NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ბუკერის წინაპრები

AutoSharing Option
ახალი ამბავი აღარ არის ის, რაც "ბოსტონისა" და "ფინიქსის" მატჩში მოხდა. "სანზის" შემტევმა მცველმა დევინ ბუკერმა 70 ქულა დააგროვა, რითაც მეექვსე მოთამაშე გახდა ისტორიაში, ვინც ამგვარ შედეგს მიაღწია.

ფინიქსელი "მეორეწლიანის" გარდა, 70 და მეტი ქულა დაგროვებული აქვთ: უილტ ჩემბერლენს (6-ჯერ – 100, 78, 73, 73, 72 და 70), კობი ბრაიანტს (81), დევიდ ტომპსონს (73), ელჯინ ბეილორსა (71) და დევიდ რობინსონს (71).

ეს მოვლენა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ბუკერი მატჩის დღეს 20 წლისა და 145 დღის იყო. ასეთი
ადრეულ ასაკში არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია მსგავსი შედეგიანობა. საინტერესოა, ძველი ან თანამედროვე ვარსკვლავები როგორ ისროდნენ 20 წლის ასაკში?

კევინ დურანტი
კარიერული მონაგარი: 27.2 ქულა
რეკორდი 20 წლის ასაკში: 47 ქულა
"სიეტლის" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრაში დურანტმა 18 ქულა დააგროვა, შემდეგ მატჩში უკვე 27 ქულა აიღო, ხოლო მე-17 შეხვედრაში - 35. ასეთი ტემპებით, დურანტს მალე უნდა აეფეთქებინა NBA და მართლაც, ფორვარდმა ორჯერ მოაწყო სპექტაკლი: "კლიპერსმა" კევინისგან 46 ქულა გაუშვა, "ნიუ ორლეანმა" 2009 წლის 17 თებერვალს - 47.

ლებრონ ჯეიმსი
კარიერული მონაგარი: 27.1 ქულა
რეკორდი 20 წლის ასაკში: 56 ქულა
დურანტის მსგავსად, ჯეიმსმა სადებიუტო სეზონში მოასწრო 40 ქულით თავის გამოჩენა, სამაგიეროდ, ის უფრო სწრაფად მივიდა 50 ქულამდე. 2005 წლის 20 მარტს, "მეფემ" 56 ქულა ჩაუგდო "ტორონტოს".

ამ დროს, ჯეიმსი მხოლოდ 20 წლისა და 80 დღის იყო. 21 წლის ასაკამდე, ლებრონმა კიდევ ერთხელ მოასწრო 50 ქულამდე ასვლა: "მილუოკიმ" საშუალება მისცა 52 ქულა დაეგროვებინა.

კობი ბრაიანტი
კარიერული მონაგარი: 25.0 ქულა
რეკორდი 20 წლის ასაკში: 38 ქულა
ბრაიანტი თავიდანვე ძლიერი შემადგენლობის გუნდში მოხვდა, ამიტომ არც გასაკუთრებულად დიდი სათამაშო დრო ჰქონდა და არც შთამბეჭდავი სტატისტიკა. თუმცა, პლეი ოფის პირველივე სერიაში "პორტლენდის" წინააღმდეგ 22 ქულა დააგროვა.

მომდევნო სეზონში მისი როლი გაიზარდა და ეს მაშინვე დაეტყო შედეგიანობას, რომელიც ორჯერ ამაღლდა. პირველად მატჩში 30 ქულა ბრაიანტმა 19 წლისა და 113 დღის ასაკში დააგროვა - უფრო გვიან, ვიდრე დურანტმა, ჯეიმსმა და ბუკერმა. სამი დღის შემდეგ, კობიმ ეს შედეგი გააუმჯობესა (33), მაგრამ 40 ქულამდე მაინც ვერ მივიდა, სხვათა შორის, ვერც მესამე სეზონში. მაქსიმალური 38 ქულა მცველმა 1999 წლის 21 მარტს, "ორლანდოსთან" მატჩში აიღო.

კარმელო ენტონი
კარიერული მონაგარი: 24.8 ქულა
რეკორდი 20 წლის ასაკში: 41 ქულა
საკმაოდ კარგ "დენვერში" ენტონიმ თავიდანვე გამოავლინა თავისი ბომბარდირული თვისებები. კარმელომ 30 ქულა უკვე თავის მეექვსე (!) შეხვედრაში დააგროვა, სულ კი სადებიუტო სეზონში ათჯერ გადალახა ეს ზღვარი. სარეკორდო 41 ქულა კი 2004 წლის 30 მარტს, "სიეტლთან" მატჩში დააგროვა.

ედრიან დენტლი
კარიერული მონაგარი: 24.3 ქულა
რეკორდი 20 წლის ასაკში: 39 ქულა
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" ექვსგზის მონაწილე და ორჯერ ლიგის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე (1981, 1984) NBA-ში 20 წლის ასაკში მივიდა. "ნოტრ-დამის" ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კურსდამთავრებულმა და "იუტას" ლეგენდამ კარიერა "ბაფალო ბრეისში" (ამჟამინდელი "კლიპერსი") დაიწყო და 1976-77 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტი გახდა. ყველაზე შედეგიანი მატჩი დენტლიმ 1977 წლის 21 თებერვალს, "ინდიანას" წინააღმდეგ ჩაატარა, როცა 39 ქულა დააგროვა. ექვსი დღის შემდეგ, ფორვარდს 21 წელი შეუსრულდა.

შაკილ ო'ნილი
კარიერული მონაგარი: 23.7 ქულა
რეკორდი 20 წლის ასაკში: 46 ქულა
შაკი 20 წლისა მივიდა NBA-ში და თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი. ცენტრმა თავის მესამე მატჩში შეძლო 35 ქულის დაგროვება, მეოთხეში - 31, მომდევნო სამ მატჩში კი 29 ქულამდე მიდიოდა. სადებიუტო სეზონში საუკეთესო მატჩი 1993 წლის 16 თებერვალს, "დეტროიტის" წინააღმდეგ ჩაატარა, რომ 46 ქულასა და 21 მოხსნას მოუყარა თავი.

რასელ უესტბრუკი
კარიერული მონაგარი: 22.5 ქულა
რეკორდი 20 წლის ასაკში: 34 ქულა
უესტბრუკი დღეს თანამედროვე NBA-ის ნამდვილი სიმბოლოა, სადებიუტო სეზონში კი კევინ დურანტის ჩრდილში ცუდად არ გამოიყურებოდა, რეგულარული ჩემპიონატის შუა ნაწილში კი კარგი ტემპიც აკრიფა და რამდენიმე შედეგიანი მატჩი ჩაატარა, რომელთა შორის იყო მისი პირველი სამმაგი დუბლი კარიერაში. ძალიან მალე გამთამაშებელმა სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩიც ჩაატარა - 2009 წლის პირველ თებერვალს, უესტბრუკმა 34 ქულა დააგროვა "საკრამენტოს" წინააღმდეგ.

მეჯიქ ჯონსონი
კარიერული მონაგარი: 19.5 ქულა
რეკორდი 20 წლის ასაკში: 31 ქულა
მეჯიქი ერთ-ერთი იშვიათი მოთამაშე იყო, რომელიც 80-იან წლების ეპოქაში 20 წლისა მივიდა NBA-ში. ამ ასაკს ხელი არ შეუშლია მისთვის, უკვე პირველივე სეზონში ეჩვენებინა თავისი კოლოსალური პოტენციალი. ჯონსონი არ იყო ლიდერი ქარიმ აბდულ-ჯაბარის, ჯამაალ უილქსისა და ნორმ ნიქსონის კომპანიაში, ამიტომაც, მისი სარეკორდო 31 ქულა მეტად სოლიდური შედეგი იყო.

მაგრამ ყველაზე შედეგიანი მატჩი 20 წლის მეჯიქმა არა რეგულარულ ჩემპიონატში, არამედ პლეი ოფში ჩაატარა, თანაც ეს გააკეთა ფინალური სერიის ბოლო მატჩში "ფილადელფიას" წინააღმდეგ. 1980 წლის 16 მაისს, ჯონსონმა 42 ქულა დააგროვა, გახდა ფინალური სერიის ყველაზე ახალგაზრდა MVP (20 წლისა და 276 დღის) და "ლეიკერსს" მეშვიდე ტიტული მოუტანა.

აიზია ტომასი
კარიერული მონაგარი: 19.2 ქულა
რეკორდი 20 წლის ასაკში: 34 ქულა
80-იან წლებში კიდევ ერთი გამონაკლისი იყო აიზია ტომასი, რომელიც პირველივე სეზონში მოხვდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში". უფრო მეტიც, აიზია ამ სიის აბსოლუტური რეკორდსმენია - 31 ქულა "დეტროიტში" თავის პირველივე მატჩში დააგროვა. სადებიუტო სეზონში (1981-82) მისგან ყველაზე მეტად დაზარალდა "ატლანტა", რომელმაც 1982 წლის 2 თებერვალს, აიზიასგან 34 ქულა მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული