NBA. პლეი ოფი: ჩემპიონი თითქმის უშანსოდაა

AutoSharing Option
პირველ მატჩში კატასტროფული თამაშის შემდეგ, კაილ ლაურიმ დიდი წვლილი შეიტანა "მილუოკისთან" სერიაში ანგარიშის გასათანაბრებლად. საწყის მატჩში ლაურიმ ექვსიდან ექვსი სამქულიანი ააცილა და მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვა. ამჯერად, ტორონტოელთა ერთ-ერთმა ლიდერმა 22 ქულა დააგროვა, რასაც 5 შედეგიანი პასიც დაუმატა და რაც მთავარია, გამარჯვების ტყორცნა ჩააგდო.

ისევე, როგორც წინა შეხვედრაში, გუნდები ბოლო მეოთხედამდე პრაქტიკულად ერთად მივიდნენ, მაგრამ, ამჯერად, გადამწყვეტი გაქცევის შესრულება "ტორონტომ" შეძლო. ბოლო 12-წუთეულის სტარტზე, "რეპტროზმა" 11:0 სპურტი შეასრულა, რომელთგანაც ცხრა ქულა სერჟ იბაკასა და პი ჯეი ტაკერის სამქულიანებზე მოდის.

"მილუოკიმ"
დარტყმას გაუძლო და თავისი მოთამაშეების ერთობლივი მონდომებით დაეწია მეტოქეს - სირენამდე ორი წუთით ადრე, ანგარიში იყო - 100:100. ამის შემდეგ, კარგა ხანი ქულას ვერავინ იღებდა და საბოლოოდ, თამაშის ბედი გადაწყვიტა კაილ ლაურიმ. "ტორონტოს" გამთამაშებელმა მაქსიმალურად მოკლა დრო ბოლო შეტევაში და საშუალო ტყორცნა გამოიყენა.

* * *
გავარდნის წინაშე დადგა აღმოსავლეთის ჩემპიონი "ბოსტონი", რომელმაც შინ მეორე მატჩი წააგო და 0:2 ჩამორჩა "ჩიკაგოსთან" სერიაში. ამჯერად, "ხარების" ლიდერი ჯიმი ბატლერი მარტო არ ყოფილა და თანაგუნდელებისგან სოლიდური მხარდაჭერა ჰქონდა - სტუმრების ხუთმა მოთამაშემ შეძლო მინიმუმ 10 ქულის აღება.

სულ სხვა სურათი ვიხილეთ "ბოსტონის" რიგებში. "სელტიქსი", ამჯერად, გაუმკლავდა კატასტროფას ფარქვეშ ბრძოლაში და მხოლოდ ხუთით ნაკლები მოხსნა ჰქონდა, მაგრამ "ბულზის" შეტევას მაინც ვერ გაუმკლავდა - ჩიკაგოელები 51.1 პროცენტის სიზუსტით ისროდნენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელი მაჩვენებელია კონფერენციის პირველი გუნდისთვის. გარდა ამისა, აიზია ტომასმა (20 ქულა, 15-დან 6) და ელ ჰორფორდმა ცუდი თამაში აჩვენეს. ამ უკანასკნელმა თავის ანგარიშზე მოკრძალებული 7 ქულა ჩაიწერა.

ასე რომ, შეიძლება განმეორდეს ხუთი წლის წინანდელი ისტორია, როცა აღმოსავლეთის ჩემპიონმა წააგო სერია მერვე გუნდთან. 2012 წელს ეს შეძლო "ფილადელფიამ", რომელმაც ექვს მატჩში აჯობა "ჩიკაგოს".

* * *
პირველი მატჩის მე-17 წამზე რუდი გობერის მიერ მიღებული ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და "იუტას" ძირითადმა ცენტრმა ვერ შეძლო მეორე შეხვედრაში თამაში. ამჯერად, ფრანგის შეცვლა ვერავინ შეძლო სრულფასოვნად. "ჯაზი" არ განადგურებულა, მაგრამ რეალურად ბრძოლაც ვერ მოახერხა - 48 წუთის განმავლობაში, სტუმრები ერთხელაც არ გასულან წინ. ყველაზე ახლო მანძილი, რომლითაც "იუტა" მეტოქეს მიუახლოვდა - ექვსი ქულა იყო.

დომინირებდა მატჩში "კლიპერსის" დიდი ტრიო: დეანდრე ჯორდანმა (18 ქულა, 15 მოხსნა) და კრის პოლმა (21 ქულა, 10 პასი) ორმაგი დუბლით დაასრულეს შეხვედრა, ბლეიკ გრიფინი 24 ქულით ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო მატჩში.

ტორონტო-მილუოკი 106:100
28:25, 27:27, 29:31, 22:17
ტ: დეროზანი (23+7 მოხსნა), ლაური (22), იბაკა (16+7 მოხსნა+6 პასი), ჯოზეფი (11), ვალანჩუნასი (10+10 მოხსნა).
მ: ანტენტოკუნმპო (24+15 მოხსნა+7 პასი), მიდლტონი (20), მონრო (18), სნელი (14).
სერია: 1-1

ბოსტონი-ჩიკაგო 97:111
26:31, 20:23, 29:32, 22:25
ბ: ტომასი (20), კრაუდერი (16), სმარტი (13+8 მოხსნა), ბრედლი (12), ოლინიკი (11+7 პასი), ჰორფორდი (7+11 მოხსნა).
ჩ: ბატლერი (22+8 მოხსნა+8 პასი), უეიდი (22), ლოპესი (18+8 მოხსნა), ციპზერი (16), მიროტიჩი (13+7 მოხსნა), რონდო (11+9 მოხსნა+14 პასი+5 ჩაჭრა).
სერია: 0-2

კლიპერსი-იუტა 99:91
29:18, 22:24, 28:28, 20:21
კ: გრიფინი (24), პოლი (21+10 პასი), ჯორდანი (18+15 მოხსნა), კროუფორდი (10).
ი: ჰეივორდი (20), ფეივორსი (13+7 მოხსნა), ჯონსონი (13), ჯორჯ ჰილი (12+7 მოხსნა), ჰუდი (10).
სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული