NBA. პლეი ოფი: "ატლანტა" არ ნებდება, "ტორონტო" წინ გავიდა

AutoSharing Option
სერიაში 0:2-დან ბრძოლაში დაბრუნება ძალიან რთულია. კიდევ უფრო რთულია ამის გაკეთება, თუ მეოთხე მატჩის დასაწყისში თამაში არ მისდის გუნდის ლიდერებს. მაგრამ, "ატლანტას" ასეთ სიტუაციაში ძალიან დაეხმარნენ ვეტერანები - ხოსე კალდერონი და დუაიტ ჰოვარდი, რომლებიც პირველ სამ მატჩში ჩრდილში იყვნენ.

"ჰოქსი" არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა პირველი მეოთხედის დამთავრებამდე ორწუთნახევრით ადრე, დენის შრიოდერმა მესამე პერსონალური მიიღო და უქულოდ დატოვა მოედანი. ამ დროს, ანგარიში იყო - 18:27. მაგრამ კალდერონის გამოჩენამ კარდინალურად შეცვალა თამაშის მსვლელობა და დიდი შესვენებისთვის მასპინძლები ცხრა ქულით გავიდნენ წინ.

მესამე
მეოთხედში, მიუხედავად იმისა, რომ შრიოდერმა, როგორც იქნა, რითმი დაიჭირა და ჩვეულ დონეზე ათამაშდა, "ვაშინგტონმა" შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მაგრამ, ბოლო მეოთხედში ტემპი აკრიფა პოლ მილსეპმაც, რომელიც ასევე ცუდად მოქმედებდა თამაშის სტარტზე. მისი დახმარებით, "ატლანტამ" გადამწყვეტი გაქცევა შეასრულა და თავიდან აიცილა ნერვული დასასრული. თუმცა, სწორი იქნება ეს წარმატება დავუკავშიროთ არა ცალკეულ კალათბურთელებს, არამედ, მთლიან გუნდს. "ჰოქსის" შვიდმა მოთამაშემ დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. ახლა, 111:101 მოგების შემდეგ, ბრძოლა სერიაში ფაქტობრივად თავიდან იწყება.

და მაინც, თამაშის გმირად შეიძლება ხოსე კალდერონი მივიჩნიოთ, რომლისგანაც ასეთ თამაშს არ ელოდნენ. "ატლანტამ" ესპანელი სეზონის მსვლელობისას აიყვანა, როცა ვეტერანი აღარ დასჭირდა "ლეიკერსს". გუშინ, 35 წლის გამთამაშებელი შესანიშნავად გაუმკლავდა შეტევების ორგანიზატორის როლს. შესაძლოა, მისი პირადი სტატისტიკა - 10 ქულა და 5 მოხსნა - განსაკუთრებული არ ყოფილა, მაგრამ იმ დროს, როცა კალდერონი მოედანზე იყო, "ჰოქსმა" მეტოქეს 29 ქულით მეტი ჩაუგდო.
კალდერონის გარდა, გაიბრწყინა დუაიტ ჰოვარდმა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა და 15 მოხსნა.

"ჰოქსი" უფრო ძლიერი იყო სამწამიან ზონაში - 44 ქულა 30 ქულის წინააღმდეგ.

* * *
"ტორონტოს" მთავარი მწვრთნელის დუეინ კეისის მიერ სასტარტო ხუთეულის შეცვლამ, ზედიზედ მეორე მატჩში კარგი შედეგი მოიტანა. ამჯერად, კანადელებმა უკვე პირველ მეოთხედში მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა. 17:0 გაქცევაში მთავარი მოქმედი პირები იყვნენ ნორმან პაუელი და სერჟ იბაკა. ამის წყალობით, პირველ შესვენებაზე სხვაობა 11 ქულა იყო.

ამის შემდეგაც, "რეპტორზი" გამარჯვებისკენ, ძირითადად, სასტარტოს მოთამაშეებს მიჰყავდათ, რომლებსაც გუნდური 118 ქულიდან 90 დააგროვეს. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ კაილ ლაური, რომელმაც ღირსეული წვლილი შეიტანა, ზურგის არეში ტკივილების მიუხედავად.

მეორე ტაიმში აღსანიშნავი მომენტი იყო გრეგ მონროსა და იონას ვალანჩუნასის ჩხუბი. მას შემდეგ, რაც ლიტველი კრის მიდლტონს ეუხეშა, მონროს იმდენად მოუნდა პარტნიორის გამო შურისძიება, რომ თავად დაზარალებულს უბიძგა ხელი, ვალანჩუნასამდე რომ მიეღწია. საბოლოოდ, ცენტრებმა ტექნიკური ჯარიმები მიიღეს. "ტორონტომ" დამაჯერებლად მოიგო - 118:93 და დაწინაურდა სერიაში 3:2.

"მილუოკის" დაცვა სრულიად უმწეო აღმოჩნდა და მეტოქეს თამაშიდან 57.7 პროცენტის სიზუსტით ასროლინა.

ტორონტო-მილუოკი 118:93
31:20, 26:28, 33:25, 28:20
ტ: პაუელი (25), იბაკა (19), დეროზანი (18+6 პასი), ლაური (16+10 პასი), კეროლი (12), ჯოზეფი (10).
მ: ანტენტოკუნმპო (30+9 მოხსნა), ბროგდონი (19), მონრო (11).
სერია: 3-2

ატლანტა-ვაშინგტონი 111:101
28:35, 31:15, 18:27, 34:24
ა: მილსეპი (19+9 მოხსნა+7 პასი), შრიოდერი (18), ჰოვარდი (16+15 მოხსნა), ბეიზმორი (16+7 პასი), ჰარდუეი (15), პრინსი (11+7 მოხსნა), კალდერონი (10).
ვ: ბილი (32), უოლი (22+10 პასი), პორტერი (13), ბოგდანოვიჩი (13), გორტატი (2+18 მოხსნა).
სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული