NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამის" 13-მატჩიანი მოგებათა სერია ფილადელფიაში შეწყდა

AutoSharing Option
აღმოსავლეთის მეორე გუნდისა და დასავლეთის მეოთხე გუნდის დაპირისპირებაში "ბოსტონმა" მოიგო. "სელტიქსმა" თამაშიდან 59 პროცენტის სიზუსტით ისროლა, 13-სამქულიანი ჩაუგდო "იუტას" და ბოლო 10 მატჩში მეცხრედ გაიმარჯვა.

სტუმრები ერთხელაც არ ყოფილან ჩამორჩენილნი ანგარიშში. მეოთხე მეოთხედი 8:0 გაქცევით დაიწყეს და 20 ქულამდე გაზარდეს ანგარიში - 85:65, მაგრამ მაინც ვერ აიცილეს თავიდან ნერვული დასასრული. "იუტამ" საფინალო სირენამდე 22 წამით ადრე, ექვს ქულამდე შეამცირა ანგარიში, მაგრამ დრო არ ეყო თამაშის გადასარჩენად.

* * *
შარშან, "ჰიუსტონმა" მე-40 გამარჯვება მხოლოდ აპრილის დასაწყისში მოიპოვა, ახლა კი ამ
ზღვარს 57 მატჩის შემდეგ მიაღწია. ბოლოს, ასეთი რამ "როკეტსმა" ძალიან დიდი ხნის წინ, 1993-94 წლების სეზონში შეძლო.

"ჰიუსტონმა" პირველი ტაიმი 26 ქულით მოუგო "ფინიქსს", მეორე ნახევარი კი 14:3 გაქცევით დაიწყო და მესამე მეოთხედის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე, 91:54-ს იგებდა.

"როკეტსის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა 40 ქულა პირველ სამ მეოთხედში დააგროვა და მეოთხე მეოთხედში მოედანზე აღარ გამოჩენილა. მან მეცხრე 40-ქულიანი მატჩი ჩაატარა სეზონში და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ლიდერ რასელ უესტბრუკს.

* * *
"დალასმა" "ორლანდო" გაანადგურა, ბოლო რვა მატჩში მეექვსედ მოიგო (ამ სერიისას იყო სამი გამარჯვება დივიზიონების ლიდერებთან) და კიდევ უფრო მიუახლოვდა დასავლეთის პლეი ოფის ზონას.

დირკ ნოვიცკიმ 18 წუთში 14 ქულა აიღო და სწორედ მისი სამქულიანით გახდა ანგარიში 67:37 მესამე მეოთხედის პირველ წუთზე.

"დალასისთვის" კარგი ამბავი იყო ის, რომ რვამატჩიანი პაუზის შემდეგ, შემადგენლობაში დაბრუნდა ძირითადი გამთამაშებელი დერონ უილიამსი. მან 16 წუთში შვიდი ქულა და ოთხი შედეგიანი პასი მიითვალა.

* * *
შეწყდა ყველაზე გრძელი მიმდინარე მოგებათა სერია. ფილადელფიელებმა - ნერლენს ნოელმა, რობერტ კოვინგტონმა და დარიო შარიჩმა 19-19 ქულა დააგროვეს და საკუთარ გუნდს 117:109 მოაგებინეს "მაიამისთან", რომელიც ზედიზედ 13 მატჩი არ მარცხდებოდა. ეს სერია ყველაზე გრძელი იყო ამ სეზონში NBA-ში და მესამე - "მაიამის" ისტორიაში.

საფინალო სირენამდე 4:44 წუთით ადრე, ჯო ჯონსონმა სამქულიანით ოთხ ქულამდე შეამცირა სხვაობა - 96:100, მაგრამ მომდევნო წუთნახევარი "ფილადელფიამ" 10:1 მოიგო და პრაქტიკულად გადაწყვიტა მატჩის ბედი.

* * *
იანვარში 15-დან რვა მატჩის წაგების შემდეგ, "კლივლენდმა" თებერვალში ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო. "დენვერთან" პირველი ტაიმი "კავალიერზმა" მხოლოდ ოთხი ქულით მოიგო, სამაგიეროდ, მეორე ტაიმი 18:0 გაქცევით გახსნა და მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო.

ლებრონ ჯეიმსმა და კაირი ირვინგმა 27-27 ქულა დააგროვეს. ჯეიმსმა 12 შედეგიანი პასიც აიღო, გარდა ამისა, კარიერაში 5227 მოხსნა დაუგროვდა, რითაც ბრედ დოგერტის გაუსწრო და საკლუბო სიაში მეორე ადგილზე გადავიდა. პირველი ლიტველი ჟიდრუნას ილგაუსკასია 5904 მოხსნით.

* * *
"მილუოკიმ" რეზერვისტების მიერ მოპოვებული 55 ქულის წყალობით, სტუმრად დაამარცხა "ინდიანა" - 116:110. ეს იყო "ბაქსის" ზედიზედ მეორე მოგება გასვლაზე, არადა, ყველა მატჩი წააგო სტუმრად იანვარში, ხოლო "ინდიანა" მესამე ადგილზეა აღმოსავლეთში საშინაო მოგებების რაოდენობით.

"მილუოკისთვის" ეს იყო მხოლოდ მესამე მოგება ბოლო 15 მატჩში.

პარკერმა სეზონი დაამთავრა
"მილუოკი ბაქსის" 21 წლის ფორვარდმა ჯაბარი პარკერმა ნაადრევად დაასრულა მიმდინარე სეზონი. კალათბურთელმა კარიერაში მეორედ გაიწყვიტა მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესები. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა, აღდგენითი პროცესი დაახლოებით ერთ წელიწადს დაიკავებს.

მიმდინარე სეზონში პარკერმა 51 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 20.1 ქულა, 6.2 მოხსნა და 2.8 შედეგიანი პასი დააგროვა.

ოუკლის "მედისონ სკვერ გარდენის" კარი დაუკეტეს
"ნიუ იორკ ნიქსის" ყოფილ ვარსკვლავს ჩარლზ ოუკლის სიცოცხლის ბოლომდე აეკრძალა "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიქსის" საშინაო მატჩებზე დასწრება, - წერს ESPN.

რამდენიმე დღის წინ, "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" რეგულარული ჩემპიონატის მატჩის დროს, მცველებმა ოუკლი "მედისონ სკვერ გარდენის" პირველი რიგიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც, 53 წლის ექს-კალათბურთელი პოლიციამ დააპატიმრა. მას ბრალი წაუყენეს თავდასხმაში და ტრიბუნებზე უკანონო შეჭრაში, თუმცა, მოგვიანებით, გაანთავისუფლეს.

ჩარლ ოუკლი "ნიქსის" შემადგენლობაში 1988-98 წლებში თამაშობდა.

"ლეიკერსი" მოზგოვს იშორებს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს იმისთვის, რომ თავიდან მოიშოროს თავისი ორი მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი - ტიმოფეი მოზგოვი და ლუოლ დენგი.

"რა თქმა უნდა, "ლეიკერსი" განიხილავს ნებისმიერ წინადადებას მოზგოვისა და დენგის გაცვლის თაობაზე. მაგრამ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდმა მიიღოს ასეთი წინადადებები. მათთან ერთად, "ლეიკერსი" ახალგაზრდა მოთამაშეებსაც უნდა შეელიოს. მაგალითად, ივიცა ზუბაცს, ლარი ნენსის ან იმ სამიდან ერთ-ერთს, რომლებიც დრაფტზე მაღალ ნომრად აირჩიეს. "ლეიკერსი" მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოს 2017 ან 2018 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტების ბაზარზე", - მიაჩნია ESPN-ის წამყვან მიმომხილველს რამონ შელბერნს.

"ფილადელფია" ოკაფორს გაცვლის
გუშინ, "ფილადელფიას" რიგებში არ უთამაშია ცენტრალურ თავდამსხმელს ჯალილ ოკაფორს. ESPN-ის აზრით, მიზეზი ამ კალათბურთელის ტრეიდის მაღალი ალბათობაა.

გასულ კვირას, "ფილადელფია" სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა "ნიუ ორლეანთან" სწორედ ოკაფორის მონაწილეობით გაცვლაზე. გარდა ამისა, "სიქსერზი" ამ საკითხს "პორტლენდთან" და "ჩიკაგოსთანაც" განიხილავდა.

სავარაუდოდ, ცენტრი არ ითამაშებს მომდევნო მატჩებში "ყველა ვარსკვლავის" პაუზამდე.

ემბიდი ჯერ ვერ ბრუნდება
ამასობაში, "ფილადელფიას" გენერალურ მენეჯერს ბრაიან კოლანჯელოს მიაჩნია, რომ გუნდის დებიუტანტი ცენტრი ჯოელ ემბიდი ვერ ითამაშებს "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" ამომავალი ვარსკვლავების მატჩში.

"ემბიდის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ, საკმაოდ რთულია. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ძვალი აქვს დაზიანებული, აგრეთვე, ოდნავ გაწყვეტილია მენისკი", - განაცხადა კოლანჯელომ.

ამ დაზიანებების გამო, ემბიდმა ბოლო 13 მატჩში მხოლოდ ერთხელ შეძლო მოედანზე გასვლა.

შარლოტი-კლიპერსი 102:107
27:29, 24:24, 19:24, 32:30
შ: ბატუმი (25+8 პასი), კამინსკი (20), ბელინელი (17), ლემბი (13), უოკერი (10).
კ: კროუფორდი (22), გრიფინი (20+12 მოხსნა+8 პასი), რივერსი (18), რედიკი (10), ჯორდანი (4+16 მოხსნა).

ინდიანა-მილუოკი 100:116
22:29, 30:33, 22:26, 26:28
ი: მაილზი (23), ტერნერი (18+6 პასი), ელისი (18), ჯორჯი (13).
მ: ანტენტოკუნმპო (20+10 პასი), ტელეტოვიჩი (19), ბროგდონი (17), მონრო (17), სნელი (13).

ფილადელფია-მაიამი 117:109
27:27, 27:21, 30:28, 33:33
ფ: კოვინგტონი (19+7 მოხსნა), ნოელი (19), შარიჩი (19), ჰენდერსონი (14), ილიასოვა (14), მაკონელი (11+10 პასი), სკაუსკასი (11).
მ: დრაგიჩი (30), ჯ. ჯონსონი (26), ელინგტონი (16), უაიტსაიდი (12+19 მოხსნა), ლდრნყრნ (17).

ჰიუსტონი-ფინიქსი 133:102
38:24, 39:29, 34:24, 22:25
ჰ: ჰარდენი (40+8 პასი), ბევერლი (19+10 მოხსნა), ანდერსონი (16), დეკერი (14).
ფ: ბუკერი (18), უორენი (14), ლენი (13), იულისი (13+6 პასი), ბარბოზა (12), დადლი (12).

კლივლენდი-დენვერი 125:109
28:33, 31:22, 33:23, 33:31
კ: ირვინგი (27), ჯეიმსი (27+12 პასი), ლავი (16), კორვერი (14), ტომპსონი (13+13 მოხსნა).
დ: იოკიჩი (27+13 მოხსნა), ჰარისი (16), მარეი (16), ჩენდლერი (13), ნელსონი (12+8 პასი), ბარტონი (12).

დალასი-ორლანდო 112:80
29:23, 32:12, 23:17, 28:28
დ: მეტიუზი (20+6 პასი), სეტ კარი (14), ნოვიცკი (14), ფერელი (10+7 პასი), ბრუსინო (10).
ო: ბიიომბო (15+7 მოხსნა), ფურნიე (14), უოტსონი (10), ვუჩევიჩი (3+10 მოხსნა).

იუტა-ბოსტონი 104:112
23:33, 21:25, 21:19, 39:35
ი: ჰეივორდი (31), ჯორჯ ჰილი (22), გობერი (14+14 მოხსნა).
ბ: ტომასი (29), ოლინიკი (19+7 მოხსნა), გრინი (16), ჰორფორდი (16), სმარტი (10), იანგი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული