პაუ გასოლი ევრობასკეტის მიღმა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდმა პაუ გასოლმა, რომელმაც გასულ კვირას ორივე მუხლზე ოპერაცია გადაიტანა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერ დაეხმარება ესპანეთის ნაკრებს 2013 წლის ევრობასკეტზე, რომელიც სექტემბერში სლოვენიაში გაიმართება.

"ჩემს ექიმებთან ერთად შევაფასე რეაბილიტაციის dადები და სამწუხაროდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ვერ შევძლებ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. ჩემი მთავარი მიზანია – მომავალი სეზონისთვის ფორმის აკრეფა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატამდე სრულ მზადყოფნაში მისვლა. ეს ტურნირი ესპანეთში გაიმართება და ის მორიგი სერიოზული გამოწვევა იქნება ჩვენი გუნდისთვის", - განაცხადა გასოლმა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ევროპის
ჩემპიონატზე თამაში დაადასტურა "მინესოტას" ესპანელმა მცველმა რიკი რუბიომ.

* * *

ასევე გაირკვა, რომ ლიტვის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება "ჟალგირისის" ცენტრი დარიუშ ლავრინოვიჩი. 33 წლის კალათბურთელი ზაფხულში დასვენებას აპირებს და სანაკრებო ბატალიები მის გეგმებში არ შედის.

ცოტა ხნის წინ, ლიტვის ნაკრების დამრიგებელმა იონას კაზლაუსკასმა განაცხადა, რომ ევრობასკეტზე ითამაშებენ იონას ვალანჩუნასი, ლინას კლეიზა, პაულიუს იანკუნასი და მარტინას პოჩიუსი. ნამდვილად არ იქნება ნაკრებში "ბარსელონას" 37 წლის გამთამაშებელი შარუნას იასიკიავიჩუსი, ხოლო ფორვარდ სიმას იასაიტისის საკითხი გაურკვეველია, რადგან ზაფხულში მას ქორწილი აქვს დაგეგმილი.

NBA პაპანიკოლაუთი დაინტერესდა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბები სერიოზულად დაინტერესდნენ "ოლიმპიაკოსის" 22 წლით ფორვარდით კოსტას პაპანიკოლაუთი, რომელიც ევროლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.

ირკვევა, რომ კალათბურთელით სერიოზულად არიან დაინტერესებული "სან ანტონიო" და "დალასი". ამ გუნდების წარმომადგენლები ლონდონში, ევროლიგის "ოთხთა ფინალზე" იყვნენ ჩასული ნიჭიერი მოთამაშის საქმეში სანახავად. გარდა ამისა, "ოლიმპიაკოსისა" და "ცსკა-ს ნახევარფინალურ მატჩს ესწრებოდა "ნიუ იორკ" ნიქსის" გენერალური მენეჯერი გლენ გრიუნვალდი.

სხვათა შორის, 2012 წლის დრაფტზე პაპანიკოლაუ სწორედ "ნიუ იორკმა" აირჩია, მაგრამ შემდეგ ის "პორტლენდში" გაუშვა იმ ტრეიდის მეშვეობით, რომლითაც "ნიუ იორკში" დაბრუნდა რეიმონდ ფელტონი.

თავის მხრივ, "პორტლენდიც" ადევნებს თვალს ახალგაზრდა კალათბურთელის პროგრესს, თუმცა არ აპირებს მის გამოყენებას, რადგან მესამე ნომრის პოზიციაზე რამდენიმე ძლიერი შემსრულებელი ჰყავს, მაგალითად, ფრანგი ნიკოლა ბატუმი და ესპანელი ვიქტორ კლავერი. ამიტომაც, სავსებით შესაძლებელია, ამ ზაფხულს "ბლეიზერსმა" გაცვალოს პაპანიკოლაუზე უფლებები, თავად ბერძენი კი NBA-ის დასაპყრობად გაემგზავროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევი ეტაპი. სისტემა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული