიათ ფრანგების ლიდერებს - ტონი პარკერსა და ჟოაკიმ ნოას. ამიტომაც კეთდებოდა გუშინ ფრთხილი პროგნოზები ესპანელთა სასარგებლოდ.
საფრანგეთმა კარგი გუნდური კალათბურთით
კალდერონის მონდომებით ესპანეთი 9:2 გაიქცა. ესპანელთა გამთამაშებელმა ამ ცხრა ქულიდან ხუთი თავის ანგარიშზე ჩაიწერა და ანგარიში 17:12 გახდა.
მალე ესპანელთა უპირატესობამ რვა ქულას მიაღწია, მაგრამ მეოთხედის ბოლოს სამქულიანი ჩააგდო ნიკოლა ბატუმმა და პირველ შესვენებაზე გუნდები ასეთი ანგარიშით გავიდნენ - 25:20. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ბატუმის პირველი ქულები მატჩში. მართალია, ესპანელებმა პარკერის შეჩერება ვერ შეძლეს, სამაგიეროდ, ბატუმი თითქმის მთლიანად გამოთიშეს თამაშიდან და ამან სკარიოლოს გუნდს საქმე გაუადვილა.
მეორე მეოთხედში ესპანეთმა ცხრა ქულამდე აიყვანა თავისი უპირატესობა, მაგრამ ჟელაბალემ და პარკერმა ზედიზედ ორი ზუსტი სამქულიანით სამამდე შეამცირეს სხვაობა - 26:29. ამის შემდეგ სერჟ იბაკას ჯერი დადგა, რომელმაც მეორე 10-წუთეულში ბენეფისი მოიწყო - ნატურალიზებულმა კალათბურთელმა რვა წუთში 5 (!) დაფარება გააკეთა და მის მიერ მოგერიებული შეტევების წყალობით ესპანეთი პირველად გავიდა წინ ორნიშნა უპირატესობით - 36:26.
დიდ შესვენებამდე საფრანგეთმა გაიბრძოლა და სხვაობა ხუთ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ იქვე პაუ გასოლისგან ზედიზედ ოთხი ქულა მიიღო და პირველი ტაიმი მოქმედმა ცხრა ქულით მოიგო - 50:41.
ესპანეთმა კიდევ ერთი საფრთხე მესამე მეოთხედის შუაში მოიგერია, როცა საფრანგეთი ექვს ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს (54:60). ფრანგების 7:0 გაქცევას პირენეელებმა ზუსტად ასეთივე სპურტით უპასუხეს. ამის შემდეგ სხვაობა მუდმივად 10 ქულის ფარგლებში მერყეობდა. პარკერის გარდა ყველა ფრანგმა თითქმის შეწყვიტა ბრძოლა, ტონის მონდომება კი გასოლების, ნავაროს, კალდერონისა და ფერნანდესის წინააღმდეგ საკმარისი ვერ იქნებოდა. ესპანეთის სასტარტო ხუთეულის წევრებმა საერთო გუნდური 98 ქულიდან 86 საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს.
მატჩის გმირი ხუან კარლოს ნავარო გახდა, რომელმაც ორივე გუნდში ყველაზე მეტი - 27 ქულა დააგროვა, თუმცა მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა პაუ გასოლმა, ამიტომაც რთული იყო იმის თქმა, საბოლოოდ ვის დარჩებოდა MVP-ის ტიტული. სწორედ ეს ინტრიგა ჰქონდა შემორჩენილი ევრობასკეტს, თორემ მეოთხე მეოთხედის საწყის წუთებში კონტინენტის ჩემპიონის საკითხი გარკვეული იყო.
ესპანეთმა პირველ სამ მეოთხედში ერთნაირი შედეგიანობა აჩვენა - 25 ქულა დააგროვა, მეოთხეში კი 23 ქულა მიითვალა და ასამდე ორი ქულა არ ეყო. თუმცა გასოლსა და კომპანიას ამის გამო დიდად არ უნაღვლიათ - გაისმა საფინალო სირენის ხმა და ესპანელების ზეიმიც დაიწყო. კალათბურთელები ბავშვებივით ხარობდნენ ზედიზედ მეორე ტიტულს. ლიტვაში მათი ტრიუმფი სავსებით კანონზომიერი აღმოჩნდა.
ასეთი თამაშით ესპანეთი გაისად ლონდონის ოლიმპიადაზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება და მის შეჩერებას "დრიმ თიმი" თუ მოახერხებს - გააჩნია, რა შემადგენლობას წაიყვანენ ამერიკელები ზაფხულის თამაშებზე.
რაც შეეხება ტურნირის ბოლო ინტრიგას, სავსებით კანონზომიერად და სამართლიანად MVP გახდა ნავარო, რომელმაც მაკედონიასთან ნახევარფინალში 35 ქულა დააგროვა, ფინალში - 27.
ევრობასკეტის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
ხუან კარლოს ნავარო (ესპანეთი) - 20,6 ქ. 2,8 პ. 1,5 მ.
ტონი პაკერი (საფრანგეთი) - 24,6 ქ. 4,3 პ. 3,3 მ. 1,7 ჩ.
ბო მაკალები (მაკედონია) - 21,4 ქ. 3,7 პ. 3,1 მ. 2,1 ჩ.
ანდრეი კირილენკო (რუსეთი) - 14,9 ქ. 2,3 პ. 6,1 მ. 2,6 ჩ.
პაუ გასოლი (ესპანეთი) - 22,3 ქ. 1,4 პ. 8,1 მ. 1,1 ჩ.
ფინალი
ესპანეთი-საფრანგეთი 98:85
25:20, 25:21, 25:21, 23:23
ე: ნავარო (27+5 პასი), პ. გასოლი (17+10 მოხსნა+4 დაფარება), კალდერონი (17), ფერნანდესი (12), მ. გასოლი (11+6 მოხსნა+2 დაფარება), იბაკა (4+5 დაფარება), ლიული (4), სადა (2), რეიესი (2), რუბიო (0), სან ემეტერიო (0), კლავერი (0).
ს: პარკერი (26+5 მოხსნა+5 პასი), დიაო (12+7 პასი), ნოა (11+8 მოხსნა), ბატუმი (10), ჟელაბალე (8), ტრაორე (4), პიეტრუსი (4), სერაფინი (4), კაუდი (3), დე კოლო (2), ალბისი (1), შიკამბუ (0).
მე-3 ადგილისთვის
მაკედონია-რუსეთი 68:72
13:17, 17:19, 20:16, 18:20
მ: მაკალები (22+4 ჩაჭრა), ილიევსკი (16+4 პასი), ანტიჩი (13+5 მოხსნა), სამარძინსკი (6), ვ. სტოიანოვსკი (5), ჩეკოვსკი (4), მირაკოვსკი (2).
რ: კირილენკო (18+7 მოხსნა), მონია (10+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ვორონცევიჩი (10+7 მოხსნა), მოზგოვი (10+6 მოხსნა), ანტონოვი (7), ფრიძონი (7), ბიკოვი (5+5 პასი), შვედი (5).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"