ევრობასკეტი 2013. II ეტაპი. E ჯგუფი: უკრაინული სენსაცია

AutoSharing Option
ევრობასკეტის მეორე ეტაპზე E ჯგუფში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. სამივე შეხვედრაში ფავორიტები აუტსაიდერებს ხვდებოდნენ და ბევრი მშვიდ ტურს ელოდა, მაგრამ წლევანდელი ევრობასკეტი ხომ მოულოდნელობებითაა აღსავსე.

საკალათბურთო ენაზე "გაუთვალისწინებელი" რამ მოხდა: უკრაინამ სენსაცია გამოაცხო - სერბეთს 82:75 სძლია და ბევრი კითხვა საპასუხოდ ბოლო ტურისთვის გადადო.

მოულოდნელი ანგარიში რომ დავწერეთ უკრაინელებს ნამდვილად არ ეწყინებათ, რადგან თავად უკრაინული საიტებია აჭრებული სიტყვებით "სენსაცია", "საოცარი გამარჯვება"...

ევრობასკეტი 2013. II ეტაპი. E ჯგუფი
ლიტვა-ბელგია 86:67
18:12, 26:9, 25:14, 17:32.
ლ: მატეიუნასი (13), კუზმინსკასი (12+8 მოხსნა), ვალანჩუნასი
(12+10 მოხსნა).
ბ: ბეგინი (8), ერვილი (10+8 მოხსნა), ტაბუ (15), დრიესენი (9).
ორქულიანები: 23/39 (59.0) - 17/49 (34.7)
სამქულიანები: 6/19 (31.6) - 6/10 (60.0)
საჯარიმოები: 22/29 (75.9) - 15/21 (71.4)
მოხსნები: 43-30, პასები: 17-14, შეცდომები: 13-12.

გადამწყვეტი მომენტი: ბელგიელები პირველი პერიოდის ბოლოს 12:11-ს იგებდნენ. ამის შემდეგ ლიტვამ 12:0 გაქცევა მოაწყო, რისთვისაც 4:44 წუთი დასჭირდა და მეორე პერიოდის შემდეგ თამაშის სადავე ხელიდან აღარ გაუშვია.
მატჩის გმირი: იონას ვალანჩუნასი შეუჩერებელი იყო. მას 12 ქულისა და 10 მოხსნის მოსაგროვებლად 13 წუთი ეყო.
სტატისტიკა არ ტყუის: ლიტველებმა ბელგიას კარგი დაცვა დაუყენეს და აიძულეს თამაშიდან ტყორცნების 39% გამოეყენებინათ. ბალტიისპირელებმა მოხსნებშიც აშკარად აჯობეს - 43:30. საყურადღებოა ისიც, რომ ლიტველთა თორმეტი კალათბურთელიდან ერთსაც არ დაუტოვებია მოედანი უქულოდ.

წინა ტურში ლიტვამ ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი ლამაზი თამაშით დაამარცხა და ფრთაშესხმული ბალტიისპირელების შეჩერება არათუ ბელგიას, გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესაც გაუჭირდებოდა.

ლიტვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იონას კაზლაუსკასმა განაცხადში მყოფი თოთხმეტივე კალათბურთელი საკმარისად ათამაშა. ამის საშუალება მწვრთნელს მეტოქემ მისცა, რომელმაც მეორე პერიოდი 9:26 წააგო და გამარჯვებაზე ოცნებასაც ნაადრევად დაემშვიდობა. ჰოდა, ლიტველთა დამრიგებელს საშუალება მიეცა მეორე ტაიმში ლიდერები დაესვენებინა, ხოლო სათადარიგოებისთვის სათამაშო დრო მიეცა.

- თამაში კარგი დაცვით დავიწყეთ. მართალია ორი იოლი ტყორცნა გაგვიცუდდა, მაგრამ ვიცოდით, რომ დაცვა ძლიერ შეტევასაც განაპირობებდა. ასეც მოხდა, მატჩს 35 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით, თუმცა ბოლო ხუთი წუთი იმის მაგალითი იყო, როგორ არ უნდა ითამაშო კალათბურთი, - აღნიშნა იონას კაზლაუსკასმა.

უკრაინა-სერბეთი 82:75
18:21, 23:19, 22:14, 19:21.
უ: ჯეტერი (20+4 პასი), კორნიენკო (21+8 მოხსნა).
ს: ბოგდანოვიჩი (15+4 მოხსნა+4 პასი), ბიელიცა (22+10 მოხსნა+4 პასი), კრტისიჩი (17+5 მოხსნა).
ორქულიანები: 19/34 (55.9) - 15/35 (42.9)
სამქულიანები: 10/28 (35.7) - 11/25 (44.0)
საჯარიმოები: 14/19 (73.7) - 12/24 (50.0)
მოხსნები: 32-40, პასები: 14-20, შეცდომები: 6-11.

გადამწყვეტი მომენტი: სერბეთმა მეორე ტაიმში ანგარიში გახსნა, მაგრამ უკრაინამ 14:2 სპურტი მოაწყო და 55:44 დაწინაურდა. სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი სერბეთი-უკრაინის დაპირისპირებაში.
მატჩის გმირი: მაქსიმ კორნიენკომ დიდი დახმარება გაუწია უკრაინელებს, მაგრამ შეხვედრის გმირი მაინც პუხ ჯეტერი იყო, რომელმაც ბევრი მნიშვნელოვანი ტყორცნა გამოიყენა და 20 ქულას 4 შედეგიანი გადაცემა მიამატა.
სტატისტიკა არ ტყუის: უკრაინელებმა ორქულიანები მეტოქეზე უკეთესად სტყორცნეს: 46.8% ჩააგდეს, სერბებმა - 42.9%. ხაზგასასმელია, რომ უკრაინის ნაკრებმა ბურთი მხოლოდ ექვსჯერ დაკარგა. სერბეთმა ცუდად სტყორცნა საჯარიმოები - 24-დან ოდენ 12 გამოიყენა.

შესავალშიც დავწერეთ, რომ უკრაინის გამარჯვება სერბებთან სენსაციის სფეროდან იყო. მაიკ ფრატელოს გუნდის შანსები ბალკანელებთან მინიმალური ორი მიზეზით ჩანდა: ჯერ ერთი, სერბეთს მეორე ჯგუფურ ეტაპზე სატურნირო ცხრილში 3 მოგება და 0 წაგება ეწერა; მეორეც, უკრაინელები წინა ტურში ლატვიელებთან ჩაფლვდნენ - 34 ქულის სხვაობით წააგეს.

- საბედნიეროდ, ლატვიასთან თამაშის შემდეგ რეაბილიტაცია მოვახერხეთ. იმ დღის შემდეგ დასამტკიცებელი გვქონდა, რომ სერიოზული გუნდი გვყავს. საამისოდ სერბეთი საუკეთესო ვარიანტი იყო და შანსი ხელიდან არ გავუშვით, - განაცხადა ნამატჩებს უკრაინელთა სნაიპერმა მაქსიმ კორნიენკომ, რომლის ანგარიშზეც 21 ქულაა.

საინტერესოა წაგების მიზეზებზე სერბეთის მთავარი მწვრთნელის, დუშან ივკოვიჩის მოსაზრება:

- უკრაინელებს თავიდანვე მივეცით საშუალება, დაეჯერებინათ რომ მატჩის მოგება შეეძლოთ. ჩვენი მხრივ ბევრი შეცდომა დავუშვით, უმთავრესი ისევდაისევ ფსიქოლოგიური მომენტი იყო - მდევრის როლში რომ აღმოვჩნდით, ვერ დავიჯერეთ, რომ თამაშის შემოტრიალება შეგვეძლო.

ამ მოგებით უკრაინის ნაკრებმა მეოთხედფინალისკენ თამამი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ჯგუფიდან გამსვლელ კვარტეტში მოხვედრა გარანტირებული მაინც არა აქვს. უკრაინელთა აქტივ-პასივში 2-2 მოგება-წაგებაა. ისინი ბოლო ტურში ლიტვას ეთამაშებიან და გამარჯვება გაუჭირდებათ. სამაგიეროდ, მეოთხე ადგილის "პოსტზე" უკრაინის კონკურენტი ლატვია ბელგიას ხვდება და თუ დაამარცხა (ხოლო ფრატელოს გუნდმა ლიტვასთან წააგო) მოგება-მარცხით უკრაინას გაუთანაბრდება. ასეთ შემთხვევაში კი მომდევნო ეტაპზე ლატვია გავა, რადგან ურთიერთშეხვედრაში უკრაინასთან მოგებული აქვს.

საფრანგეთი-ლატვია 102:91
31:15, 21:20, 23:30, 26:26.
ს: ბატუმი (19+4 პასი+10 მოხსნა), პარკერი (23), დიაო (16+9 ქულა), აჟინკა (25).
ლ: ფრეიმანისი (11), ბერტანსი (28), კუკსიკსი (11), შტრელნიექსი (14).
ორქულიანები: 37/56 (66.1) - 24/41 (58.5)
სამქულიანები: 3/11 (27.3) - 11/24 (45.8)
საჯარიმოები: 19/21 (90.5) - 10/14 (71.4)
მოხსნები: 35-23, პასები: 16-16, შეცდომები: 10-10

აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილ ლატვიას 2009 წლის შემდეგ არ ეხმარება NBA-ელი მეფარე ანდრის ბიედრინსი. შესაბამისად, ბალტიელებს ძალიან უჭირთ ტანმაღალი მეტოქეების წინააღმდეგ, რაშიც ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზეც დავრწმუნდით - საქართველოს ნაკრებმა ფარქვეშ მეტოქე ორივე მატჩში დაჯაბნა.

რა გასაკვირია, ლატვიას იგივე დამართნოდა საფრანგეთის ნაკრებთან მატჩისას. სტატისტიკა არ ტყუის - ფრანგებმა მოხსნებში 35:23 აჯობეს და რეალიზებულ ორქულიანებშიც დიდი უპირატესობა ჰქონდათ: 37:24.

ასეთი სხვაობის მიუხედავად ბაგაცკისის შეგირდები ბოლომდე ებრძოლნენ "მამლებს", რაც ლატვიელთა პერიმეტრის მოთამაშეების დამსახურებაა. მათ ფრანგებს 11 სამქულიანი ჩაუგდეს.

ა გ თ მ წ ბ ქ
1. ლიტვა 4 3 1 285/251 7
2. საფრანგეთი 4 3 1 323/303 7
3. სერბეთი 4 3 1 294/278 7
4. უკრაინა 4 2 2 262/294 6
5. ლატვია 4 1 3 306/300 5
6. ბელგია 4 0 4 258/302 4

15 სექტემბერი
ლატვია-ბელგია, უკრაინა-ლიტვა, სერბეთი-საფრანგეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი 2013. II ეტაპი. F ჯგუფი: დაუმარცხებელი აღარავინაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული