NBA: ჯონ უოლის გარეშე

AutoSharing Option
- "კლიპერსის" ცენტრმა დეანდრე ჯორდანმა "ჰიუსტონთან" გუშინდელ მატჩში შაკილ ო'ნილის რეკორდი დაამხო, რომელიც 15 წლის წინ იყო დამყარებული. კალიფორნიელთა ბიგმენმა შესვენებამდე 28 საჯარიმო შეასრულა და აქედან 10 იყო ზუსტი.

- თავისი რეკორდი დაამყარა "კლიპერსმაც". ის გახდა პირველი გუნდი 2001 წლის შემდეგ, რომელმაც პლეი ოფში ზედიზედ ორი მატჩი მოიგო მინიმუმ 25-ქულიანი სხვაობით. ბოლოს ასეთი მიღწევა "ლეიკერსს" ჰქონდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ გაანადგურა "სან ანტონიო".

- "გოლდენ სტეიტი", რომელიც აგებს "მემფისთან" სერიას, უახლოეს მატჩებს ფორვარდ მორის სპეიტსის გარეშე ჩაატარებს. კალათბურთელს მარჯვენა კოჭი აქვს
დაზიანებული.

- ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში მესამე ბაზერ-ბიტერი შეასრულა პლეი ოფის მატჩებში. მანამდე "მეფემ" ამ ხერხით დაამწუხრა "ორლანდო" (2009) და "ინდიანა" (2014). პლეი ოფში გამარჯვების ტყორცნებით "კლივლენდის" ფორვარდი მაიკლ ჯორდანს დაეწია.

- სხვათა შორის, ჯეიმსმა ისევ თქვა უარი მთავარი მწვრთნელის, დევიდ ბლატის გეგმით თამაშზე. "კავალიერზის" დამრიგებელს სურდა, რომ ბოლო შეტევაში ლებრონს შეეტანა ბურთი თამაშში. ჯეიმსმა გადახაზა ეს კომბინაცია და საკუთარი წესებით მოქმედება გადაწყვიტა: უბრალოდ, ბურთი მე მომეცით, ან ვითამაშებთ ოვერტაიმს, ან მე მოვიგებ ამ მატჩსო. შედეგი ყველამ იცის.

- არ არის გამორიცხული, "ვაშინგტონმა" პლეი ოფის დარჩენილი ნაწილი თავისი ლიდერის, ჯონ უოლის გარეშე ითამაშოს. ESPN-ის მიმომხილველმა კრის ბრუსარდმა "უიზარდსის" წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ დაწერა, რომ გუნდში არ აპირებენ, გარისკონ გამთამაშებლის ჯანმრთელობით, რადგან ისინი მომავალ სეზონებზე ფიქრობენ და არა ერთ კონკრეტულ მატჩზე ან სერიაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული