NBA. პლეი ოფი: "ვაშინგტონს" უოლი და ბილი მიათრევენ

AutoSharing Option
"ვაშინგტონმა" რთულ ბრძოლაში მოუგო "ატლანტას" მეორე მატჩი და 2:0 წაიყვანა სერიაში ანგარიში. სამი მეოთხედის შემდეგ, სტუმრები ოთხი ქულით იყვნენ წინ - 74:70, თან "ვაშინგტონის" სასტარტოს წევრებს - მარკიფ მორისსა და ოტო პორტერს ჯამში მხოლოდ შვიდი ქულა ჰქონდათ აღებული და ოთხ-ოთხი პერსონალურით იყვნენ დატვირთულნი.

ბრძოლა "ვაშინგტონის" ორ ლიდერს დააწვა კისერზე - ჯონ უოლმა და ბრედლი ბილმა, შესაბამისად, 32 და 31 ქულა დააგროვეს, საკუთარი გუნდის ბოლო 21 ქულა მათ ანგარიშზე იყო, ბილმა კი მეოთხე მეოთხედში ცხრიდან ექვსი ბურთი ჩააგდო და 16 ქულა
მიითვალა. არადა, ამ კალათბურთელმა წინა სამ მეოთხედში 18-დან მხოლოდ ექვსი ტყორცნა გამოიყენა. და სწორედ მის ანგარიშზე იყო გადამწყვეტი სამქულიანი სირენამდე 38 წამით ადრე.

"უიზარდსის" მხრიდან ასევე უნდა აღვნიშნოთ მარცინ გორტატის ორმაგი დუბლი და 5 დაფარება და ბრენდონ ჯენინგსის ზედიზედ რვა ქულა მეოთხე მეოთხედში, როცა ჯონ უოლი ისვენებდა.

"ატლანტა" დააღალატეს მისმა სნაიპერებმა - სტუმრებმა 20-დან მხოლოდ ოთხი სამქულიანი ჩააგდეს.

* * *
"ჰიუსტონისა" და "ოკლაჰომას" დაპირისპირებას, მეორენაირად, ჯეიმს ჰარდენისა და რასელ უესტბრუკის დუელს უწოდებენ. პირველი მატჩი "როკეტსმა" დამაჯერებლად მოიგო და ჰარდენმაც სტატისტიკურად აჯობა უესტბრუკს.

ამჯერად, რასელმა შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა და 51-ქულიანი სამმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ საჭირო დროს ვერ დაეხმარა თავის გუნდს - მეოთხე მეოთხედში 18-დან მხოლოდ ოთხი ტყორცნა მოათავსა კალათში.

"ოკლაჰომამ" ისე ჩაატარა პირველი ტაიმი და მესამე მეოთხედის პირველი ნახევარი, რომ დამაჯერებლად მიჰყავდა საქმე მოგებამდე. "თანდერი" თითქმის სულ ორნიშნა სხვაობით იყო წინ. სტუმრების უპირატესობა 15 ქულას აღწევდა, ხოლო "ჰიუსტონი" მეოთხე მეოთხედამდე ერთხელაც არ ყოფილა წინ.

მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა მესამე მეოთხედის ბოლოსკენ დაიწყეს, როცა 74:86-ზე 9:0 გაიქცნენ და ჰარდენმა ბაზერით სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა, ხოლო სირენამდე რვა წუთით ადრე, პირველად გავიდნენ მატჩში წინ. გადამწყვეტი დარტყმა "ოკლაჰომამ" მაშინ მიიღო, როცა 104:104-ზე ზედიზედ 10 ქულა გაუშვა, მართალია, ამას მოჰყვა სტუმრების მინი-გაქცევა - 7:1, მაგრამ "თანდერმა" თამაში მაინც ვერ გადაარჩინა.

"ოკლაჰომამ" 30-დან შვიდი სამქულიანი ჩააგდო. რეგულარული ჩემპიონატის მატჩებს თუ ჩავთვლით, "ჰიუსტონმა" ზედიზედ მეხუთედ მოუგო "თანდერს".

ვაშინგტონი-ატლანტა 109:101
23:24, 28:19, 23:35, 35:23
ვ: უოლი (32+9 პასი), ბილი (31), გორტატი (14+10 მოხსნა+5 დაფარება), ჯენინგსი (10).
ა: მილსეპი (27+10 მოხსნა), შრიოდერი (23+6 პასი), ჰარდუეი (19), პრინსი (12)
სერია 2:0

ჰიუსტონი-ოკლაჰომა 115:111
26:35, 36:33, 24:21, 29:22
ჰ: ჰარდენი (35+8 პასი), გორდონი (22), უილიამსი (21), ბევერლი (15), კაპელა (7+10 მოხსნა+4 დაფარება).
ო: უესტბრუკი (51+10 მოხსნა+13 პასი+4 ჩაჭრა), რობერსონი (12+8 მოხსნა), ოლადიპო (11+9 მოხსნა), მაკდერმოტი (11).
სერია: 2:0

გ. სტეიტი-პორტლენდი 110:81
33:17, 22:29, 28:12, 27:23
გ-ს: კარი (19+6 პასი), ტომპსონი (16), ფაჩულია (10), გრინი (6+12 მოხსნა+10 პასი).
პ: ჰარკლესი (15+8 მოხსნა), ლილარდი (12), მაკალუმი (11).
სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული