მატჩი
შეხვედრა ოთხი ოვერტაიმით - ძალიან იშვიათი შემთხვევაა NBA-თვის. ლიგის ისტორიაში მხოლოდ 14 ასეთი შემთხვევა ყოფილა. გასაკვირი არ არის, რომ ყოველ ასეთ მატჩს თან ახლავს არა ერთი სტატისტიკური მიღწევა თუ რეკორდი.
გამონაკლისი არ ყოფილა "ატლანტასა" და "ნიუ იორკის" შეხვედრა. მაგალითად, პოლ მილსეპმა 60 წუთი ითამაშა (მე-13 ასეთი შემთხვევა ლიგაში), აქედან 35 - ცვლილების გარეშე. კარმელო ენტონიმ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, როცა თამაში ჯერ პირველ და შემდეგ, მეორე
საერთოდ, "ნიქსი" თამაშს ოთხი გაძევებული მოთამაშის გარეშე ასრულებდა: ენტონი, კრისტაპს პორზინგისი, ჟოაკიმ ნოა და კაილ ო'ქუინი. მაყურებელმა ტრიბუნებზე თითქმის ოთხი საათი გაატარა და ფანების გართობაზე იზრუნეს "ჰოქსის" თანამშრომლებმა, როცა საკლუბო "ტვიტერზე" განათავსეს შეტყობინება: "ბოლოს და ბოლოს, როდის დავარტყამთ პენალტებს".
სამმაგი სამმაგი-დუბლი
ახლო წარსულში პოპულარულმა ფრაზამ იმის შესახებ, რომ სამმაგი დუბლები იშვიათად სრულდება, ამ სეზონში აქტუალობა დაკარგა. რასელ უესტბრუკისა და ჯეიმს ჰარდენის ფონზე, ამგვარი შენიშნა, უბრალოდ, სასაცილოდ ჟღერს.
მაგრამ გასულ კვირას, ლიგაში მართლაც ფენომენალური მოვლენა მოხდა, რომელმაც დაჩრდილა ოთხოვერტაიმიანი მატჩი. შაბათს, ერთბაშად სამმა მოთამაშემ შეასრულა სამმაგი დუბლი და აქედან ორი - ცენტრალური თავდამსხმელისა იყო. რეგულარულ ჩემპიონატში რასელ უესტბრუკის 25-ე სამმაგი დუბლი, რიგით მიღწევად აღიქვეს. ასევე არ ყოფილა სენსაცია დემარკუს კაზინსის მეექვსე ტრიპლ-დაბლი კარიერაში, აი, ნიკოლა იოკიჩისგან კი ასეთი სტატისტიკა მართლაც გასაკვირი იყო.
კონკურსანტები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დაასახელა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ძირითადი კონკურსების მონაწილეები. როგორც ყოველთვის, ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია ჩატენვების კონკურსში გამარჯვების მსურველთა სიამ. შარშანდელი ეფექტური შოუს შემდეგ, წლევანდელი მონაწილეებისთვის ძალიან რთული იქნება ამ დონის შენარჩუნება, თუმცა, გასახარია აარონ გორდონის სიაში ყოფნა. სამაგიეროდ, ბევრისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს "ფინიქსის" წევრის დერიკ ჯონსის პიროვნება, რომელმაც ლიგაში ჯერ მხოლოდ 15 წუთი ითამაშა და ოფიციალურ მატჩებში ჩატენვა არ ჰქონია. სამაგიეროდ, კარიერაში 1500 დანკი აქვს კიდევ ერთ მონაწილეს დეანდრე ჯორდანს.
სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ აღიარებული სნაიპერები. მართალია, სტივენ კარიმ არ მოისურვა გართობა, სამაგიეროდ, შთამბეჭდავი უნდა გამოვიდეს წინა წლების გამარჯვებულების - კაირი ირვინგისა და კლეი ტომპსონის პოტენციური დაპირისპირება.
დაბოლოს, ოსტატობის კონკურსში ერთმანეთს შეეჯიბრება ოთხი "მაღალი", მათ შორის, ჯოელ ემბიდი. ისინი შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ თანამედროვე კალათბურთში მხოლოდ მცველებს არ აქვთ კარგი ტექნიკა.
ტრავმა
ჩატევნების კონკურსის ბოლო ორი წლის გამარჯვებულმა ზაკ ლავინმა წინასწარ თქვა უარი "ოლ სტარზე", მაგრამ ამას ნებისმიერ შემთხვევაში ვერ შეძლებდა. "მინესოტას" გულშემატკივართა სამწუხაროდ, ლავინმა მუხლის ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა. ეს არის პროფესიულ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმა, რომელსაც, შესაძლოა, უმძიმესი გავლენა ჰქონდეს პროფესიულ კარიერაზე.
განსაკუთრებით ისეთი მოთამაშეებისთვის, რომელთა ძლიერი მხარეა - ათლეტიზმი. ზუსტად ასეთი დაზიანება გახდა დერიკ როუზის სუპერვარსკვლავური კარიერის დასასრულის დასაწყისი. ლავინის შემთხვევაში ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მის შთამბეჭდავ დანკებს ვეღარასოდეს ვიხილავთ.
მეტრი
გრეგ პოპოვიჩი კიდევ ერთი მიზეზით გახდა ლეგენდა. კვირას, ლეგენდარულმა სპეციალისტმა 1128-ე გამარჯვება მოიპოვა NBA-ში "სან ანტონიოსთან" ერთად და ეს არის აბსოლუტური რეკორდი ერთი გუნდის სათავეში მყოფი მწვრთნელებისთვის. წინა რეკორდის მფლობელი ჯერი სლოუნი ასევე ითვლება "იუტას" სიმბოლოდ, მაგრამ მას ტიტულები არ მოუპოვებია, უფრო იშვიათად იგებდა მატჩებს და კარიერის დასაწყისში "იუტას" "ჩიკაგოსთან" "უღალატა".
მიღწევა
უკვე 32 წლისა და 36 დღის ასაკში, ლებრონ ჯეიმსმა 28 ათასი ქულა შეაგროვა NBA-ში, რითაც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. "კლივლენდის" ლიდერი თითქმის წელიწადნახევრით უსწრებს წინა რეკორდსმენის - კობი ბრაიანტის გრაფიკს. თუ მომავალში ჯეიმსი თავიდან აიცილებს სერიოზულ ტრავმებს, ის აუცილებლად ჩამოაგდებს კობის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში მესამე ადგილიდან. უფრო მეტიც, წარმატებული გარემოებების შემთხვევაში, ლებრონს აქვს შანსი პირველ ადგილზე გადავიდეს, თუმცა, ჯერ 10 ათასი ქულა აშორებს ქარიმ აბდულ-ჯაბარის მაჩვენებლამდე.
კონფლიქტი
გასული კვირა ჯეიმსისთვის უსიამოვნო მოვლენითაც იყო გამორჩეული. პრესის ფურცლებზე და ტელეეკრანებზე ჩარლზ ბარკლისთან კამათმა არც ისე კარგი კუთხით წარმოაჩინა კლივლენდელი, ხოლო აგრესიული თავდაცვის მცდელობამ მხოლოდ გააუარესა სიტუაცია. ჩარლზ ბარკლიმ სამართლიანად მიუთითა იმის შესახებ, რომ "კლივლენდი" ხშირად მიდის თავის ლიდერთან დათმობაზე შემადგენლობის დაკომპლექტების საკითხში. პასუხად, ლებრონმა მხოლოდ ის შეძლო, რომ ბარკლის ძველი ცოდვები გაიხსენა, რომელთა ფონზეც, ის თითქმის ანგელოზად მოჩანს. სერ ჩარლზმა ამ თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა, რომ პიროვნებებს არ შეეხება და ასე მოხდენილად დაასრულა დისკუსია თავის სასარგებლოდ.
გასინჯვა
"კავალიერზის" ხელმძღვანელობამ, გარკვეულ წილად, დაადასტურა ბარკლის სიმართლე, რადგან ისევ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინა თავისი სუპერვარსკვლავის სურვილი.
"კლივლენდში" ორგანიზება გაუკეთეს მასშტაბურ გასინჯვას შემადგენლობის სავარაუდო გაძლიერებისთვის - მოიწვიეს ოთხი საუკეთესო თავისუფალი აგენტი უკანა ხაზიდან - მარიო ჩელმერსი, ჯორდან ფარმარი, კირკ ჰაინრიხი და ლენს სტივენსონი. გუნდს ასევე აინტერესებს ხოსე კალდერონი, დერონ უილიამსი და ენდრიუ ბოგუტი. მაგრამ, ლებრონს არ სულს, რომ გაცვლაში ჩართული იყოს "კლივლენდის" რომელიმე ძლიერი კალათბურთელი, ამიტომაც, "კავალირეზს" უწევს დაკმაყოფილება მხოლოდ იმით, რაც არავის სჭირდება.
აღმოჩენა
"კლივლენდს" შეეძლო გამთამაშებლის პრობლემა დეკემბრში მოეგვარებინა. მაგრამ დრაფტზე დაწუნებულ და სეზონის მსვლელობისას "ბრუკლინიდან" გაძევებულ იოგი ფერელს ყურადღება მხოლოდ "დალასმა" მიაქცია და ახლა, ძალიან ბედნიერიცაა ამით. თავისი ახალბედათი "მავერიქსმა" ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო, თავად ფერელმა კი საშუალოდ 17.8 ქულა და 5.0 შედეგიანი პასი დააგროვა, თან დებიუტანტებისთვის ერთ მატჩში ჩაგდებული სამქულიანების რეკორდი დაამყარა. ჯერჯერობით ნაადრევია სეზონის სენსაციაზე ლაპარაკი, მაგრამ ასეთი მოთამაშის აყვანა 280 ათას დოლარად - უკვე წარმატებაა.
კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ბოსტონ სელტიქსის" მცველი აიზია ტომასი. ის თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა, რითაც "სელტიქსის" გამარჯვებათა სერია შვიდ მატჩამდე ავიდა. გამთამაშებელი საშუალოდ მატჩში 37.8 ქულასა (საუკეთესო მაჩვენებელი ლიგაში) და 6.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. გასულ კვირას, ტომასი ზედიზედ ორ მატჩში იღებდა მინიმუმ 40 ქულას. "დეტროიტთან" თამაშში მან 41 ქულა მიითვალა., აქედან 24 მეოთხე მეოთხედზე მოდის. "ტორონტოსთან" კი 44 ქულა ჰქონდა და 19 - ბოლო 12-წუთეულში.
"გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელი სტივენ კარი გახდა დასავლეთის ლაურეატი. "უორიორზმა" სამიდან ორი მოიგო, კარის ანგარიშზე კი 34.3 ქულა, 9.3 შედეგიანი პასი და 3.0 ჩაჭრა მოდის. მცველი თამაშიდან 57.1 პროცენტის სიზუსტით ისროდა და სამქულიანების 56.4 პროცენტი ჩააგდო (39-დან 22).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"